ეკა ბაქრაძე: „გზაჯვარედინი“ ახალგაზრდა ნიჭიერ შემოქმედებს სწორ გზას დაანახებს, ქართველ მკითხველს კი ჭეშმარიტ სიტყვას აზიარებს!
ახლახან ქართულ მედია-სივრცეს ლიტერატურულ-შემეცნებითი გამოცემა „გზაჯვარედინი“ შეემატა. ჟურნალმა გამოსვლისთანავე მიიპყრო მკითხველის ყურადღება.
გვესაუბრება ჟურნალ „გზაჯვარედინის“ მთავარი რედაქტორი, პოეტი ეკა ბაქრაძე.
- ქალბატონო ეკა, უპირველესად გილოცავთ ამ მეტად საჭირო საქმის წამოწყებას. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ „გზაჯვარედინის“ წარდგინებამ ხაშურში დიდი ინტერესით ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მედია-ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის ჟურნალ-გაზეთებით, „გზაჯვარედინი“ იმ ვაკუუმს ნამდვილად შეავსებს, რასაც ლიტერატურისა და ხელოვნების პროპაგანდის თვალსაზრისით აქვს ადგილი ჩვენს რეალობაში. მართალია, რამდენიმე ლიტერატურული გამოცემა არსებობს, მაგრამ ქართველ მკითხველს მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა უჩნდება - ზოგი პერიოდულად გამოსვლას ვერ ახერხებს, ზოგიც ფინანსური სიმწირის გამო მინიმალური ტირაჟით გამოდის... საინტერესოა, როგორ იშვა ლიტერატურული ჟურნალის გამოცემის იდეა?
- მადლობა მოლოცვისთვის. გეთანხმებით, რომ ჟურნალ „გზაჯვარედინის“ წარდგინებამ (არ მიყვარს სიტყვა „პრეზენტაცია“) ჩემს მშობლიურ ხაშურში სრული ანშლაგით ჩაიარა.
ნიშანდობლივია, რომ ეს ჩემს წარმატებულ პროექტს „ვარსკვლავთცვენა“-ს დავამთხვიე. ღონისძიებაში, გარდა ხაშურის ინტელიგენციისა, მონაწილეობდნენ დედაქალაქიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ლიტერატურისა და ხელოვნების წარმომადგენლები. ჟურნალის შეფასებამ, შეიძლება ითქვას, მოლოდინს გადააჭარბა - ყველა ერთსულოვანი იყო იმაში, რომ ძალიან საჭირო და სასარგებლო საქმეს ჩავუყარეთ საფუძველი...
რაც შეეხება ლიტერატურული გამოცემის დაფუძნების იდეას, ეს ერთპიროვნულად ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარეს, პროფესორ ვაჟა შუბითიძეს ეკუთვნის. მან შემომთავაზა საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის ეგიდით გამომეცა ყოველთვიური ლიტერატურული გაზეთი. თუმცა, გამოცდილი ადამიანების რეკომენდაციით, საბოლოოდ არჩევანი ჟურნალზე შევაჩერეთ. მოგეხსენებათ, ჟურნალს, თუნდაც ვიზუალური თვალსაზრისით, სხვა დატვირთვა გააჩნია. პერიოდულობის თვალსაზრისითაც, გაზეთთან შედარებით უფრო პრაქტიკულია.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ლიტერატურული გამოცემის დაფუძნების იდეა ხაშურის საკრებულოსგან წამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაფინანსების წყარო გარანტირებული იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ იდეა საკრებულოსგან წამოვიდა და დაფინანსების წყაროებიც გამოიძებნა (ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაიდო), ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბიუროკრატიული მექანიზმები აამოქმედა. დაფუძნების პროცესი დროში გაიწელა, ამიტომ იძულებული გავხდი ჩემს თანამოაზრეებთან პოეტ მანანა დანგაძესთან და ჟურნალისტ ზაურ ნაჭყებიასთან ერთად დამეფუძნებინა არასამთავრობო ორგანიზაცია - ლიტერატურულ-შემეცნებითი სალონი „გზაჯვარედინი“, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ლიტერატურული ჟურნალის გამოცემაა... აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ, მიუხედავად ზემოთქმულისა, ხაშურის მუნიციპალიტეტს სურვილის შემთხვევაში საშუალება აქვს გახდეს ჟურნალის თანაგამომცემელი, ან დააფინანსოს, როგორც ლიტერატურული პროექტი.
