გახდება თუ არა ქუთაისში გადაადგილება უსაფრთხო?
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ქალაქ ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებას დაესწრო.
ნიკეას ქუჩაზე არსებული გზის საფარი დაზიანებული და ამორტიზირებული იყო, რაც მოძრაობის შეფერხებასა და ხერგილების შექმნას იწვევდა. არ იყო დაცული საგზაო უსაფრთხოების ნორმებიც. ქუჩის სრული განახლების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ავტოსატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა, რაც ქალაქს არსებულ ხერგილებისგან განტვირთავს და გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება. აღსანიშნავია, რომ ნიკეას ქუჩა ქუთაისის ყველაზე დიდი ქუჩაა. ამჟამად, ქუჩის ერთი ნახევრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის სიგრძეც 2 კმ და 200 მეტრია. გზის მეორე ნახევრის რეაბილიტაციას კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
ნიკეას ქუჩა სამზოლიანია, თითოეული მიმართულების სიგანე 11მ-ია. რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგება ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, სავალ ნაწილებს შორის გაკეთდება შემზღუდავი გამყოფი ზოლი მარადმწვანე ბუჩქებით. ქუჩის ორივე მხარეს მოეწყობა ახალი ტროტუარები. ამავდროულად, გამოიცვლება გარე განათება და სანიაღვრე სისტემა.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 7 მლნ 200 ათასი ლარია.