გიორგი მარგველაშვილი: რუსული "რბილი ძალის" ამოცანა საქართველოს მიერ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმაა
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსული "რბილი ძალის" ამოცანა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და საქართველოს მიერ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმაა.
"საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია და მილიტარიზაცია ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში და ამდენად, ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას, უარს ამბობს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე; გასულ წელს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელეს მანიპულირება მავთულხლართებით. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულებების გაფორმების გამო, ჩემი მიმართვის პასუხად, პარლამენტმა ეს აქტები ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ეს შეფასება ჩვენმა პარტნიორებმაც გაიზიარეს და საერთაშორისო მასშტაბით კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის აგრესია. რუსეთის მიერ გლობალური მასშტაბით გაშლილი პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური კამპანიის ერთ-ერთი ობიექტი საქართველოცააა. რუსული "რბილი ძალის" ამოცანა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და საქართველოს მიერ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმაა. ამაში იგი ადგილობრივი ანტიდასავლური ძალების კონგლომერატს იყენებს. ამ შემოტევის შესაჩერებლად აუცილებელია ქვეყნის შიგნით პროდასავლური დღის წესრიგის კონსოლიდაცია და კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან", - განაცხადა მარგველაშვილი.