დავით ქობალია: ამბულატორიისა და საბავშვო ბაღის აშენება კი არა, შეიძლება აბორიგენი დასახლებები საერთოდ გაქრეს!
შეგნებულად ვიკავებდი თავს წინასაარჩევნო დღეებში, სახელმწიფო-სამთავრობო და სამეგრელოს ადგილობრივი უწყებების მიერ „ანაკლია პორტზე“ გამოქვეყნებული დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ინფორმაციების კომენტარებისგან, მაგრამ ბატონი კვირიკაშვილის განცხადებამ მაიძულა დამერღვია პირადი მორატორიუმი:
(იხ. ლინკი: http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/16367-premierianakliisportimthlianadshecvlisqveynisekonomikurlandshafts.html).
_ „ანაკლიის პორტი მთლიანად შეცვლის ქვეყნის ეკონომიკურ ლანდშაფტს... პირველი კომპონენტის მიხედვით, ქვეყნის გამტარუნარიანობა კონტეინერების ნაწილში თითქმის ორმაგდება. არის ბევრი ფაზა პროექტის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 3 წელიწადში პორტი დაიწყებს ფუნქციონირებას და ეს პორტი ათასობით ადამიანს დაასაქმებს, როგორც უშუალოდ, ასე ირიბად... გაკეთდება ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნეს ცენტრი, სპორტული მოედნები, მთელი ამ ინფრასტრუქტურის შექმნაა გათვალისწინებული კერძო ინვესტორის მხრიდან... მარტო პირველ ფაზაში 586 მილიონი დოლარის ინვესტირებაა გათვლისწინებული და შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ, რომ ეს პროექტი იწყება...“
ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გარანტ პრემიერმინისტრისგან ზემოთხსენებული ზერელე სიტყვების რახარუხი, ან მკითხველის (ერთ კვირაში ქვეყნის პარლამნტის ამომრჩევლის) აბუჩად აგდებაა, ან საქმეში ჩაუხედაობის და უცოდინრობის სავალალო გამოვლინება!
სხვა რა უნდა იფიქრო კაცმა, როცა რამდენიმე მილიარდიან პროექტზეა საუბარი (არაფერს ვამბობ ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე“) და ანაკლიაში „ამბულატორიის, საბავშვო ბაღის, ბიზნეს ცენტრის, სპორტული მოედნების“ აშენებით გვაწონებს თავს პრემიერ-მინისტრი?!
ცნობისთვის:
_ანაკლიაში, არამცთუ „ამბულატორია“, ჯერ კიდევ 50 წლის წინ არსებობდა.
_იმ დროისთვის მაღალ დონეზე კეთილმოწყობილი საავადმყოფო სამშობიარო განყოფილებით.
_საერთაშორისო საბავშვო კურორტი 600 საწოლით, სპორტული მოედნებით და გასართობი ინფრასტრუქტურით.
_მოგვიანებით, იმდროინდელ სსრკ-ში ერთერთი პირველი, სამეურნეო ანგარიშზე არსებული, კარდიოლოგიური ცენტრიც აშენდა 55 საწოლზე, რომელმაც 1991 წლის ჩათვლით წარმატებით იმუშავა!
_50 წლის წინ ჩაეყარა საძირკველი ანაკლიაში პირველ, საერთაშორისო საზღვაო კვშირებისთვის დაგეგმილ ნავსადგურს, რომელიც დღესაც შეახსენებს სტუმრადმოსულს თუ შინაურს, რომ _ აქ, ქვეყნის წინსვლისთვის ფიქრი დღეს არ დაწყებულა!
ანაკლიასთან დაკავშირებულ, ამ და სხვა თემებზე 2013 წლიდან დღემდე, ორ ათეულზე მეტი სტატია გამოვაქვეყნე, მაგრამ, ვატყობ, ისინი საკმარისი არ აღმოჩნდა და ვეცდები ამ დღეებში კიდევ ერთხელ შევახსენო თავი ანაკლიის და ზოგადად, ქვეყნის მომავლით დაინტერესებულ მკითხველს, რომ მავანთა უცოდინრობის და უპასუხისმგებლობის გამო გაბითურებული არ დარჩეს მომავალი არჩევნების შედეგებით!
P.S. რაც შეეხება „ეკონომიკური ლანდშაფტის შეცვლას“, თუკი, ხაზარაძე და კონტი ჯგუფის მიერ გაგრძელებული სააკაშვილისეული „ლაზიკა“ პორტის პროექტი განხორციელდა, „ეკონომიკის“ რა მოგახსენოთ, მაგრამ _ „ლანდშაფტი“ ნამდვილად შეიცვლება და უპირობოდ გაქრება სოფელ ცაცხვიდან მოყოლებული, ანაკლიისა და მისი მიმდებარე, აბორიგენი დასახლებები!