- იქნებ დააკონკრეტოთ, კიდევ რა „სიურპრიზებს“ გვპირდება სალონი „გზაჯვარედინი“?..
- როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, ორგანიზაცია ძირითადად ლიტერატურულ-შემეცნებითი საქმიანობის განვითარებას და პროპაგანდას შეუწყობს ხელს. გადაწყვეტილი გვაქვს ვიმუშაოთ საინტერესო პროექტებზე - ჩავატაროთ სალონური შეხვედრები, მოვაწყოთ ახალგამოცემული წიგნების განხილვა (და არა ე.წ. პრეზენტაცია, რომელმაც სამწუხაროდ, ფორმალური, არაფრისმთქმელი ხასიათი შეიძინა), გამოვავლინოთ ახალბედა ნიჭიერი შემოქმედები, მოვაწყოთ ლიტერატურული კონკურსები, დავაწესოთ ლიტერატურული პრემიები და ა.შ.
- საინტერესო გეგმები გაქვთ! რადგან ლიტერატურული გამოცემის დაფუძნების იდეა ხაშურში დაიბადა, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ორიენტაცია მხოლოდ ხაშურელ შემოქმედებზე გექნებათ?
- რა თქმა უნდა არა. ჯერ ერთი, ხაშურის შემოქმედებითი პოტენციალი არ არის საკმარისი ყოველთვიური ჟურნალის გამოსაცემად, მეორეც, გამომცემლებს გაცილებით დიდი ამბიციები გვაქვს - ჩვენი მიზანია „გზაჯვარედინმა“ სამართლიანად დაიკავოს პროფესიონალური ლიტერატურული გამოცემის ადგილი ქართულ მედია-სივრცეში. თუ ხატოვნად ვიტყვი, ჟურნალი „პროვინციული“ არტახებისგან თავისუფალი იქნება და სრულიად საქართველოს კუთვნილება გახდება. ჟურნალის გვერდებს დავუთმობთ როგორც ნიჭიერ ახალგაზრდა ავტორებს, ისე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ შემოქმედებსაც. ნიშანდობლივია, რომ ლიტერატურული გამოცემა მრავალფეროვანი იქნება ჟანრობრივი თვალსაზრისითაც.
- ... და მაინც, რას იტყვით ახალს უკვე არსებული ლიტერატურული გამოცემებისგან განსხვავებით?
- კარგი შეკითხვაა. დღეს, როცა ლიტერატურაში არანაირი ცენზურა არ არსებობს (ამ შემთხვევაში პროფესიონალურ ცენზურას ვგულისხმობ), ხოლო თვითცენზურაც მოიკოჭლებს, სოციალურ ქსელებში თუ არსებულ ლიტერატურულ გამოცემებში, ხშირად უგემოვნო, არაფრისმთქმელი ნაწარმოებები იბეჭდება. განსაკუთრებით ლექსის წერა „ეიოლებათ“, რაც შორს დგას ჭეშმარიტი პოეზიისგან. არ არსებობს ლიტერატურული კრიტიკა, რომელიც ყველას და ყველაფერს საკუთარ ადგილს მიუჩენდა.
ვფიქრობთ, ამ თვალსაზრისით არსებული ვაკუუმი გარკვეულწილად შევავსოთ - „გზაჯვარედინი“ საკუთარ ფურცლებს დაუთმობს ნიჭიერ ავტორებს და ამით თავის გემოვნებიან მკითხველს სულიერ საზრდოს მიაწვდის. ვისაუბრებთ იმ სავალალო ტენდენციებზე, რომელმაც მოიკიდა ფეხი ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში, სისტემატურად გამოქვეყნდება ახალგამოცემული წიგნების რეცენზიები, სათანადო ადგილი დაეთმობა პუბლიცისტიკას...
ერთი სიტყვით „გზაჯვარედინი“ ახალგაზრდა შემოქმედებს სწორ გზას დაანახებს, ქართველ მკითხველს კი ჭეშმარიტ სიტყვას აზიარებს!
ესაუბრა ნათია ხარბედია