გიორგი პაპუაშვილი: იმ ქმედებაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზა ხორციელდებოდა, რეაგირება არავის მოუხდენია!
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სტრასბურგიდან პასუხობს. გიორგი პაპუაშვილი "რუსთავი 2"-თან საუბარში დეტალური განმარტებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ არც დავით უსუფაშვილს და არც ქვეყნის ხელმძღვანელებს რეაგირება არ მოუხდენიათ იმ ქმედებაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათ ოჯახებზე ხორციელდებოდა.
"უარესი პრობლემა არის ის, რომ არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც სხვა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ერთხელაც არ დაუგმიათ ქმედებები მოსამართლეებისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ, არც სახლების ბლოკირება, ნივთების შეყრა სახლებში, მუქარებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების განცხადებები. დანარჩენზე, როგორც ვხედავ, უკვე პოლემიკაში შესვლას აზრი არ აქვს", - აცხადებს გიორგი პაპუაშვილი.
დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთან გამართულ აქციებთან დაკავშირებით მიმართა მოსამართლეებს, რომ პატივი სცენ აზრის გამოხატვის უფლებას, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხი მოჰყვა.