2015 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში უცხოური ინვესტიციის მოცულობა 81% პროცენტით გაიზარდა
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის მეორე კვარტალში 355 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ინფორმაციით, ეს 2014 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს 81 პროცენტით აღემატება.
წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 530 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2015 წლის მე-2 კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების სიაში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია 45 პროცენტით, მეორეზე -- ნიდერლანდები 19, ხოლო მესამეზე -- თურქეთი 12 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის მეორე კვარტალში 78 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში დაბანდდა და 207 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 58 პროცენტია. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი 41 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე -- დამამუშავებელი მრეწველობა 30 მილიონი აშშ დოლარით.