„საჯარო რეესტრის“ საჯარო ციებ-ცხელება, ანუ ერთმანეთში გაზავებული რობოტიზმი და კრეტინიზმი!
მითი, დღევანდელი საჯარო რეესტრის ეფექტურობაზე და გამჭვირვალობაზე, ჩემთვის ხუხულასავით დაიმსხვრა - ამ ბოლო დღეებში საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამ „ერთი ფანჯრის“ პრინციპის მიღმა სიბეცე (რობოტიზმი), ფარისევლობა და თავხედობა იმალება.
დიახ, დიახ, ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთო, რომ იტყვიან, ზუსტად ისეა ჩვენი საქმე. ადრე, შევარდნაძის ზეობისას ძალიან მაღიზიანებდა სამეწარმეო რეგისტრაციის მახინჯი სისტემა - ჯერ იყო და იმდენ მოთხოვნებს წამოგიყენებდნენ, ლამის გადაგეფიქრებინა, მეორეც, ხშირად ძალიან იწელებოდა რეგისტრაციის პროცესი, მაგრამ, თუ ჯიბეზე ხელს გაიკრავდი და სანდოდ მიგიჩნევდნენ, შეიძლებოდა ნანატრ სარეგისტრაციო მოწმობას ერთ კვირაშიც დაუფლებოდი!
არა, არა, ეს მახინჯი სისტემა ნამდვილად არ მომწონდა. ყველაზე მეტად ნასამართლეობის ცნობის აღება მეზარებოდა - ხან 10 დღე უნდა დალოდებოდი, ხან ერთი თვეც.
სააკაშვილის ნოვაცია - „ერთი ფანჯრის“ პრინციპი, რომელმაც თითქოსდა გაამარტივა სამეწარმეო რეგისტრაცია, თუ დავუკვირდებით, სულაც არ არის მარტივი - თუ მაშინ წარსადგენ დოკუმენტებს შეგიმოწმებდნენ, ხარვეზებს წინასწარ დაადგენდნენ, დღეს ამ საქმეს არავინ აკეთებს - მიდიხარ დაშტამპული საბუთებით, რეგისტრატორთან აწერ ხელს წესდებაზე და სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტებზე (კარგია, ცალკე ნოტარიუსიც რომ არ გჭირდება), იხდი სარეგისტრაციო მოსაკრებელს და უნდა ელოდო, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა შენი ცდა - ორ დღეში მოგდის ე.წ. მესიჯი და გეუბნებიან, რომ წარმოდგენილ საბუთებში ხარვეზები დაფიქსირდა და საჭიროა 30 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრა იგი. ხშირად ისეთ „ხარვეზებზეა“ საუბარი, რეგისტრატორის მახვილ თვალს არ უნდა გამოპარვოდა - ყოველ შემთხვევაში, ჯერ უნდა ამოწმებდნენ სარეგისტრაციო დოკუმენტებს და მერე უნდა ადასტურებდე საკუთარი ხელმოწერით. აქ კი პირიქითაა - სარეგისტრაციო დოკუმენტებს შეუმოწმებლად გართმევენ, ხელსაც გაწერინებენ, იხდი მოსაკრებელს და მერე აღმოჩნდება, რომ ხელი არასწორ დოკუმენტზე მოაწერე და ისევ ტრიალდება კარუსელი - ხელახლა მიდიხარ სალაროსთან და ეს შეიძლება გარძელდეს დაუსრულებლივ. არაფერს ვიტყოდი, მარტო ჩემს კონკრეტულ შემთხვევასთან რომ გვქონდეს საქმე.
