ირაკლი ღარიბაშვილი: არ მაინტერესებს, რას ფიქრობს სააკაშვილი, მინაშვილი, წიკლაური!
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "როიტერის" ჯურნალისთის კითხვის "თუ რა სარგებელი მოუტანა საქართველოს რუსეთთან დათმობის პოლიტიკამ" საპასუხოდ განაცხადა: ჩემთვის არ არის საინტერესო, რას ფიქრობს სააკაშვილი, მინაშვილი ან წიკლაური."
როგორც პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთთან მიმართებაში განხორციელებული ახალი მიდგომის მთავარი სარგებელი არის ის, რომ ხელისუფლების "გონივრულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო უსაფრთხოების გაძლიერებას".
"2 წლის წინ ჩვენს წინა მთავრობას ჰქონდა აბსოლუტურად რადიკალური, გაუაზრებელი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, მათმა წინდაუხედაობამ და გაუაზრებელმა მოქმედებებმა თავიდან ვერ აგვაცილებინა აგვისტოს ომი. მე მიმაჩნია, რომ ამის აცილება შეიძლებოდა სწორი პოლიტიკით.
ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში, ამ ახალი მიდგომის შედეგად, მოვახდინეთ დეესკალაცია, შევძელით ის, რომ ბაზარი გავხსენით. ექსპორტი გაიზარდა 462 პროცენტით. კომპანია "ბორჯომს" 400-პროცენტიანი სუფთა მოგება ჰქონდა 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით. ეს ყველაფერი აისახა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯიბეზე, მათ კეთილდღეობაზე.
სარგებელია ასევე ის, რომ ძალიან ბევრი პროდუქცია გადის რუსეთის ბაზარზე და ჩვენს მოსახლეობას აქვს საშუალება, გაყიდოს საკუთარი ხელით მოყვანილი სხვადასხვა პროდუქცია.
ჩვენმა გონივრულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო უსაფრთხოების გაძლიერებას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონში.
მე არ მაინტერესებს, რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი, აკო მინაშვილი ან წიკლაური ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს ის, რომ ამერიკის პრეზიდენტს მოსწონდეს ჩვენი მიდგომა. მაინტერესებს ის, რომ გერმანიის კანცლერს მოსწონდეს ჩვენი მიდგომა. მაინტერესებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მოსწონდეს ჩვენი მიდგომა. მაინტერესებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი გვიჭერდეს მხარს. ეს არის ჩემთვის საინტერესო, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენი ხალხი იყოს დამშვიდებული, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი კონფლიქტი, კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია.
სააკაშვილი იოცნებებდა, რომ გაეხსნა რუსეთის ბაზარი? მას ამის შანსი არ ჰქონდა უბრალოდ, რადგან დამანგრეველი პოლიტიკა აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ. შედეგად მივიღეთ "სარგებელი" სააკაშვილის მხრიდან, ეს იყო ის ზარალი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მიადგა. 105 სოფელი დამატებით არის ოკუპირებული. აგვისტოს ომის შემდეგ ორივე რეგიონი არის ოკუპირებული ოფიციალურად. ამან გამოიწვია აღიარება რუსეთის მხრიდან და დამატებით 25 000 დევნილი მივიღეთ. ეს არის ჩემთვის მიუღებელი და ეს არ არის სარგებელი მოსახლეობისთვის. მე გარწმუნებთ, დღეს რომ ყოფილიყო სააკაშვილი ხელისუფლებაში, გაცილებით უარესი ვითარება იქნებოდა საქართველოში, ვიდრე არის უკრაინაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.