ირაკლი შოთაძე: სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა პროკურატურისთვის გარემოებებს არ ცვლის

ირაკლი შოთაძე: სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა პროკურატურისთვის გარემოებებს არ ცვლის

 

მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე განმარტავს, რომ  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა პროკურატურისთვის გარემოებებს არ ცვლის - აღნიშნული განცხადება  მთავარმა პროკურორმა  გადაცემაში "პოლიტიკა" გააკეთა, როდესაც უპასუხა კითხვას, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა პროკურატურას მის სამართლებრივ დევნას გაუიოლებს თუ გაურთულებს. 

 

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არსებობს 4 სისხლის სამართლის საქმე, ოთხივე სასამართლოშია და მიმდინარეობს არსებითი განხილვა. 

 

"რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას, მინდა გითხრათ, რომ ეს არც გააუარესებს და არც გააუმჯობესებს იმ პერსპექტივებს", - განაცხადა შოთაძემ.

 

მთავარმა პროკურორმა განმარტა შესაბამისი პროცედურებიც:

 

"ვთქვათ, მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ამ შემთხვევაში უკრაინას, როგორც უმეტეს ქვეყნებს, აქვს კონსტიტუციური გარანტია თავისი მოქალაქეებისადმი და არ ახდენენ ამ პირების ექსტრადირებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, მანამდე, სანამ მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობაც, საქართველოს პროკურატურამ მიმართა ოფიციალურად უკრაინის პროკურატურას და მოვთხოვეთ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში, რაზეც მათგან მივიღეთ ოფიციალური პასუხი. 

შესაბამისად, ის სიტუაცია, რაც არსებობდა მოქალაქეობის შეწყვეტამდე, მას მაინც ჰქონდა უკრაინის მოქალაქეობა. შესაბამისად, ეს ჩვენთვის გარემოებებს არ ცვლის", - განაცხადა შოთაძემ.

 

მთავარი პროკურორის განმარტებით, თუ სააკაშვილის დაკავება ბრალდებულის სტატუსით მოხდება უცხოეთში, ამ შემთხვევაში უკრაინის მოქალაქე არის თუ არ არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს და, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არის ის ბრალდებები, რასაც მას ედავება საქართველოს მხარე. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: