ლია რუსიაშვილი: ქრისტიანი ვალდებულია მწვალებლებს განეშოროს, თორემ ქრისტე თავად განშორდება მას!
თანამედროვეობის თუნდაც ზედაპირული დაკვირვებიდან გამომდინარე ბუნებრივად იბადება კითხვა: - განიცდის თუ არა დღევანდელი ოფიციალური ეკლესია პოლიტიკურ ზეგავლენას? თუ ვიტყვით - არაო, მაშ რანაირად იქნა კონსტიტუციურად მიღებული საპატროარქოს თანხმობით, გნებავთ, დათმობით (მაშინ, როდესაც ხალხი ითხოვდა-სამღვდელოებამ მხოლოდ დაგვიძახოს და ქუდზე კაცი გამოვალთო!) მთელი რიგი ანტიეროვნული კანონები - დაწყებული რელიგიურ უმცირესობათა სტატუსიდან, დამთავრებული ანტიდისკრიმინაციული კანონით?!
იქნებ, დროა თვალი გავუსწოროთ რეალობას და ვაღიაროთ, რომ დღესდღეობით ოფიციალური ეკლესია ამა სოფლის ძლიერთა გავლენას ემორჩილება!!! გასაგებია, რომ გლობალიზაციის საცეცები უფრო და უფრო მჭიდროდ ეჭდობა კაცობრიობას, რისი ერთ-ერთი დამადასტურებელიცაა ამ უკანასკნელის თვალსა და ხელს შუა გაუცხოება ქრისტიანობისგან - როგორც თეოლოგიური, ისე ზნეობრივი თვალსაზრისით.
ისიც ფაქტია, რომ დედამიწაზე დღითიდღე ცოტავდებიან ქრისტეს მეომრები და ზნეობრივ ღირებულებათა დამცველები, რადგან სწორედაც რომ ამას ისახავს მიზნად ახალი მსოფლიო წესრიგი - მან უკვე ამოაგდო ადამიანთა ცნობიერებიდან ცნებები -„სამშობლო“, „ეროვნება“, „ტრადიციები“ და შესაბამისად, ადამიანებშიც თანდათან ქრება და ინავლება „ენა-მამული-სარწმუნოების“ დაკარგვის შიშიც...ამას, მარტივი ენით, კოსმოპოლიტი, ანუ ახალი მსოფლიო მოქალაქეების ჩამოყალიბება ჰქვია!
მართლაცდა, გლობალიზმის გეგმის მიხედვით კაცობრიობა ერთ რასად უნდა გარდაიქმნას, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ერთი პოლიტიკური ცენტრის შექმნა და შესაბამისად- სათავეში ერთი მმართველის - მეფე-პატრიარქის დასმა, რომელიც, ამავდროულად ყველა რელიგიის ლიდერიც იქნება . ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ გეგმის მიღმა მომავალი ანტიქრისტეს მსახურები მუშაობენ...
ეს საბედისწერო პროცესი ეკლესიებში უკვე მიმდინარეობს , რისი დამადასტურებელი ფაქტიცაა მწვალებლობის დონის ეკლესიური დარღვევების „გაპრავება“ მოდერნისტი ქრისტიანებისგან „სიყვარულის და ძმობის“ ლოზუნგით. ხოლო, თუკი ასეთი „გაპრავება“ შეუძლებელია რჯულისკანონისმიერი მხილების გამო, მაშინ ისინი ცდილობენ დაგვარწუნონ, რომ საჭიროა „გადაფასდეს ბევრი ძველი სწავლება და კანონი“ და შესაბამისად, ვაღიაროთ, რომ ვთქვათ, ეკუმენისტურ საბჭოში შემავალ ეკლესიებთან ევქარისტული კავშირი არ ნიშნავს ჩვენი ეკლესიის მათთან თანაზიარობას... უფრო ლიბერალი მოდერნისტები კი - ერეტიკოსებთან თანაზიარობისკენ უკვე აშკარად მიაქანებენ ეკლესიას!
არადა, მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ევქარისტულ ერთობას მაშინ აქვს გამართლება, როდესაც ეს ერთობა დაფუძნებულია ქრისტეს ეკლესიის დოგმატურ და, „დიდი რჯულისკანონიკურ“ უცდომელობაზე. ხოლო, როდესაც მთელი რიგი ქვეყნების საპატრიარქოები მწვალებლებთან ერთობას აღარ მალავენ და მეტიც, უკვე მათთან გაერთიანებისკენ ისწრაფვიან - განა ასე ძნელია მიხვედრა, რომ ისინი უკვე აღარ შეადგენენ ქრისტეს ეკლესიის ნაწილს და შესაბამისად, მათთან ევქარისტული კავშირიც დამღუპველია?! ნუთუ, მოდერნისტების ამყოლები თვალებს იხვევენ, თუ მართლა არ სმენიათ თანამედროვე ეპისკოპოსები როგორ მიდიან მწვალებლებთან აშკარა შეთანხმებაზე, ხოლო მათ რიტუალებს „მადლმოსილად“ აღიარებენ?!
ტყუილად იმშვიდებს მრევლის გარკვეული ნაწილი თავს იმით, რომ „სანამ მრწამსი და დოგმატიკა ხელშეუხებელია, მანამდე ეკლესიას მადლი არ განეშორებაო“... საინტერესოა, იქვე რატომ აღარ ახსენდებათ სარმიანე კათალიკოსის ამბავი, რომელსაც არც მრწამსი დაურღვევია, არც დოგმატიკა შეუცვლია, პირიქით, დიდი უფლისმიერი მოღვაწეც გახლდათ, მაგრამ გამოუკითხველად მწვალებლის ზიარების გამო ქრისტე ღმერთმა იგი სამღვდლო შესამოსელისგან განძარცვა და მხოლოდ დიდი სინანულის შემდეგ, იმქვეყნიურ და ამქვეყნიურ ეპისკოპოსთა მხურვალე ვედრებით დაუბრუნა ეს პატივი?!
იქნებ მოდერნისტებმა ისიც იკადრონ (მათგან არ გამიკვირდება...) რომ ამგვარ სინანულს ამჩნევენ ბართოლომეოსსაც, რომელიც სინამდვილეში, სახეგაბადრული აღავლენს ლიტურღიას კათოლიკეებთან და „ძმურად“ იკრავს გულში მწვალებლებს?! რატომ არ ხედავენ, რომ რჯულისკანონისმიერად, იგი უხილავად განკვეთილია სამღვდლო პატივისგან და რადგან განკვეთილია, შესაბამისად, მასთან ევქარისტიული კავშირიც ნიშნავს მისი ერეტიკოსობისადმი თანაზიარობას?!
ხოლო, თუ იტყვიან სარმიანე კათალიკოსზე - მართალია მას სამღვდელო შესამოსელი წაერთვა უფლისგან, მაგრამ ამით ეკლესიიდან მადლი არ გასულაო, განა რა ძნელი მისახვედრია, რომ იგი იმ დროში ერთი და გამონაკლისი იყო, ხოლო, დღესდღეობით, როცა იერარქთა უმრავლესობა ცდომილებაშია იმით, რომ გარეგნულად არც მრწამსი შეუცვლიათ, არც დოგმატი, მაგრამ „ძმური სიყვარულით“ ერთიანდება ლოცვითი კავშირით, ანუ ევქარისტულად, მწვალებლებთან -მადლი დიახაც რომ გარდაუვალად დატოვებს ეკლესიას და ქრისტეს საკურთხეველი მცირეოდენ მართალ ღვთისმსახურებთან ერთად კატაკომბებში გადაინაცვლებს?
და თუ ახლა იმას მოებღაუჭებიან, რომ „ემს-დან გამოვედით 1997 წელს და მას შემდეგ ეკუმენიზმთან ჩვენს ეკლესიას შეხება აღარ ჰქონიაო“, მაშინ როგორ ახსნიან არაერთ და თუნდაც ამ ფაქტს?
-2001 წლის დეკემბერში ქ. ბრიუსელში, ევროკავშირის თავმჯდომარის და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ინიციატივით ჩატარდა რელიგიათაშორისი კონფერენცია, სადაც ქრისტიანობის, ისლამის და იუდაიზმის სულიერი მამები შეთანხმდნენ კვლავაც გააგრძელონ მეთოდური თანამშრომლობა. ხელმოწერილ იქნა დოკუმენტი, რომელშიც ვკითხულობთ: “ყველა რელიგია ვალდებულია შეასრულოს ურთიერთთანამშრომლობისა და პოლითეიზმის პირობები”. ხელმომწერთა შორის, რაბინების, ხოჯების, კარდინალების, პასტორების გვერდით საქართველოს პატრიარქის ილია II ხელმოწერაცაა.
ბუნებრივად იბადება კითხვა - როგორ აპირებს მართლმადიდებელი პატრიარქი პოლითეიზმის (მრავალღმერთიანობის) პირობათა შესრულებას? ამგვარი, „ურთიერთთანამშრომლობითი“ ფაქტები (რომლებსაც, კატეგორიულად განემიჯნებოდნენ წმინდა მამები და ამას მოწამეობრივი ცხოვრებით ადასტურებდნენ) რომ ბლომად მოეპოვება საპატრიარქოს, იმედია, არ (ვერ) უარყოფთ. . არადა, რას ბრძანებენ წმინდა მამები ამგვარ „ურთიერთთანამშრომლობაზე“?
წმ. იოანე ოქროპირი: - “მრავალგზის გამცნებთ უღვთო ერეტიკოსთა შესახებ, საყვარელნო და კვლავაც გევედრებით, ნურაფერი გექნებათ ერეტიკოსებთან საერთო: ნურც ტრაპეზი, ნურც მეგობრობა, და სიყვარული. ვინც ასე არ იქცევა, უცხო ექმნება ქრისტეს ეკლესიას. ანგელოზებრივი სიწმინდითაც რომ ცხოვრობდეს ვინმე და სიყვარულის და მეგობრობის საკვრელით იყოს შეკრული ერეტიკოსებთან – უცხოა იგი ჩვენი უფლის იესო ქრისტესათვის... რამეთუ უფალი თავად ბრძანებს: “რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი არს ჩემი” (მათე 12 – 30).
