უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურატურას მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2015 წლის 24 და 29 ოქტომბერს უკრაინული გამოცემებით გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერები, რომელშიც ასახულია საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბრები.
"2015 წლის 2 ნოემბერს უკრაინულმა გამოცემებმა დამატებით გაავრცელეს საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს შორის არსებული სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები.
საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერების ინტერნეტ–სივრცეში განთავსება უკრაინული ბლოგებიდან განხორციელდა, არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნას საზოგადოების მაღალი ინტერესი, საქართველოს სამართალდამცავ უწყებათა მიერ ჩანაწერების მოპოვების კანონიერების დადგენისა და მათ მიერვე, ამ ჩანაწერების შესაძლო გასაჯაროების ეჭვების გამოსარიცხად. ამ დრომდე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან გაურკვეველია, შესაძლოა წარმოადგენდეს თუ არა მედიით გავრცელებული კადრები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას.
2015 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით, უკრაინული ბლოგის წიკილეაკს.ცენტერ-ის მიერ 2015 წლის 24 ოქტომბერს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტის გამოქვეყნების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315–ე მუხლის საფუძველზე. მეორე უკრაინული ბლოგის უარევიეწ.ინ.უა-ს მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერის საფუძველზე, მომდევნო დღეს, მოწმის სახით დაიკითხნენ პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამსახური შეისწავლის მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობასა და ავთენტურობას.
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სახელმწიფო საკუთარ რესურსებს იყენებდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ადამიანის პირად სივრცეში სახელმწიფოს შეჭრის პროცესი მთლიანად უნდა ექცეოდეს კანონით დადგენილ ჩარჩოებში, რომლის ერთ–ერთ ფორმას მსგავს ჩარევაზე სასამართლო ხელისუფლების კონტროლის მექანიზმი წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432 და 1433 მუხლები ადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, მათ შორის სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება/ჩაწერის წესს, რომლის თანახმადაც, იგი ტარდება მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი წინაპირობების არსებობისას:
1.დაწყებულია გამოძიება ან/და სისხლის სამართლებრივი დევნა განზრახ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ფაქტზე, ან სხვა იმ დანაშაულებზე, რომლებსაც კონკრეტულად და ამომწურავად განსაზღვრავს სსსკ-ის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი.
2.არსებობს პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გამოტანილი მოსამართლის განჩინება, რომელშიც მითითებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფორმალურ–მატერიალური საფუძვლები.
გადაუდებელი აუცილებლობისას შესაძლებელია მოსამართლის განჩინების გარეშე დაიწყოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, თუმცა აუცილებელია პროკურორის მოტივირებული დადგენილების არსებობა, რომელიც გადაუდებელ აუცილებლობას ასაბუთებს. ასეთ შემთხვევაშიც, კანონიერების შემოწმების მიზნით პროკურორმა მისი დაწყებიდან 24 საათში უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელიც ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას ამოწმებს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში. კანონიერი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალის გასაჯაროება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შესაბამისად, ფარული ჩანაწერების წარმომავლობის და გავრცელების გამოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 315–ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველს არასაკმარისად მიაჩნია.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე უცნობია ახორციელებდა თუ არა რაიმე სახის ფარულ-საგამოძიებო მოქმედებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 24 ოქტომბერს, თუ მას შემდეგ გავრცელებულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიების პარალელურად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება გავრცელებული აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერებისა და ამ ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის გამოსაკვლევად. სხვა მხრივ ვერ იქნება უზრუნველყოფილი გარეშე დამკვირვებლის ნდობა ჩატარებული გამოძიების მიმართ.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დამოუკიდებელი გამოძიების ფარგლებში მოხდეს აღნიშნული აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერებისა და გავრცელების შესწავლა, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების აღსრულება.
საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს მოცემულ საქმეებზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგს", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.