მიხეილ მაჭავარიანი: "2015 წელს ჩვენი პროდუქტის რუსეთში ექსპორტი ძალიან გაგვიჭირდება"

მიხეილ მაჭავარიანი: "2015 წელს ჩვენი პროდუქტის რუსეთში ექსპორტი ძალიან გაგვიჭირდება"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა დღეს ლარის გაუფასურების შესახებ ისაუბრა.


"ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და ორ ლარს მიაღწია. როგორც ჩანს ესეც არ არის მაქსიმუმი და ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში არც თქვენ და არც საზოგადოებას არ მოუსმეია არანაირი კონკრეტული გეგმა თუ როგორ მოხდებოდა საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება. თუმცა, ის რასაც უმრავლესობის წევრები გვთავაზობენ, რომ ეროვნულმა ბანკმა შეისყიდოს დოლარი, სულაც არ არის გაჯანსაღების გზა. მათ სამწუხაროდ არ ესმით რომ თუ ლარს ეკონომიკიდან ამოიღებ, ეკონომიკა შემცირდება.

ამას სჭირდება ინვესტიციები, სამუშაო ადგილების შექმნა. და კიდევ ერთი რეფორმა, რომელიც ახლა აღმოჩნდა რომ იყო საკმაოდ გაუაზრებელი, ძალიან ბევრი ორგანიზაცია თბილისსშიც და რაიონებშიც წააწყდა იმ პრობლემას, რომ მას შემდეგ რაც ხაზინაში გაერთიანდა ყველა ანგარიში, იურიდიულ პირებს, მათ შორის უნივერსიტეტებს აეკრძალათ ანგარიშების გახსნა კომერციულ ბანკებში, და ყველაფერმა ხაზინაში მოიყარა თავი.

იმის გამო რომ ერთი, ფული არ არის ხაზინაში და მეორე, ვერ მოაწესრიგეს ეს პრობლემა ბევრ საბიუჯეტო ორგანიზაციას დღესაც, 28-ში არ მიუღია ხელფასი. როგორც ჩანს აქ საქმე გვაქვს პრობლემებთან რომელიც დაკავშირებულია ფინანსთა სამინისტროს გაუმართავ მუშაობასთან, იმასთან რომ ამ ხალხს არ აქვთ არც გეგმა, არც პროგრამა და არც ცოდნა როგორ მოუარონ ამ პრობლემებს.

პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ლარის გაუფასურებასთან, პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია უმუშევრობასთან, პრობლემები, და არაინაირ გეგმა ჩვენს მთავრობას არ აქვს წარმოდგენილი მათ გადასაჭრელად, გარდა იმისა რომ შეიკრიბონ შეიყუჟონ კაბინეტებში და ილაპარაკონ. შევახსენებთ ჩვენს მთავრობას, რომ კარტოფილის ეკონომიკიდან უნდა გამოვიდნენ და რეალურ ეკონომიკას მიხედონ. მიხედონ ინვესტიციებს, რადგან 2015 წელს ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი პროდუქტის ექსპორტი რუსეთში.

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება მხოლოდ ხელმოწერა ჰგონიათ და იმასაც არ აკეთებენ რომ რაღაც ტიპის პროდუქციაზე, თუნდაც ღვინოზე გახსნან ევროპის ბაზარი. ამიტომ პრობლემა არის სერიოზული, ხელფასები პრობლემატურია, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში, რომლის გახსენებაც ძალიან უყვართ, არ ყოფილა. თუ ეს ასე გაგარძელდა პრობლემები ეკონომიკაში გაგრძელდება და ყველაზე მეტად დაზარალდებიან ის ადამიანები რომელთაც არც გუშინ და არც გუშინწინ არ ჰქონდა იმის საშუალება რომ თავი შეენახა." - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: