ბექა ბასილაია: საქმის გაჭიანურებას პროკურატურა ახდენდა გიგი უგულავას ერთ-ერთ საქმეზე
პროკურატურის ამოცანაა, უგულავას მიმართ დადგეს თუნდაც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი მაინც, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ აზრი დაკარგოს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავას ინტერესების დამცველმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბასილაიას თქმით, საქმის გაჭიანურებას პროკურატურა ახდენდა გიგი უგულავას ერთ-ერთ საქმეზე, სადაც მას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოეწურა და საქმის ერთი ეპიზოდიც კი არ იყო განხილული.
"ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც ბოლო სხდომა გაიმართა ივლისის ბოლოს და ყოველდღიურად ველოდებით გადაწყვეტილებას. გიგი უგულავას ფუნდამენტური უფლება დარღვეულია, ამ ეტაპზე პროკურატურის მთავარი ამოცანაა უგულავას რომელიმე საქმეზე დააყენოს გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან შემდგომში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აზრი დაეკარგოს. ყველაფრიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან საშური, მოუთმენლად ველოდებით. ამასთან, გვაქვს რისკები, რომ შეიძლება იყოს მცდელობა, გამამტყუნებელმა განაჩენმა დაასწროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.