რეფორმის საკითხებზე, უზენაეს სასამართლოში რეგიონული დიალოგი გაიმართა
უზენაეს სასამართლოში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სასამართლო რეფორმის საკითხებზე რეგიონული დიალოგი“ - ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსია) შორის რეგიონული დიალოგისათვის ფორუმის წარმართვა და სასამართლო რეფორმის საკითხებზე გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ; საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღანელმა, ბატონმა კრისტიან ურსემ და ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა“ წარმომადგენელმა, ბატონმა პიტერ დენისმა.
ნინო გვენეტაძემ დელეგატებს გააცნო სასამართლო რეფორმის პრიორიტეტები, რომელიც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებას შორის სწორი ბალანსის დადგენას. „დღეისათვის პარლამენტის მიერ განიხილება სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო პაკეტი. მისი მიზანია, გაიზარდოს დისციპლინური სამართალწარმოების გამჭვირვალობა, განჭვრეტადობა, ეფექტურობა და მოსამართლეთა დაცულობა“- აღნიშნა შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამი სამუშაო ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაში შედიან პარტნიორი ქვეყნების სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, ასევე დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. სამუშაო ჯგუფებს შორის გადანაწილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ წარმოჭრილი შემდეგი სამი აქტუალური საკითხი: მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა და სამოსამართლო ეთიკა; ელექტრონული მართლმსაჯულება და უფასო იურიდიული დახმარება. აღნიშნულ თემებზე მსჯელობისას დელეგატები მიმოიხილავენ ევროპულ და სხვა შესაბამის საერთაშრისო სტანდარტებს, მონაწილე ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას და განსაზღვრავენ იმ ძირითად გამოწვევებს, რომელთა გადაჭრაც მოითხოვს რეგიონულ დონეზე ჩართულობას.
უზენაეს სასამართლოში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სასამართლო რეფორმის საკითხებზე რეგიონული დიალოგი“ - ფარგლებში სამუშაო შეხვედრები ა/წ 11 დეკემბერს დასრულდება.