რა „ტალახში“ ამოიგანგლა ხელისუფლება და რატომ უნდა დაემშვიდობოს მინისტრის სავარძელს თამარ სანიკიძე?!
ხშირად იმეორებენ, რომ ივანიშვილს არჩევნები ციხის კადრებმა მოაგებინა - იმდენად ამაზრზენი იყო იმ კადრების გასაჯაროება, რაც „ნაციონალურ“ ციხეებში ხდებოდა, საზოგადოებას უკვე შიშის სინდრომიც გაუქრა და უარი უთხრა ნაცხელისუფლებას!
სამწუხაროდ, ეს უარი საბოლოო არ აღმოჩნდა და კოჰაბიტაციით თუ დღევანდელი ხელისუფლების უნიათობით გათამამებული ნაცზონდერები ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებით იმუქრებიან. ამ დაბრუნებაში არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ დღევანდელი მთავრობის „სახლში გაშვება“იგულისხმება, რა მეთოდებითაც არ უნდა მოუწიოთ მათ ამის გაკეთება.
ბოლო რამდენიმე თვეა საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ „ნაციონალები“ რევანშისთვის ემზადებიან. ამისთვის მათ 21 მარტი შეარჩიეს - მზის სრულად დავ]ბნელების მეორე დღე. ზოგადად „ნაციონალებს“ ახასიათებთ საკრალური ციფრების შერჩევა და გეგმაზომიერი დამთხვევა. უნდა ვივარაუდოთ, რომ 21 მარტიც საგანგებოდაა შერჩეული და ბუნებრივ ცვლილებებს (კატაკლიზმებს) ხელოვნური ცვლილებები უნდათ დაამთხვიონ.
იმაზე კამათი, „ნაციონალები“ ათიათასობით მომხრეს მოუყრიან თუ არა თავს რუსთაველზე, ალბათ უნაყოფოა, რადგან პრობლემა არა ნაცმომხრეთა რაოდენობაში, არამედ იმ განწყობაშია, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ გაუჩნდა.
უკმაყოფილო საზოგადოება დღეს სერიოზული დილემის წინაშეა - არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ არც „ნაციონალების“ დაბრუნების მომხრეა. სწორედ ეს კოზირი უჭირავს ხელში „ქართულ ოცნებას“, რომელიც ერთი შეხედვით თავს არხეინად გრძნობს და 21 მარტს უწესრიგობის აღკვეთით იმუქრება.
წინასწარ ძნელია პროგნოზირება, რა სახის უწესრიგობასთან გვექნება საქმე და არიან თუ არა მზად დღევანდელი სამართალდამცავი სტრუქტურები ამის აღსაკვეთად, მაგრამ ის, რაც სამეგრელოში მოხდა, უზნეობის ყოველგვარ ზღვარს სცილდება!
არ ვიცი, ვის ტვინში მომწიფდა ასეთი უკიდურესობამდე დასული „ნოვაცია“, მაგრამ სკოლის მოსწავლეებს ის ამაზრზენი კადრები რომ არ უნდა ანახო, მტკიცებას არ საჭიროებს!
რა თქვა ამით მავანმა და მავანმა? ისედაც დამძიმებული აგრესიული ფონი კიდევ უფრო დაამძიმა და მოზარდი თაობა სისასტიკისა და არაადამიანურობის მორევში ჩაძირა. ცხადია, ეს ყველაფერი შეგნებულად გაკეთდა და შორსგამიზნულ შედეგზეა გათვლილი, მაგრამ მე უფრო სხვა კითხვა მიჩნდება: ვინ შეიძლება იდგეს ამ შემზარავი ინიციატივის უკან - დღევანდელი ხელისუფლება (ეს მარტო რესურსცენტრების და სკოლის მესვეურების ინიციატივით რომ არ მოხდებოდა ცხადია, არც განათლების სამინისტრო აიღებდა თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას), თუ ხელისუფლებაში ჩანერგილი და გადაპორტირებული „ნაცშპანები“, რომლებმაც ამით „ქართული ოცნების“ ნამდვილი სახე გამოაჩინეს?!
მართალია, „ნაციონალების“ მიერ ჩადენილი სისასტიკე ყოველგვარი ადამიანურობის ზღვარს სცილდება, მაგრამ მოზარდი თაობისთვის ამ საზარელი კადრების ჩვენება არანაკლები დანაშაულია. რა გვინდა ამით ვთქვათ? კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას „ნაციონალური“ კოშმარი და ისინი „ნაციონალების“ წინააღმდეგ განვაწყოთ?!
ცუდი „პროექტია“ ბატონებო! იმდენად ცუდი, რომ ამ ტალახს ვერ მოიწმენდთ! აწი თქვენ არკვიეთ, ვის შეეძლო დაეგეგმა ეს პროვოკაცია, მაგრამ მანამდე თამარ სანიკიძე უნდა დაემშვიდობოს მონისტრის სავარძელს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავის სისტემაში ვერ აკონტროლებს სიტუაციას.
ისე, კიდევ ასეთ „უნებლიე“ შეცდომებს თუ დაუშვებთ, „ნაციონალებს“ მართლაც მოგვანატრებთ. ეტყობა, არ არის ხალხი ისეთი „ბრძენი“, თორემ ამდენს არც თქვენ მოგითმენდათ!
ანდრია ლისაშვილი