ვახტანგ ძაბირაძე: მომავალ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კონკურენტი ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება!
„ივერიონს“ ესაუბრება ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე
-ბატონო ვახტანგ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექს-პრემიერი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. შეცვლის თუ არა ის წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების“ იმიჯს უკეთესობისკენ?
-ღარიბაშვილის დაბრუნება, რომელიც ალბათ ყრილობისთვის დაიგეგმება, არ იქნება გადამწყვეტი სვლა “ქართული ოცნებისთვის“, ეს მას მაღალ ქულებსა და დივიდენდებს არ მოუტანს, თუმცა გუნდი შენარჩუნდება!
- რომელ პოსტზე შეიძლება ვიხილოთ ახლად გაპოლიტიკოსებული ირაკლი ღარიბაშვილი?
-ალბათ პარტიაში დაბრუნდება, საარჩევნო სიაში იქნება და შეიძლება იქ დაიკავოს რაიმე პოსტი. ვფიქრობ, აღმასრულებელი ხელისუფლების სიაში არ იქნება.
-წინასააჩევნოდ ვინ მიგაჩნიათ “ქართული ოცნების„ კონკურენტად?
-სამწუხაროდ, “ ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კონკურენტი, ფინანსური და ორგანიზაციული გამართულობის მიხედვით, “ნაციონალური მოძრაობაა“. ოპოზიცია თუ არ გაერთიანდა, “ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეინარჩუნებენ რეალურ ძალას.
სხვა შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ. “ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არ გაუჭირდება, თუმცა ხანდახან ისე დამაბნეველად იქცევა და ზიგზაგურად მოქმედებს, რომ საკითხავია, მართლა უნდა თუ არა გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე!
ესაუბრა ია ჯღარკავა