წმ. თეოდორე სტუდიელი -„არავითარი ურთიერთობა არ გქონდეთ მწვალებლებთან, არავინ მოიხსენიოთ მათგან, ან ვინც მათ აზრებს იზიარებს, რამეთუ დიდმა ოქროპირმა ხმამაღლა ყველას გასაგონად გამოაცხადა ღმერთის მტრებად არა მარტო მწვალებლები, არამედ მათთან ურთიერთობის მქონენიც“.
წმ.ეფრემ ასური: -„მწვალებლებს არასოდეს დაუმეგობრდეთ, ნუ დასხდებით საჭმელად მათთან ერთად, ნუ იქნებით მათი თანამგზავრნი, არც მათ სახლებსა და თავყრილობებში შეხვიდეთ, რამეთუ მწვალებლებს ყველაფერი უწმიდური აქვთ”.
წმ. ბასილი დიდი - "თუკი ვინმე იქადის სრულყოფილად ვაღიარებო მართლმადიდებელ სარწმუნოებას, თვითონ კი თანაზიარობაშია იმათთან ვინც ეწინააღმდეგება თავისი სწავლებით მართლმადიდებლობას, ჩვენ არათუ არავითარი ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს ასეთებთან, არამედ ძმადაც აღარ უნდა მივიჩნევდეთ ასეთ ადამიანს.“
და ამის შემდეგ, მოდერნისტები აცხადებენ , რომ ამგვარი მოვლენების დაგმობას და მათგან განმიჯვნის მოთხოვნას, თურმე, ჯოჯოხეთისკენ მივყავართ, რადგან, თურმე, ეს „განხეთქილებას გამოიწვევს“!!!
დიახ, განხეთქილებას გამოიწვევს, მაგრამ ვისთან? - ერეტიკოსებთან? შესაბამისად, დაე, სახარებისეული სწავლებით, მკვდარი მკვდრებმა დამარხონ!
თუ არადა, რას მივიღებთ? გამოდის, რომ მოდერნისტების ახალი „სწავლებით“, სამოთხისკენ მივყავართ ერეტიკოსებთან „ ძმური სიყვარულით“ ერთობას... და - ამას ჰქვია მებრძოლი ეკლესია?! და - ეს გზა რეალურად, ჯოჯოხეთისკენ არ მიდის?
სხვათა შორის, მახსენდება, 2013 წელს გავრცელებული ინფორმაცია - რომის პაპმა, გარეგინმა, ბართოლომეოსმა და იერუსალიმის პატრიარქმა ერთად ილოცეს ბეთლემში, რის შემდეგადაც მალე იქ ხანძარი გაჩნდა და სიწმინდეები დაიწვაო. დავტოვებ ამასაც უკომენტაროდ! ადრე თუ გვიან ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა რომ შეწყდება იერუსალიმში, საინტერესოა, რას დააბრალებენ?
დასკვნისთვის: - ვამბობ მოდერნისტს და ვგულისხმობ იმ კონსერვატორ მართლმადიდებლებს, რომლებიც თავადვე ვერ იტანენ მოდერნისტებს, მაგრამ ზუსტად მათსავით იქცევიან -„ აპრავებენ“ რჯულისკანონის დარღვევის ფაქტებს და შიშობენ, რომ თუკი რჯულისკანონის მიხედვით დაუპირისპირდებიან საკუთარ იერარქებს, მაშინ ეს გამოიწვევს სქიზმას...
მათ გასაგონად განვაცხადებ: ქრისტიანი ვალდებულია დაემორჩილოს პირადი ცოდვებით დამძიმებულ იერარქს, მაგრამ თუ იგი რელიგიურ ურთიერთობაში შედის მწვალებლებთან (მათთან ერთად ფსალმუნებს, ანთებს სანთელს და ა. შ), მაშინ ქრისტიანი ვალდებულია განეშოროს, თორემ ქრისტე თავად განშორდება მას - აი, ამას გვასწავლიან საეკლესიო კანონები.
ხოლო, თუ მოდერნისტები და ძველი წმიდა მამების სწავლებათა უარმყოფლები არ ცნობთ და არ ემორჩილებით საეკლესიო კანონებს, თუ არ გსურთ ქრისტესმტყუვრებთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა და „საშიშად“ მიიჩნევთ ამგვარ აუცილებლობას - ეს უკვე ერის და ბერის პირადი არჩევანი, მეტიც, ქრისტეს ეკლესიიდან უხილავად განვარდნის ტრაგედიაა, რაც, დღითიდღე თვალნათლივ აისახება საქართველოს სულიერ და მატერიალურ მდგომარეობაზე.