გია ხუხაშვილი: "ნაციონალურ მოძრაობას" შსს-ში თავისი აგენტურა კიდევ ჰყავს და ყველანაირად ცდილობს , ხელისუფლებას კომპრომატები აუფრიალოს"
"ივერიონს" ექსპერტი გია ხუხაშვილი სამაჩაბლოს საქართველოსთვის შემოერთების მისეულ ვარიანტზე, შსს-ში "ნაციონალურ" აგენტურასა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილ ერთ სიკეთეზე ესაუბრა.
-ბატონო გია, რუსეთმა, ბოლოს და ბოლოს, დაისაკუთრა თუ არა სამაჩაბლო?
-დღევანდელი რეალობა ასეთია - ამ პრობლემის მოგვარების პერსპექტივა არ ჩანს, თუმცა იმის თქმაც არ შეიძლება, რომ სამაჩაბლო სამუდამოდ დავკარგეთ. ამგვარ რეალობას ისე უნდა შევხედოთ, როგორც სამყაროს განვითარების დინამიკას -21-ე საუკუნის მსოფლიოში საზღვრების საკითხი პირობითია, რადგან ხალხები იმ არეალში ცხოვრებას ცდილობენ, სადაც ხელსაყრელი პირობებია.
გამოსავალი ასეთია: პირველი, ჩვენ და ოსები უნდა დავრწმუნდეთ, რომ უერთმანეთოდ პროგრესი არ გვექნება, აქედან გამომდინარე, ერთმანეთის ნდობა უნდა აღვიდგინოთ. მეორე, ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ოსებს, ისევე, როგორც აფხაზებს, რომ აქ მეტი კეთილდღეობა და თავისუფლებაა. თაობები იცვლებიან და ადამიანები ეძებენ ისეთ სივრცეში ინტეგრაციას, სადაც პიროვნული თუ სხვა ამგვარი სიკეთე ბევრია. თუ ჩვენ ვიქნებით ასეთი ქვეყანა, ოსები და აფხაზები თვითონ დაგვიბრუნდებიან.
-კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის ფაქტზე შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი სამსახუიდან გაათსავისუფლეს . არის თუ არა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლისა და, ზოგადად, როგორ უნდა ისჯებოდეს სახელმწიფო საიდუმლოების გამცემი და მიმღები პირი?
-არ ვიცი, კანონი რას იტყვის, რადგან გასარკვევია, იყო თუ არა ეს საიდუმლო ინფორმაცია. "ნაციონალურ მოძრაობას" შსს-ში კიდევ ჰყავს თავისი აგენტურა და ყოველმხრივ ცდილობს, ხელისუფლების მაკომპრომატირებელი ფაქტები მოძებნოს და თვალწინ აუფრიალოს. ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომელიც შსს-ში გამოვლინდა ცუდია, მეორე მხრივ, რაოდენ პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, კარგია, რასაც ამ მხრივ "ნაციონალურ მოძრაობა" აკეთებს, რადგან ამ სისტემაში დანაშაულის ჩადენას მოერიდებიან, როცა ასეთი (გულისხმობს "ნაციონალურ მოძრაობას") ოპონენტი ჰყავთ. ისე, აქ არაფერია ასახმაურებელი, რადგან ასეთი ინფორმაციის მიღებას მსოფლიოში ყველა ოპოზიციური პარტია ცდილობს, რა თქმა უნდა, ის სახელმწიფო საიდუმლოებას თუ არ წარმოადგენს.
ესაუბრა ია ჯღარკავა