გიორგი მარგველაშვილი:ქალები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციონირებაში!

გიორგი მარგველაშვილი:ქალები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციონირებაში!

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში ქალთა  როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ "კარგი იქნება, რომ  საქართველოს მე5 პრეზიდენტი ქალი იქნება, მის შესახებ მარგველაშვილმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე მაღალი დონის შეხვედრა მიმდინარეობს.

 

"ჩვენ დღეს ვაგრძელებთ იმ პროცესს, რომელშიც დიდი ხანია აქტიურად ვმონაწილეობთ. პროცესის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: ქართულ სახელმწიფო სისტემაში, ქართულ რეალობაში ბევრად მეტი ქალი უნდა იყოს ჩართული მაღალ თანამდებობებზე. დღევანდელი წარმომადგენლობით შეხვედრა მიქმნის იმის განცდას, რომ ამაზე საქართველოში მნიშვნელოვანი კონსენსუნსი შემდგარია. რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია ამ პროცესში, რომლის გამოყოფაც და ხაზგასმაც მინდა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ერთი რამ - ის, რომ ქალები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციონირებაში, ის, რომ მეტი ქალი უნდა იყოს წარმომადგენლობით ორგანოებში, ისევე როგორც აღმასრულებელ სისტემაში, ეს ჭეშმარიტება ჩვენ არ გამოგვიგონია. არის ჭეშმარიტებები, არის ცოდნა, რომლითაც კაცობრიობა უკვე მდიდარია და ამ ცოდნის, ამ მონაცემების და კვლევის საფუძველზე ჩვენ ნათლად ვხედავთ სურათს, რომ ქვეყნებში სადაც ქალთა მონაწილეობა მაღალია, ბევრად უფრო სტაბილური, კონკრეტულ მიზნებზე, მათ კვალიფიციურ გადაწყვეტაზე ორიენტირებული პოლიტიკაა და ეს არის ფაქტობრივი რეალობა, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები. ჯერ კიდევ არ გვაქვს ის სტატისტიკური დონე, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და განაპირობებდა უფრო აქტიურ, უფრო მშვიდობიან და უფრო მომავალზე ორიენტირებულ განვითარებას. განვითარებული ქვეყნების მმართველობით სისტემებში ქალების წარმოდგენა 40 პროცენტამდეა. სავარაუდოდ, ეს რიცხვი ჩვენთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი და ამ პროცენტული მაჩვენებლისკენ დინამიკურად უნდა მივისწრაფვოდეთ. იმისთვის, რომ რეალურად მივიდეთ ამ დონემდე, ჩვენ უნდა შემოვიღოთ კვოტირების სისტემა. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულებებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის რომ ამ მიმართულებით ნაბიჯი უნდა გადაიდგას და ეს აისახოს მომავალ არჩვენებზე, ამაში ვარ დარწმუნებული და მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტს, საზოგადოებას აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. მე იმისიც მჯერა, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, კარგი იქნება, რომ ქალი იყოს და ამ მიმართულებითაც კარგი იქნება, ერთად გადავდგათ ნაბიჯები", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: