გიორგი კვირიკაშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეზოლუციაზე მაქსიმალური მხარდაჭერა მოვიპოვოთ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში მიმდინარე შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა, რომ ძალიან შრომატევადი სამუშაოა გასაწევი იმისთვის, რომ საქართველო აქტუალური იყოს საერთაშორისო პლატფორმაზე.
"ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დღის წესრიგში საქართველოს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გავხადო. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან შრომატევადი სამუშაო იქნება ჩასატარებელი იმისათვის, რომ საქართველო იყოს აქტუალური ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი უნდა იყოს ყველა რადარზე და ყველა პლატფორმაზე წარმოდგენილი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტია გაერო-ს რეზოლუცია იძულებით გადადგილებულ პირთა შესახებ.
"ყოველწლიურად საქართველო აყენებს ამ საკითხს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ამ მიმართულებით გვაქვს პროგრესი და კვლავაც ვაგრძელებთ მუშაობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ჰუმანიტარული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც დევნილთა პრობლემებს ეხება. ბევრი კარგი შეხვედრა გავმართეთ, მათ შორის პატარა ქვეყნებთან, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მოვიპოვოთ რეზოლუციაზე მაქსიმალური მხარდაჭერა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.