გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს

გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი ყოველდღიური  ცხოვრების შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა  ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციაზე, რომელიც ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და იუსტიციის მიისტრთან ერთად გახსნა განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი.

 

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება სწორედ მაშინ გახდება სამართლის უზენაესი საზოგადოება, როცა ყოველდღიური ცხოვრება კონსტიტუციის შინაარსში ჩაწვდომის შესაძლებლობას მისცემს არა მხოლოდ იურისტებს, არამედ საზოგადოების ფართო სპექტრს.

"ნამდვილად დიდი მიღწევაა ის კონფერენცია, რომელსაც ჩვენ დღეს ვესწრებით და მინდა ამ მაღალი წარმომადგენლობითი ღონისძიების ჩატარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი პაპუაშვილს. ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი განსაკუთრებული პატივისცემის და ინტერესის სფეროს წარმოადგენს ქართული საკონსტიტუტიო ინსტიტუტების გაძლიერება, მათი როლის განმტკიცება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გაღრმავება. საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტია. ინსტიტუტი, რომელიც არის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი ქვეყნის მასშტაბით კონსტიტუციური სამართლის ყოველდღიურობაში გატარებისა. ამ თვალსაზრისით ქართულმა საკონსტიტუციო სასამართლომ დამოუკიდებლობის დღიდან მნიშვნელოვანი გზა განვლო და მჯერა, რომ ეს გზა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს კონსტიტუცია არის და კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ყოველდღიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკურსის შემადგენელი ნაწილი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუცია მაშინ არის ცოცხალი და ქმედითი, როდესაც ის მხოლოდ იურიდიულ დოკუმენტად არ რჩება.

 

"მართალია, მე დღეს ვესაუბრები განსწავლული იურისტების საზოგადოებას, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ კონსტიტუცია მაშინ არის ცოცხალი და ქმედითი, როდესაც ის არ რჩება მხოლოდ იურიდიულ დოკუმენტად და საზოგადოების მთელი ფართო სპექტრის – როგორც პოლიტიკოსების, ისევე სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესის სფერო ხდება, ასევე როდესაც კონსტიტუციური დებატები ხორციელდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ქართული საზოგადოება მართლაც მაშინ გახდება სამართლის უზენაესი საზოგადოება, როცა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება კონსტიტუციის შინაარსში ჩაღრმავების და ჩაწვდომის შესაძლებლობას მისცემს არა მხოლოდ იურისტებს, არამედ ჩვენი საზოგადოების მთელ სპექტრს", - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს.

ამასთან, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დისკუსია, რომელიც ღონისძიების ფარგლებში წარიმართება, "არ დარჩება მხოლოდ განსწავლული იურიდიული საზოგადოების კუთვნილებად და ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის ნაწილი გახდება".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: