გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში უმრავლესობით ვერ შევა!
„ივერიონს“ მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრება პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი
-ბატონო გია, “რესპუბლიკურმა პარტიამ“ ოფიციალურად განაცხადა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. თუმცა, არჩევნებამდე კოალიციაში რჩება და მთავრობაში, პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობებსაც ინარჩუნებს. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას?
-ჩემი აზრით, ეს მათი მორიგი ცუდი თამაშია. პარლამენტსა და თვითმმართველობის ორგანოებში დასაშვებია მათი ყოფნა, მაგრამ მათი მხრიდან მთავრობაში თანამდებობების შენარჩუნება ალოგიკურია. თუმცა, დღეს თუ ხვალ, 1-2 თვეში, სამთავრობო პორტფელების დატოვება მოუწევთ. ეს პროცესი არ მოხდებოდა სწრაფად, რადგან სახელისუფლებო ინსტიტუტები, ვაკუუმის საფრთხის გამო არ უნდა გაჩერდეს!
- თქვენი აზრით, “რესპუბლიკური პარტია“, საკვანძო თანამდებობებზე თავისი კადრების შენარჩუნებით, გამოიყენებს თუ არა ადმინისტრაციულ რესურსს საარჩევნო ბარიერის გადასალახად?
-ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მარტივი არ არის, ხალხის მხარდაჭერაა საჭირო. ვფიქრობ, მათ ამ მხრივ საქმე კარგად არ აქვთ, მეტიც, შეიძლება ბარიერი ვერც გადალახონ.
-პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კოალიციური გაერთიანების გარეშე მიიღებს. რა პერსპექტივა ექნება ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“?
-ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად სწორია, რაც ევროპულ დემოკრატიულ პრინციპებს შეეფერება-პარტიებმა ცალ-ცალკე უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა - ძალაუფლება ხალხისგან უნდა მიიღონ და მათი მანდატის საფუძველზე უნდა შექმნან კოალიცია. დღევანდელი კოალიცია არაჯანსაღია, რომლის შიდადაპირისპირება ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ის შემიძლია შევადარო ცოლ-ქმრის ძალადობას, რომელთა იდეალურ ოჯახურ თანაცხოვრებას “აზრს, სიწმინდეს და სიმყარეს“ ბავშვი “უნარჩუნებს“, რომლის გამოც ოჯახის ნგრევას ერიდებიან. სინამდვილეში ბავშვის ინტერესების გამო უნდა დაიშალოს ასეთი ოჯახი.
- გამოდის, რომ “მრეწველები“ და “ფორუმელები“ “პატრონის“ გარეშე რჩებიან...
-რა ვქნა, როგორ თანავუგრძნო მათ? ყველამ უნდა გაიგოს, რომ უნდა დამთავრდეს ბიძინა ივანიშვილის მხრებზე პარაზიტობის პერიოდი, უნდა შეიგნონ, რომ ხელისუფლებაში ხალხის თანადგომით მოდიან და არა უკანა კარებიდან!
-თქვენი აზრით, როგორი პოლიტიკური ფორმისა და შინაარსის იქნება ახალი პარლამენტი?
-იმაზე უარესი არ იქნება, რაც გვაქვს. ალბათ მულტიპარტიულ პარლამენტს მივიღებთ. აგრეთვე, ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება“ უმრავლესობით ვერ შევა პარლამენტში და საპარლამენტო კოალიციურ რეჟიმში გადასვლა მოუწევს, რაც დღევანდელი კოალიციისგან განსხვავებული იქნება.
ესაუბრა ია ჯღარჯავა