ზაქარია ქუცნაშვილი:ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით მმართველ კოალიციაში ერთიანი პოზიცია არ არსებობს!
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს, "ქართული ოცნების" ფრაქციის დახურულ სხდომაზე მოუსმინეს.
როგორც უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, განსჯისთვის დიდი ინფორმაცია მიიღეს და გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული დრო სჭირდებათ.
"საკმაოდ მწვავე შეკითხვები დაისვა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ამომწურავი პასუხები მივიღეთ. ამ ყველაფრის შეჯერებისთვის დროა საჭირო", - განაცხადა ვოლსკიმ.
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით კი "ქართულ ოცნებაში " უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ, ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ არსებობს.
"ერთსულოვანი გადაწყვეტილება რომ არსეობობდეს, დღეს, ფრაქცია შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დაასრულებდა სხდომას. მე მგონი ფრაქციის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ფრაქციას კიდევ სჭირდება დრო, რათა ამ საკითხზე პოზიციები შეჯერდეს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
უმრავლესობის წევრის თქმით, პარლამენტის წევრები საკანონმდებლო ორგანოში ქართველ ხალხს წარმოადგენენ და თავიანთ გადაწყვეტილებებში თავისუფლები არიან.
"მე არასდროს არც მიკადრია და არც ვიკადრებ, რომ ვიღაცას მოვუწოდო ქალბატონი ნინოს კანდიდატურის მხარდაჭერისკენ, ან პირიქით, მისი კანდიდატურის ჩაგდებისაკენ", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ზაქარია ქუცნაშვილიც იყო წარდგენილი.