ახლახან მე და ჩემმა თანამოაზრეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია დავაფუძნეთ და რეგისტრაციაც გადავწყვიტეთ. ყველაფერი თითქოს წესრიგში იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ გაიპარა ტექნიკური უზუსტობა და იურიდიული მისამართი შეცდომით იყო ჩაწერილი. ცხადია, ხარვეზის გამოსწორება ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვით. თუმცა, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა - სამჯერ მოგვიწია „ხარვეზების“ გამოსწორება და მესამე ჯერზე გაირკვა, რომ პირველად წარდგენილ დოკუმენტში სამივე დამფუძნებლის ხელმოწერა არ ყოფილა. ცხადია, სამივე ჯერზე დამატებითი ხარჯები გავიღეთ, მაგრამ ეს არ არის ამჯერად მთავარი ჩვენთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. როცა ერთ-ერთმა რეგისტრატორმა (მე-17 სექტორი _ თ.მ.) მოსაკრებლის ადგილზე გადახდა შემოგვთავაზა, რომლის უფლებაც მას თურმე არ ჰქონია... და რადგან დასახელებული მოსაკრებელი სალაროში გადავიხადეთ სახეალეწილი დარჩა. ვიფიქრეთ, ამით ამოიწურა ინციდენტი, მაგრამ შევცდით, ორ დღეში იგივე მესიჯი მივიღეთ, რომ რეგისტრაცია შეჩერებულია და მიზეზად მითითებულია ის „ხარვეზი“, რომლის გამოც ხელმეორედ გადაგვახდევინეს მოსაკრებელი.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თავხედმა ქალბატონმა შური იძია ჩვენს „დაუმორჩილებლობაზე“ და ახალი სიურპრიზით დაგვაჯოლდოვა. მე არ ვიცი, ხშირია თუ არა ფულის ხელზე აღების პრაქტიკა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, რომ ამის პრეცედენტი გვქონდა, სამი ზრდასრული ადამიანი ვადასტურებთ (მათ შორის ორი პოეტი და ერთიც ჟურნალისტი!). სხვათაშორის, როცა გუშინ ამის თაობაზე ხმამაღლა განვაცხადეთ, ერთმა ასევე თავხედმა ქალბატონმა (მე-17 სექტორი _ ი.მ.) გაღიზიანებულმა გვითხრა, ტყუილად ირჯებით, მაინც ვერ დაუმტკიცებთო!
აქვს თუ არა ასეთ „იაღლიშებს“ სისტემატური ხასიათი, ეს სათანადო ორგანოებმა გამოიძიონ. ჩვენ უფრო მეტად გვზარავს იუსტიციის სახლში (სანაპიროზე) გამეფებული რობოტიზმი, კრეტინიზმი და ცრუ ღიმილი, რომელიც სრულ ადამიანურ გაუცხოებასთანაა გაზავებული.
P.S. კარგია გამარტივებული პროცედურები, მაგრამ თუ დავუკვირდებით, ეს ყველაფერი მოჩვენებითია და სულაც არ არის გამარტივებული. რამდენადაც ვიცით, რეგისტრაციის შეჩერება ჩვეულებრივი მომენტია და იგი უკვე ოფიციალურად ფულის გამოძალვას ემსახურება - ყოველი ხარვეზის გამოსწორება ხომ ხელახალ ხარჯებთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, თუ უწინ დამატებითი ხარჯები ვიღაცის ჯიბეში მიდიოდა, დღეს საჯარო რეესტრის ბიუჯეტში ჩაჩხრიალდება. აბა დაფიქრდით, რამდენი კაცი ტრიალებს იქ ყოველდღიურად და რამდენი შეიძლება შევიდეს ხელოვნურად შექმნილი „ხარვეზების“ გამოსწორების ხარჯზე?! ხომ შეიძლება, წინასწარ შემოწმდეს წარმოდგენილი დოკუმენტები და შეცდომებიც ადგილზე გასწორდეს?!
P.S. P.S. ვიდრე ამ სტატიას ცხელ გულზე დავწერდი, ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელიც ასევე ადრე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია, მითხრა - წესდებაში სათანადო ცვლილების შეტანის გამო თურმე არა დამფუძნებლების და გამგეობის წევრების, არამედ, შემდგომ გაწევრიანებული ფიზიკური და იურიდიული პირების ადგილზე მიყვანა მოსთხოვეს - საინტერესოა, როგორ დაეტეოდა ერთდროულად 180 კაცი იმ სექტორში? როცა გააპროტესტეს, მერე თურმე უკან დაიხიეს!
ეს კრეტინიზმის უმაღლესი გამოვლინებაა!
კი მაგრამ, ჩვენ რა დავაშავეთ ქალბატონო იუსტიციის მინისტრო? იქნებ ელემენტარული ტრენინგები ჩაგეტარებინათ და რეგისტრატორებისთვის საბუთების შემოწმება გესწავლებინათ, თუ ასეთი რობოტული დამოკიდებულება თქვენს ინტერესშიც შედის? საიდან არჩევთ ასეთ უსულო და უგულო ადამიანებს და როგორ აყალიბებთ მათ რობოტებად?
საბა საბახტარაშვილი