მაკა ასათიანი: შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ტელეკომპანია `მაესტროს` სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლების მცდელობას
შპს "სტუდია მაესტროს" პარტნიორი, მაკა ასათიანი გიორგი გაჩეჩილაძის გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ.
"გიორგი გაჩეჩილაძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბრიფინგის შემდეგ იძულებული გავხდი დამატებით განვმარტო რამდენიმე საკითხი, რაზეც აქამდე თავს ვიკავებდი. გარდა იმისა, რომ წინადადება ე.წ. "რეაბილიტაციის გეგმის" შესახებ არაფერს ამბობს, თუ რა ბედი ეწევა ჩემს მიერ კომპანიაში ინვესტირებულ თანხებს, საზოგადოების ყურადღებას განსაკუთრებით გავამახვილებ იმაზე, რომ მხარე ვერ აკონკრეტებს იმ სავარაუდო ინვესტორის ვინაობას, რომლის იმედადაც გვთავაზობს კომპანიის რეაბილიტაციას და 10 მილიონი აშშ დოლარის ჩადებას.
ასეთივე გაურკვეველი იყო ამ "ინვესტორის" ვინაობა ა/წლის სექტემბერში ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზეც. საინტერესოა ისიც, რომ მხარე, რომელიც დღეს გამოდის ემოციური განცხადებებით, წინა პერიოდში აქტიურობდა დავთანხმებოდით შემოთავაზებას ერთ–ერთი კონკურენტი ტელევიზიის მიერ ტელეკომპანია "მაესტროს" შეძენის შესახებ.
ეს გარემოება იყო ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც მე და სხვა პარტნიორებმა, მენეჯმენტთან ერთად ჩავთვალეთ, რომ ზემოაღნიშნული ბუნდოვანი გეგმა ვერ იქნებოდა კანონით აუცილებელი პროცედურების არდაწყების საფუძველი.
ვინაიდან ტელევიზიის დაფინანსების წყარო ძალზე სენსიტიური თემაა და ვერ სახელდება, თუ ვინ დგას ინვესტირების შემოთავაზების უკან, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ტელეკომპანია "მაესტროს", როგორც რეალურად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლების მცდელობას.
ეს საკითხი ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი, რადგან სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას წლების განმავლობაში როგორც მე, ასევე სხვა პარტნიორები და "მაესტროს" მთელი კოლექტივი უდიდესი ძალისხმევით ვინარჩუნებდით.
აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცით ვარწმუნებ "მაესტროს" კოლექტივს და საზოგადოებას, რომ როგორც ფინანსურად, ასევე სამართლებრივად ვიდგები ტელეკომპანია "მაესტროს" დამოუკიდებლობის სადარაჯოზე.
გპირდებით, რომ "მაესტროს" თითოეულ თანამშრომელთან ერთად, კანონით დადგენილი პროცედურების სრული დაცვით, ჩვენს მიერ დაწყებული ნამდვილად ობიექტური და დამოუკიდებელი ტელევიზიის მშენებლობას, რომელიც ესოდენ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე", - ნათქვამია განცხადებაში.