თამაზ თამაზაშვილი: ელისო კილაძეს ჟურნალისტობა ტყუილი და ტალახის სროლა ჰქონია
თამაზ თამაზაშვილი ჟურნალისტ ელისო კილაძეს ღია წერილით მიმართავს:
"ასე რამ გაგაბოროტათ? რამ გააბოროტა ყველა ის ადამიანი (საბედნიეროდ ძალიან მცირე წრე), რომელიც თქვენს პასკვილებს, ტყუილს, ცილისწამებას უპირობოდ იზიარებს? დისკომფორტი შეგექმნათ რამე? სხვა მოლოდინები გქონდათ და ვერ აისრულეთ?
ბუნებაში არ არსებობდა რამე, რაც კომპრომატად გამოგადგებოდათ, იმიტომ რომ მე ნამდვილ ოჯახში გავიზარდე, ავისა და კარგის გარჩევა კარგად ვიცოდი, ჩემს შვილებსაც ასევე ვზრდიდი. იმიტომ რომ ვერც მე და ვერც ჩემს შვილებს ან ნარკოტიკთან, ან რაიმე მძინე დანაშაულთან შემხებლობას ვერავინ წამოაძახებს. გაითვალისწინეთ: გულწრფელად მეცოდებით", – წერს თამაზ თამაზაშვილი.
თამაზაშვილის განცხადებითვე, ის თავის პროფესიაში პროფესიონალი იყო, ელისო კილაძეს კი ჟურნალისტობა, ტყუილი და ტალახის სროლა ჰქონია.
მისი თქმით, ელისო კილაძის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყნად ან ის იქნება ან თამაზ თამაზაშვილი, გაუგებარია.
"მემუქრებით? მე არსად წასვლას არ ვაპირებ და თქვენი არ ვიცი. აქაც ძალიან ჰგავხართ თქვენსავე მოძღვარს, მიშა სააკაშვილს. ყველა პირობაზე, რაც ციხეში შემომითვალა და უარი მიიღო, განაცხადა: ვიდრე მე ვიქნები, თამაზაშვილი ამ ქვეყანაში ვერ იქნებაო... და ახლა როგორაა? ვინ არის ამ ქვეყანაში – მე თუ სააკაშვილი?
და თქვენ დღეს აცხადებთ, რომ მე და ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალებს" ვმფარველობთ? იმ "ნაციონალებს", რომლებმაც მცირეწლოვან შვილთან ერთად გამაჩერეს და დაზიანებული, დამტვრეული ავტომატი ჩამიდეს საბარგულში და სამი წელი და ექვსი თვე საპყრობილეში გამომკეტეს?",