დავით ფერაძე: დაბეჯითებით ვაცხადებ - პედაგოგმა მინისტრი გადააყირავა!
(სტილი დაცულია)
-თქვენი აზრით, რამ განაპირობა თამარ სანიკიძის განათლების მინისტრობიდან გადაყენება?
-ეს იყო გეგმაზომიერი, ამ მთავრობის პოლიტიკური ხედვით, თუმცა, სახელმწიფოებრივად რომ მივუდგეთ, იცით თქვენ ჩვენი პოზიცია, რომ ის ან საერთოდ არ უნდა ყოფილიყო მინისტრი, ან ბევრად უფრო ადრე, ჯერ კიდევ ღარიბაშვილს უნდა გადაეყენებინა.
ამას ვითხოვდით ჩვენ, უკვე რამდენი ხანია. სანიკიძის მინისტრობა იყო დანაშაული საქართველოს განათლების წინაშე, ჩვენი მომავლის წინაშე. ბუღალტერმა შეძლო და გააცამტვერა განათლება და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის მომავალი. ამ დროს კი გამოდის პრემიერი და დამნაშავე ქალს, როგორც შევარდნაძის დროს ხდებოდა ხოლმე, მადლობას უხდის. წესით, სამართალი რომ იყოს, სანიკიძე უნდა დააპატიმრონ. პრემიერი კი ახალ მანდატს ჰპირდება!
რაც შეეხება, უშუალო საბაბს: ადრეც იყო სანიკიძის გაგდების მცდელობა, მაგრამ ინტრიგების ხლართვით ის პოსტს ინაჩუნებდა. სრული დარწმუნებით ვაცხადებ, მისი გათავისუფლების უშუალო საბაბი გახლდათ 2 ივნისს სამინისტროსა და თბილისის სკოლებში მოწყობილი ჩემი საპროტესტო მარში. ამ აქციის გამო, 2 ივნისსვე, გადაწყდა სანიკიძის სასწრაფო გაშვება, ხოლო 3-ში ის ოფიციალურად გაუშვეს. სანიკიძე შეეწირა ჩემს საპროტესტო მარშს, თუმცა ეს იყო მის წინააღმდეგ დაწყებული ჩემი ბრძოლის ფინალი. ერთ თვეზე მეტია ჩვენ ვმართავთ აქციებს. ყველა საჯარო შეხვედრაზე პროტესტით და შეძახილებით ვხვდებოდით მას!
2 ივნისის აქციამ კი დააგვირგვინა ყველაფერი. ეს იყო ჩვენს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა - პედაგოგმა მინისტრი გადააყირავა! თუმცა, ამით ბრძოლა არ დასრულებულა. სანიკიძე უნდა დაისაჯოს, როგორც პოლიტიკური ჯალათი, ნეპოტისტი, ბიუჯეტის მფლანგველი, განათლების დამანგრეველი და ა.შ. მასთან ერთად კი უნდა დაისაჯოს სამინისტროს ყველა ის მაღალჩინოსანი,რომელიც არაერთხელ ვამხილე. თუ ახალი მინისტრი ამ გარემოცვას დატოვებს და არ გაუშვებს, მაშინ მე გადავხედავ ჯეჯელავასადმი ჩემს ნდობას, რომელიც ამ ეტაპზე საკმაოდ მაქვს.
- რამდენად გამართლებული იყო მისი პოსტიდან გადაყენება მაშინ, როცა წინ ეროვნული თუ სხვა ტიპის მრავალი გამოცდა და მის მიერ წამოწყებული რეფორმებია?
-ვიმეორებ, სანიკიძე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო მინისტრი. გამოცდებთან მიმართებაში არაფერს ცვლის მისი გადაყენება. რაც უფრო დიდხანს დატოვებდნენ, მით უფრო ბევრს გააფუჭებდა. მას არაფერი რეფორმა არ წამოუწყია. მან წამოიწყო ფსევდორეფორმები, სულელური სქემა, რომელსაც მასწავლებლებმა თავბოლო ვერ გაუგეს. ეს ფსევდორეფორმა დაწყებისთანავე ჩიხში შევიდა და კორუფციის ახალი შესაძლებლობები გამოაჩინა.
-როგორი უნდა იყოს დღვანდელი საქართველოს განათლების მინისტრი?
-დღევანდელი მინისტრიც და ხვალინდელიც, უნდა იყოს პრაქტიკოსი, მენეჯერი და განათლების ნიუანსებში გარკვეული. განათლების თითოეულ დონეს აქვს უამრავი ნიუანსი, უამრავი დეტალი, რომლის უყურადღებოდ დატოვება უზარმაზარ პრობლემას ქმნის. მინისტრს ერთი გაკვეთილი მაინც უნდა ჰქონდეს ჩატარებული, და, რაღა თქმა უნდა, მართვის უნარი ესაჭიროება. მე ვერ გეტყვით ახალი მინისტრის უნარებს. პირველი შეხედვით არ ვარ ცუდად განწყობილი, მაგრამ ვნახოთ.
- არის თუ არა ახლად გამინისტრებული ჯეჯელავა ამ პოსტისთვის შესაფერისი?
-ის სასწაულს ვერ მოახდენს სამ თვეში და არც ველოდები, მაგრამ ყველაზე მთავარია დიალოგის რეჟიმის ჩართვა პედაგოგებთან და სამეცნიერო წრეებთან. მე მზად ვარ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, თუ დავინახავ პირველ პრაგმატულ ნაბიჯებს და თუ დამნაშავე გარემოცვას შეელევა. დადის ხმა, თითქოს საკადრო პოლიტიკას არ გაატარებს. ეს თუ სიმართლეა, ძალიან ცუდი იქნება
ესაუბრა ია ჯღარკავა