ჰამლეტ ჭიპაშვილი: ჟვანიას მკვლელობის აჟიტირებით ხელისუფლება საკუთარი შეცდომის თუ დანაშაულის გადაფარვას ცდილობს!
„ივერიონს“ ესაუბრება პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი.
- ბატონო ჰამლეტ, რას იტყვით FBI-ის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა?
- ვერ გეტყვით რამდენად სარწმუნოა ეს დასკვნა. ბოლო პერიოდში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ძნელი სათქმელია.
ერთი მხარე ამბობს, რომ ეს დასკვნაა მართალი, მეორე მხარე საპირისპიროს აცხადებს! ეს მეტყველებს იმაზე, რომ გამოძიება არ ჩატარებულა და არ ტარდება ისე, როგორც საჭიროა...
ფაქტი ერთია: არავის აწყობს სინამდვილის დადგენა - რა პირობებში გარდაიცვალა, ან მოკლეს (როგორც აცხადებენ) ზურაბ ჟვანია.
სასაცილოა, როდესაც ჟვანიას საქმე ისეთივე ბურუსით არის მოცული, როგორც კენედის მკვლელობა. ჩვენი საზოგადოება სერიოზულად ვერასდროს ვერ მიიღებს პასუხს, რაც მოხდა! მე არვითარი საფუძველი არ გამაჩნია ვენდო ამ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა. საერთოდ ასეთი დასკვნებით საქმე არ კეთდება.
სააკაშვილის ხელისუფლების დროს შეუძლებელი იყო ამის გაკეთება. მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლებაც წინა ხელისუფლების იდენტურია და არა მგონია, რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას, რაც ამ საქმის სრულფასოვან გამოძიებას შეუწყობს ხელს.
- ბატონო ჰამლეტ, გუშინ გოგლა ჟვანიამ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების მხრიდან ხდება გაუკუღმარებული სექსუალური აქტის ინსცენირება. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?
- „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ვერსიით აქვს სრული შანსი, გაამართლონ თავისი ვერსია. სპეკტაკლების დადგმაში ბადალი არ ჰყავდა სააკაშვილის ხელისუფლებას და გოგლა ჟვანიას განცხადებები ჩემთვის სრულიად გასაგებია. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სწორად. ჩემის აზრით, საერთოდ არ უნდა იყოს ამ საკითხზე საუბარი, რომლითაც სხვადასხვა ჯგუფები მანიპულირებენ - გამოძიებამ უნდა იმუშაოს: დადოს მასალები, ამდენი ხნის განმავლობაშიც უნდა დაედოთ ეს მასალები და ამის შემდეგ თუ ვინმეს გაუჩნდებოდა კითხვები, მერე დაესვათ. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და გარედან ახვევია ამა თუ იმ ჯგუფების სურვილები და რეზულტატი, თუ რა მოხდა რელურად, აქედან გამომდინარე, გამოძიება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ობიექტური!!!
- ძაძამია და ხარშილაძე აცხადებენ, რომ ძალიან ბევრ სკანდალურ დეტალს იტყვიან სასამართლო პროცესზე. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?
- ამას წინათ ეგრეთწოდებულმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ ეს მკვლელობა ჩადენილია კახეთში და მერეა ჩამოტანილი თბილისში. ძალიან ბევრი ახალი „ვერსიებიც“ გამოჩნდება, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს არასწორად.
სამწუხაროდ, ეს თემა გადაიქცა შოუდ. ჟვანიას მკვლელობის წამოწევა ხდება მაშინ, როცა საზოგადოებაში უამრავი საკითხია, რომელიც ეხება უკიდურესად მძიმე სოციალურ პრობლემებს და როცა პოლიტიკური სიტუაცია ჩიხში შედის, ეს არის ელემენტარული მანიპულირება და მეტი არაფერი. ფაქტიურად ჟვანიას საქმე გადაიქცა შოუდ ხელისუფლებისა და გარკვეული ძალების მხრიდან - არადა, ისინი პირდაპირ ვალდებულნი არიან ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამოსწორებაზე იზრუნონ, ამ თემით კი ცდილობენ ყველაფრის გადაფარვას!
ესაუბრა გიორგი მოსიაშვილი