კონკურენციის სააგენტო კონფერენციას მასპინძლობს
"პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები კარტელის შემთხვევაში" – ამ თემაზე თბილისი 22-24 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.
ცნობილია, რომ ღონისძიებაზე, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის ორგანიზებით იმართება, სიტყვით გამოვა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ბარაბაძე.
სემინარზე დეტალურად იმსჯელებენ პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებების მოპოვების გზებზე, ასევე, განსახილველ თემებს შორის იქნება: თანამშრომლობის პროგრამა, სკრინინგის ინსტრუმენტები, გაუფრთხილებელი შემოწმება, გამოკითხვა და ეფექტური პროცედურები. სემინარის მსვლელობისას OECD-ის წევრი ქვეყნების ექსპერტები მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ჩაერთვებიან დისკუსიაში.
მსგავსი სახის სემინარები OECD-ის წევრ ქვეყნებში ყოველწლიურად იმართება. 2015 წელს კი, წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, სემინარის ჩატარებისთვის საქართველო შეირჩა.
ღონისძიება სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიხსნა.