ავთანდილ ღელაღუტაშვილი: ქართულ უნივერსიტეტებში დღესაც ბერიას და არავიძის აჩრდილები ჩნდებიან!

ავთანდილ ღელაღუტაშვილი: ქართულ უნივერსიტეტებში დღესაც ბერიას და არავიძის აჩრდილები ჩნდებიან!

ეს წერილი-გამოხმაურება „ივერიონს“ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ავთანდილ ღელაღუტაშვილმა გამოუგზავნა.

მოყვანილი ფაქტები იმდენად საინტერესო და შოკისმომგვრელია, ვბეჭდავთ ყოველგვარი შესწორება-შემცირების გარეშე.

 

ძვირფასო რედაქცია!

 

მინდა გამოვეხმაურო წინა კვირას „ივერიონში“ გამოქვეყნებულ ქეთევან გიგაშვილის ღია წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის - გიორგი კვირიკაშვილისადმი, სადაც  საყურადღებო პარალელებია გავლებული დედა უნივერსიტეტში ჯერ კიდევ მიმდინარე და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე განხორციელებულ პროცესებს შორის. მინდა მკითხველს თავად მოვუთხრო, როგორ სასტიკად დავისაჯე იმ „ურჩობისთვის“, რომლის შესახებაც ზემოთ ნახსენებ წერილშია საუბარი. 

 

ამ კონტექსტში უნებურად მახსენდება ლავრენტი ბერიასა და ივანე ჯავახიშვილის ურთიერთობის ერთი ეპიზოდი: ბერიას ჯავახიშვილისთვის უთხოვია, „ჩემს ცოლს უნივერსიტეტში სწავლა უნდა და იქნებ, მიიღოთო.“ „კი, ბატონო, მობრძანდეს, ჩვენთან სტუდენტებს უგამოცდოდ იღებენო,“ - უპასუხია რექტორს. „სკოლის ატესტატი არა აქვს“, - უხერხულად შეშმუშნულა ლავრენტი ბერია. „უატესტატოდ ვერ მივიღებთ“, - თავი გაუქნევია ივანე ჯავახიშვილს. „ბრძანება რომ იყოს?“ - ტონი შესცვლია ბერიას. „უკაცრავად, მაგრამ უნივერსიტეტში ბრძანებებს მე ვიძლევი!“ - მიუგია ივანე ჯავახიშვილს. შედეგი ყველამ ვიცით - დიდი მეცნიერი მის მიერ დაარსებული უნივერსიტეტიდან გაუშვეს და დახვრეტას სასწაულებრივად გადაურჩა. 

 

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათელყოფს, რომ ბოლშევიკური აზროვნება ბოლომდე არ აღმოფხვრილა, დროდადრო ჩნდებიან ბერიებისა და არავიძეების პატარა აჩრდილები, ნეობოლშევიკი დოქსოპულოები და რიკტაფელოვები, რომლებიც კარგად შენიღბულან საგანმანათლებლო სისტემასა თუ სახელმწიფო სტრუქტურებში და ყოველთვის მზად არიან, სამაგალითოდ დასაჯონ და ცოცხლად დამარხონ „პატრონის“ ურჩები და არამართული პიროვნებები!..

 

დღეს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და ბათუმის უნივერსიტეტში დაწყებული მღელვარება პირდაპირ ჯდება იმ სქემაში, რომლის აპრობაციაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. მე ზუსტად არ ვიცი, რა გახდა რეალური მიზეზი აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წინააღმდეგ აგორებული კამპანიისა, მაგრამ ერთი რამ ნათელია: 

 

ისტორია მეორდება და შეთითხნილი ბრალდებებით სურთ, გაუშვან არასასურველი რექტორები უნივერსიტეტიდან. როგორც აღვნიშნე, ამ „მეთოდის“ დანერგვა-განხორციელება თელავის უნივერსიტეტიდან და პირდაპირ ჩემით დაიწყო: 2013 წლის ნოემბერში ჩვენთან ჩატარდა რექტორის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობდა 6 კანდიდატი. არჩევნების დაწყების წინ ცნობილი გახდა, რომ კანდიდატურა მოხსნა 4-მა მონაწილემ. პროფესორმა გელა ყიფიანმა დამსწრე საზოგადოებას აცნობა, რომ მასთან შუაღამისას მივიდნენ სუსის წარმომადგენლები და მოსთხოვეს, კანდიდატურა მოეხსნა ირმა შიოშვილის სასარგებლოდ. გელა ყიფიანმა 10 დღის შემდეგ იგივე გაიმეორა განათლების სამინისტროში (სამინისტროს მაშინდელ მაღალჩინოსან მამუკა ბერიაშვილთან საუბარში). ანალოგიური მოხდა სხვა კანდიდატებთანაც. 

 

როგორც გაირკვა, ზეწოლებს სუსი ახორციელებდა აკადემიური საბჭოს „არასაიმედო“ წევრებზეც. ჩემთან მიმართებაში უშუალოდ აქტიურობდა თავად ჩემი კონკურენტი - ირმა შიოშვილი. იგი არჩევნებამდე რამდენჯერმე მესტუმრა და ცდილობდა, დავერწმუნებინე, რომ ჩემს მონაწილეობას რექტორის არჩევნებში აზრი ეკარგებოდა, რადგან მის კანდიდატურას მხარს უჭერდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე. საინტერესოა, რა დამსახურებისათვის? ალბათ, „ნაციონალების“ შტაბიდან რომ არ გამოდიოდა არჩევნების წინ (მე კი ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც დააფუძნა კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის შტაბი)!

 

მკითხველმა ისე არ გამიგოს, რომ ჩემი რექტორად არჩევა პოლიტიკური კონიუნქტურის გამო მოხდა.  არამცდაარამც!  პირიქით! 

 

აქვე ვიტყვი, რომ ანალოგიურად აშანტაჟებდა შიოშვილი აკადემიური საბჭოს წევრებს შემდეგშიც, 2014 წელს, როცა ის უკვე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს ნიშნავდა (ჩემს შემდეგ). როდესაც აკადემიური საბჭოს წევრ გიული ანდრონიკაშვილს ვკითხე - რატომ ნიშნავდნენ არჩევნებს, მან მიპასუხა: „ირმა ყველას გვეუბნება, რომ ჩემს კანდიდატურას მინისტრი ლობირებს და პირადად არის დაინტერესებული ჩემი გარექტორებითო.“ ქალბატონი გიული ცნობილი ქიმიკოსია. ის არ იკადრებს, უარყოს თავისი სიტყვები.  

 

2013 წლის რექტორის არჩევნებში გავიმარჯვე, მაგრამ, სამაგიეროდ, საშინლად გავანაწყენე და ღირსება შევულახე (მათი გაგებით) შიოშვილების ოჯახის მეგობარ სუსის თანამშრომლებს. ჩემი არჩევიდან სულ მოკლე ხანში მოხდა ის, რისი წინააღმდეგაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვიბრძოდი და რითაც იყო განპირობებული ჩემი საზოგადოებრივი აქტიურობა. განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნებმა (მათი გვარები დასახელებულია ქეთევან გიგაშვილის ღია წერილში და აღარ გავიმეორებ) პირად საუბრებში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე „რეკომენდაცია გაუწიეს“  მაშინდელ ჩემს მოადგილეს - ალეკო ყვირალაშვილს. მოქმედ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჰამლეტ რაზმაძეს თითქმის ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი ვადის ამოწურვამდე!!! თუ არ ვცდები, 2013 წლის 5 დეკემბერს ჩემი „რწმენის განსამტკიცებლად“ უკვე თესაუში მობრძანდნენ სამინისტროს წარმომადგენლები. 

 

თავი რომ არ შეგაწყინოთ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებმა სრულ დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა და სამინისტროს რჩეული ალეკო ყვირალაშვილი დამარცხდა. ამის შემდეგ დაიწყო ის პროცესები, რაც ეხლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს: სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა სასწრაფოდ დაიწყო მოკვლევა წინა რექტორების დროინდელ კოლექტიურ განცხადება-საჩივრებზე და დაახლოებით 10 თვის შემდეგ საოცარი დასკვნა ვიხილეთ: თურმე ძველად „დარღვევები“ ყოფილა, მათ შორის, ჩემთან დაკავშირებული: ჩემი დოქტორანტურაში ჩაბარებისას სადისერტაციო საბჭოს დებულების ერთ-ერთი მუხლი დარღვეულა, რის გამოც აღარც რექტორობა მეკუთვნოდა, აღარც აკადემიური თანამდებობა (რა თქმა უნდა, ვლადიმერ პაპავას ამდენს არ გაუბედავენ)!

 

აქ მოხდა ყველაზე საოცარი ფაქტი: აკადემიურმა საბჭომ იხელმძღვანელა საინფორმაციო ცენტრის უფროსის, ლაშა ვერულავას, ბრძანებით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ბრძანება ჩემი რექტორად რეგისტრაციის შესახებ, და უფლებამოსილება ვადამდე ადრე შემიწყვიტა. ლაშა ვერულავას ბრძანებას კი საფუძვლად დაედო ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნუგზარ სიჭინავას, დადგენილება ჩემი ხარისხის დიპლომის ნამდვილობის არცნობის თაობაზე. 

 

ირმა შიოშვილის განცხადებით, აკადემიური საბჭოს ამ სავალალო გადაწყვეტილებას ზურგს უმაგრებდა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ლომინაშვილის, კონსულტაციები (რომელსაც უხვად იღებდა ირმა შიოშვილი). 

 

ეს ის იურისტია, რომელიც თავის დროზე მარტივ შეკითხვებზე პასუხს ვერ მცემდა. სამაგიეროდ, შეკვეთილი ბრძანების სამართლებრივ უზრუნველყოფას ცდილობდა. 

 

მოგეხსენებათ, უმაღლესი განათლების კანონში ნათლად არის რეგულირებული აკადემიური საბჭოს მიერ რექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის პროცედურები. როგორც ჩანს, ნუგზარ სიჭინავამ ჩემი სამაგალითოდ დასჯის დავალება შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან - ალექსანდრე ონოფრიშვილისგან მიიღო (და არა მხოლოდ მისგან, რასაც ცოტა ქვემოთ ვნახავთ). 

 

ამგვარად, სუბიექტებმა, რომლებსაც შეიძლება ერთი სამეცნიერო სტატია არათუ დაწერილი, წაკითხულიც არა აქვთ, ჩემი 35-წლიანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო მოღვაწეობა დაასამარეს და მეც ზედ მიმაყოლეს. „არა არს დაფარული, რომელი არ გაცხადდეს.“ 

 

შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ საქმეში ერთად იყვნენ (და დღესაც არიან) ირმა შიოშვილი, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სუსის წარმომადგენლები, რომელთაც  ერთობლივი „რევანში“ მომიწყვეს!  

 

ქეთევან გიგაშვილის წერილში საუბარია საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე. მასში მითითებულია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ადმინისტრაციული წარმოება არასრულყოფილად ჩაატარა: კერძოდ, მან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა საქმის გარემოებების სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლევის გარეშე; არ მომცა მე, როგორც მხარეს, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის საშუალება; აქტებს გამოცემისას კი საფუძვლად დაუდო ისეთი გარემოებანი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ იყო გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ამ ეტაპზე საქმე შემდგომი განხილვისთვის გადაცემულია სააპელაციო სასამართლოში. რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოს მკითხველს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში პირველმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაასაჩივრა და ამით ცალსახად დაადასტურა, რომ ჩემს საქმეში ის წარმოადგენს ერთ-ერთ დაინტერესებულ მხარეს. იმ დროს, როდესაც საქალაქო სასამართლოს განჩინებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის არაფერი დაუკისრებია, მისი გადაწყვეტილება მან მაინც გააასაჩივრა. მკითხველს ბუნებრივად დაებადება კითხვა: რა შუაშია თელავის უნივერსიტეტი, რას ასაჩივრებს? 

 

ასაჩივრებს იმას, რომ საქალაქო სასამართლომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დადგენილება ჩემი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით უკანონოდ ცნო და მასვე დაავალა ახალი აქტის გამოცემა. 

 

ანალოგიურ გაუგონარ ფაქტს ვერ მოიძიებთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ისტორიაში, რომ უნივერსიტეტს თავის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება გაესაჩივრებინოს. 

 

უნივერსიტეტი ამ შემთხვევაში რექტორის შეკვეთებს ასრულებს, რომლის მიზანიც თანამდებობის შენარჩუნებაა. ყველა სასამართლო პროცესზე უნივერსიტეტი ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჩემს წინააღმდეგ გამოსვლებში ეხმარებოდა, დამატებით იქექებოდა ჩემს საბუთებში, ახალ-ახალ გარემოებებს სთავაზობდა სასამართლოს.

 

დღეისათვის გამოკვეთილია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და უშიშროების სამსახური შეთანმხებით მოქმედებდნენ, რაც მიზნად ისახავდა ჩემი რექტორის თანამდებობიდან ჩამოშორებასა და ირმა შიოშვილისთვის რექტორის სავარძლის განთავისუფლებას, რაც წარმატებით განახორციელეს კიდეც! 

 

უნდა აღვნიშნო, რომ ქალბატონმა შიოშვილმა „წვლილი“ არ დაუკარგა ნუგზარ სიჭინავას და ჯერ კიდევ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სასწრაფოდ გამოუძებნა სამუშაო ადგილი თელავის უნივერსიტეტში მის მეუღლეს - მედეა მაქაცარიას იურიდიული კონსულტანტის თანამდებობაზე. ალბათ, გაკვირვებასაც აღარ გამოიწვევს ის ფაქტი, რომ მაქაცარია ხელფასს ისე იღებს ყოველთვე, აგერ უკვე წელიწადზე მეტია, უნივერსიტეტის შენობაში არც შემოუბიჯებია. ეს მაშინ, როდესაც შიოშვილმა მოსვლისთანავე ხელშეკრულება შეუწყვიტა საერთაშორისო დონის მეცნიერს, არქეოლოგ ნიკა თუშაბრამიშვილს (რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეეძლო უნივერსიტეტისთვის სასწავლო-კვლევითი მიმართულებით, რისთვისაც, საერთოდ, არსებობს უნივერსიტეტი) იმ მიზეზით, რომ ის ყოველდღე ვერ შეძლებდა უნივერსიტეტში მოსვლას.

 

შიოშვილისთვის კორუფციული გარიგებები უცხო არ არის: სულ ცოტა ხნის წინ მან უნივერსიტეტის სახელით (და მისი ფინანსებით) შეხვედრა მოუწყო რაიონის ჟურნალისტებს. ამგვარი გზებით ფიქრობს ის მედიის მომადლიერებას, რათა რაიონულ პრესაში მისი საწინააღმდეგო ინფორმაციები არ გაჟღერდეს. ცნობილია, რომ ის ყოველთვის გაურბის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრას (რადგან დისკომფორტს განიცდის საჯაროდ ექსპრომტად დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემისას) და წინასწარ მოითხოვს წერილობით კითხვებს. 

 

მინდა მივმართო განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს: რა შეფასებას მისცემთ წერილში მოყვანილ ფაქტებს? არის თუ არა ნუგზარ სიჭინავას მეუღლის სამსახურით უზრუნველყოფის ფაქტი კორუფციული გარიგება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ დაწესებულებასა და უნივერსიტეტს შორის? 

 

ასეთ ფონზე აპირებთ განათლების სისტემის განვითარებას საქართველოში?

 

ავთანდილ ღელაღუტაშვილი, 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: