ზვიად ნოდია: ყველანაირი ხელოვნება საღმრთო ხელოვნება როდია!
ღმერთია თავად შემოქმედი და ჩვენ მისი შენამოქმედნი: მართლაცდა რა საინტერესო ქმნილებაა ადამიანი და რა საოცარი შემოქმედებაა ჩვენი გარესამყარო...
საიდან იღებს სათავეს ადამიანის შემოქმედებითი ტალანტი?
- ბუნებრივია იქიდან, სადაც ღმერთმა პირველი ადამიანი გააჩინა და თავისი მადლის ჟანგბადით ზრდიდა... ცხადია, მთელი სამყარო ღმრთის ხელოვნებაა, თუმცა - ედემის ბაღი და მისი არსი, ადამიანისთვის ღვთაებრივი შემოქმედების ნიმუშია, ხატია, ღვთაებრივი წიგნია, რაზეც უნდა ჰქონდეთ სწორება შემოქმედებს და მას, როცა - ზეციური სამოთხის მსოფლმხედველობით შეავსებ, მხოლოდ მაშინ ხარ სრული კაცი, სრული შემოქმედი, სრულყოფილი ხელოვნების მიმდევარი.
ის სამოთხე ხომ იყო და იყო ზეციური შემოქმედების გვირგვინი დედამიწაზე, მაგრამ მთელი ამქვეყნიური სამყარო ასლიც კი არაა იმ ზეციური სამოთხისა, რომელთანაც, ორთავ სოფელსა შინა ცოცხალი მისვლა-მოსვლა აქვთ განღმრთობილ ადამიანებს.
ვინც ამბობს, რომ - „იქიდან დაბრუნებული არავინ გვინახავსო“ - ათეისტობითაა დაპროგრამირებული, თორემ, წმინდა ეკლესიაში მოძებნიდა მაგის პასუხსაც!...
„შესაქმის“ განმმარტებელნი, იმას კი არ მარჩიელობენ - „კვერცხი უფრო წინ გაჩნდა თუ ქათამი“, არამედ ბიბლიისდა შესაბამისად გვახვედრებენ, რომ - „ქმნა ღმერთმა ფრინველნიც და როცა მან თავისი ფრთებით დაათბო კვერცხი თვისი, შეიქმნა მართვე კვერცხსა შინა“...
რას იზამ, არ უნდათ სიბრძნე ჭეშმარიტებისა და სიცრუის მამის - სატანის მითებს ამჯობინებენ დღესამომდე - „ჯერ რომელი გაჩნდაო“...
რადგან, სიტყვამ მოიტანა, ბარემ „მითზეც“ ვიტყვი ჩემს პირად შეხედულებას: ერთმანეთისგან უნდა განვმიჯნოთ - მითი, როგორც გადმოცემითი ნარატივი და მითოსი, როგორც - რეალური, ისტორიული, საზოგადოებრივი ხანა - ერა, რომელშიც ადამიანებთან ერთად მონაწილეობდნენ მითოსური პერსონაჟები (ე. წ. ზევსები, კუპიდონები, დიონისეები...), რომელთა როლებს განასახიერებდნენ ილუზორულად „ხორცშესხმული“ დემონები, ადამიანებს კი - ისინი ღმერთები და ნახევარღმერთები ეგონათ...
ეშმაკმა გამოიგონა ერთი ღმერთის დასავიწყებლად პოლითეიზმი და თანაცხოვრების ამ ეტაპმა იმდენად დიდხანს გასტანა, რომ ჩვენგან ასი წლის უკან მყოფ ადამიანებსაც კი ეცხადებოდნენ - ნადირის ღვთაება „დალის“ თუ მდინარის მზეთუნახავ „ალის“ სახით, რომელთანაც მამაკაცებს სექსკონტაქტი ჰქონდათ (როგორც რუსულ „დამავოებს“ ქვრივებთან...) - რაღა თქმა უნდა ილუზორულად, hიპნოზში ყოფნის გავლენით, თორემ ეშმაკი სულია(ბოროტი) და არა - ხორცი... ჩვენს თანამედროვეობაში კი - ეს „ცოცხზე და ნოხზე შემომჯდარი ბაბაიაგები“ ტექნიკური ხანისდა შესაფერისად მოგვევლინენ -
„უცხოპლანეტელებად“, რომლებიც - უცხო ენებსაც ასწავლიან თავიანთ მსხვერპლთ და სხვადასხვა ხელოვნებასაც, მეცნიერებასაც, ექიმობასაც და „ნათელმხილველობასაც“. ანუ, ბნელითმხილველობას, რომლებთან კონტაქტებითაც თავს იწონებენ ე. წ. უფოლოგები...
მე, რომ მართლქრისტეანული სწავლებები არ დამხმარებოდა და არ უარმეყო „მათიანობაზე“ გადასვლის შემოთავაზება, მათივე შეპირებით - ისეთივე ყოვლისმცოდნე უხილავმჭვრეტელად და სასწაულმოქმედად მაქცევდნენ, ვინც ამ უხილავებთან მედიუმობდა - ჩემი მრავალჯერადი თანდასწრებით (გადავეყარე ფოლკლორისტულ ექსპედიციებში)...
ეს იყო - მართლაც სასწაულებრივი სამყარო იმ სამყაროშივე, რომელშიაც ადამიანები დაიარებიან და მარსზე სიცოცხლეს ეძებენ, მაშინ, როცა აქვე ვერ ამჩნევენ უხილავებს!
ესენი, ისევ ისინი არიან, ვინც მითურ ეპოქაში „თანამოქალაქეობდნენ“ იმდროინდელ კაცობრიობასთან ერთად და თავიანთი „როლების“ ზეგავლენით გააწარმართეს ისინი!...
მითი, როგორც ზეპირსიტყვიერებითი ნარატივი, მე მიმაჩნია წარმართების „ბიბლიად“, მათ კოსმოლოგიურ „შესაქმედ“ და ეს ყველაფერი აქ იმიტომ ავსახე, რომ მეცნობებინა: არსებობს მათი ხელოვნებაც (დემონურ ძალთაგან შთაგონებული), რასაც დავარქვათ - მშვინვიერი (წარმართული) ხელოვნება და არსებობს საღმრთო ხელოვნებაც (სულიერი ხელოვნება; მართლქრისტეანული ხელოვნება)...
ისევე, როგორც ადამიანი, ასევე მისი ნიჭ-ტალანტი და ნება-თავისუფლება ღმრთისგანაა, მაგრამ გააჩნია - განსაღმრთობად მიმართავს თუ საწუთისოფლოდ, შედეგად კი - საჯოჯოხეთოდ...
ამიტომაც, არ მისცა წინასწარ ღმერთმა უკვდავება - უკვდავებისთვის ჩაფიქრებულ ადამიანს, თორემ, თუკი ეშმაკივით გაეშმაკდებოდა - ასეთადვე დარჩებოდა მარადიულად.
ადამიანი არაა რობოტი, მასა აქვს - სული გონიერი და ზუსტად იცის, რომ ის მართლა უყვარს ღმერთს და რომ მის განსაღმრთომად აძლევს ღმერთი ნება-არჩევანს და მაინც - სამოთხეშივე ხელიდან გაუშვა საუკეთესო შანსი... – „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა“ და მართლაც - ის იმდენად ღვთაებრივი გააჩინა ღმერთმა, რომ - როგორც კი თვალი გაახილა და ადგა , ისე ბრწყინავდა, რომ ანგელოზებმა თაყვანი სცეს, ჯერ მის შემოქმედს და მერმე მას, გალობით: „დღეს ვიხილეთ დიდი საკვირველება, რამეთუ დაიბადა მსგავსი ღმრთისა“...
ეს იყო ის სასტარტო პოზიცია, საიდანაც იწყებოდა ადამიანის განღმრთობა (სულიერად - მადლით და არა ბუნებით), ხოლო, რადგან არ ენდო ღმერთს, არამედ, ეშმაკს და გაიუარესა საწყისი მდგომარეობა, აწი, უკვე, მეტი მოეთხოვება - განსაკუთრებით ღმრთისმსახურებს და შემოქმედთ, რათა ისე განსულიერდნენ, რომ იმისიენერონ.
დემონს არც ადამიანის შექმნა ხელეწიფება და არც ნიჭ-ტალანტთა მიბოძება, არამედ, ადამიანის და მისი ნიჭიერებისთვის იმგვარი კალაპოტის მიცემა, რაც ოდენ ამასოფელშია პოპულარული და სწორედ ამით უშლის ხელს განსაღმრთობელ სულიერ განვითარებაში...
სატანამ ესეც გაითვალისწინა და ამქვეყნიური ხელოვნება გააიგივა სულიერებასთან და გვგონია, რომ სამშვინველისეული ნაწარმოები მართლაც - სულიერი საზრდოა, ხოლო, "უკვდავი" პოეტი კი - მარადიული სამოთხის ანგელოზი...
ადამიანი შედგება სხეული-სამშვინველი-სულისგან და სული ღვთისკენ მიიწევს, სამშვინველი კი - ამქვეყნიური ანუ დროებითი, არმაცხოვნებელი სიამეებისკენ, ვინაიდან, სამშვინველი არის ხორცისეული გრძნობებ-ვნებებ-ემოციების ისეთივე მამოძრავებელი ორგანო, როგორიც ამოძრავებს უსულო ცხოველებს.
სამწუხაროდ, არშემდგარი ქრისტეანის სამშვინველი (ნერვულ-ემოციონალური სისტემა) ისე ზემოქმედებს გულსა და გონებაზე და მათით - სულზე, რომ - სხეულისა და სულის გაყრის მომენტში, ხორცი და სული ერთმანეთს ამუნათებენ: არა - შენ დამღუპე და არა - შენო, რაც არის იმ "მასწავლებელთა" (არშემდგარი სამღვდელოება, ოჯახი, სკოლა, სახელმწიფო, ხელოვნება და სხვა მრავალი...) ბრალი, რომლებიც ჩვენს მენტალობა-ცნობიერება-სულიერებაზე ზემოქმედებენ...
მართლაც, გენია -"გალაქტიკა" პოეტი იყო გალაქტიონი, მაგრამ ისეთი არამართლმადიდებლური ხელოვნების გამგრძელებელი („განსასვენებელ ზიარებაზე ჩემთან არ მოვა შენი ხსენება“), როგორიც - თაობების არცთუ მცირე ნაწილში ანვითარებს სამშვინველის გაბატონებას სულზე და მის დაქვემდებარებას ამასოფლის სულზე...
აი, ამგვარი კატეგორიის ე. წ. "ვარსკვლავები" არა მხოლოდ თავად წყდებიან ღმერთს, არამედ - საკუთარი ცხოვრების წესითა თუ ხელობის ენით - ამკვიდრებენ ნეოწარმართული ცხოვრების წესს...
იმიტომ, რომ, ამგვარი ხელოვნების მიმდევრების შემოქმედებითი ტალანტი იკვებებოდა მიწიური, „რენესანსული“ სტანდარტებით და მკითხველთა სულიერ შიმშილსაც შესაბამისად (მშვინვიერად) ასაზრდოებდა... გალაქტიონის „მესაფლავეში“, გარდა სულიერების გამიწიერება-გაევროპულებისა, რაც მშვინვიერი ხელოვნების ცალმხრივობას მოწმობს და არა სისრულეს(შდრ: „სრული კაცი“, ანუ სრულყოფილი - ზეციური განათლებით), აქ, ის ცალმხრივობაც არ მაკმაყოფილებს, რაც ეწინაღმდეგება ღვთაებრივ სამართალს - არჩევანის უფლებას, ანუ - ორმაგი და ალტერნატიული სიუჟეტი ესაჭიროება მოცემულ თემას.
იქნებ, ვერ გამიგოთ უეცარი გადაადგილება და თქვათ - აქ, რა შუაშია ილია ჭავჭავაძეო, მაგრამ იმისთვის უნდა გადავწვდე ამ დიდი მოაზროვნის ერთ შეცდომას(უკაცრავად), რომ შედარებითი ანალიზით ნათლად დავინახოთ, თუ რა დიდი პასუხისმგებლობაა ღმრთივბოძებული ტალანტით მაღლა - ღმერთის "სიტყვის მსახურება" (ლუკას სახარება - 1, 1-2-3-4), ხოლო, დაბლა - ღმრთის კურთხევითვე - "დაარქვი ყველაფერს თავისი ჭეშმარიტი სახელი" - პატრონობა და მსახურება კაცობრიობისა...
აქედან გამომდინარე კი - რაოდენი განსხვავებაა ქრისტეანულ ( ანუ ბუნებითი სჯულისა და რელიგიური სჯულის სინერგიით მიღებული სულიერება) და არაქრისტეანულ (ესეიგი - მართალ რელიგიურ სჯულს არზიარებული, ოდენ - ბუნებითი სჯულის ამარა დარჩენილ ან მწვალებლური რელიგიის „სულიერება“) ხელოვნებას შორის...
აქ, აუცილებელია, ჩემი ოპონენტების კიდევ ერთი შეხედულება გავითვალისწინოთ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხელოვნება, რაზედაც აღვიზარდენით (და, რომელსაც ესაჭიროება დიფერენციაცია, თუ რომელია საღმრთო ანუ სულიერი ნაწარმოები ან მთელი შემოქმედება...) - "სულიერებასთან გაიგივებული ხელოვნება კი არაა, არამედ, ჩვეულებრივი - საერო ხელოვნებაა - თავისი ზომიერი სულიერებით (ზვ. ნ: აი, ამაშია - გაიგივება...), ანუ, ერისკაცებს თავისებური ცხოვრების წესის შესაფერისი სულიერება და შესაბამისი ხელოვნება აქვთ, ხოლო სულიერება - რელიგიის მუშაკების სფეროა"-ო...
ჯერ ეს ერთი - აქ ორი სხვადასხვა რწმენა-სულიერება გამოდის: საერო და სასულიერო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რომელ ღმერთსაც ეკლესია ემსახურება, იმ რელიგიის სულიერების მატარებელი კი არ ხდება ერისკაცი (და თვით ზოგიერთი მღვდელმსახურიც...), არამედ, ძველი ადამია (ქრისტეანობამ ძველი ადამი ჩაანაცვლა ახალი ადამით, ახალი კაცით, მაგრამ უმეტესად ხდება ისე, რომ - არ (ვერ) ქრისტიანდება მავანი, ვერ ზიდავს ნათლობა-მირონცხების სულიერებას და უბრუნდება „ძველ კაცს“), მხოლოდ ბუნებით სჯულზე დარჩენილია, ან - მით უარესი, თუკი ნეოწარმართია...
ცხადია, ასეთის ხელოვნებაც - ასეთივე იქნება! აქედან გამომდინარე კი, ჩანს მეორე ცდომილებაც, ანუ ზემოთმოხმობილი შეხედულების ხალხი, თავის ერისკაცულ სულიერებას აიგივებს ერისკაცულ ხელოვნებასთან, რაც გახლავთ სწორედაც - სამშვინველის დონისეული სულიერება და ხელოვნება, რამეთუ - ან მხოლოდ ადამისეულ ბუნებით სჯულზეა აღმოცენებული და არ არის სულიერი სჯულით გასრულყოფილებული, ან მწვალებლურ რელიგიურ სჯულზეა აწყობილი...
სახეზეა მეტად ნიშანდობლივი ხიბლი კაცობრიობისა - თავი ღმრთისნიერი ჰგონია და თურმე - ღმერთს და ეშმაკს ვერ განარჩევს... ასევე, თავს თვლის ღმრთისგან კურთხეულ შემოქმედად და თურმე - არ ყოფილა ღმრთისა... ზოგადად, ამგვარი მსოფლმხედველობა წარმოადგენს იმ ტიპიურ „ხალხურ“ აზროვნებას, რაც თვით საკუთარი ცხოვრების წესის სულიერებასაც ვერ ანსხვავებს - წარმართულია, მწვალებლური თუ მართლქრისტეანული და ამიტომაც შეცდომით აიგივებს სამშვინველის დონის "სულიერებას" - ნამდვილ სულიერებასთან.
ამასთანავე, ერთმანეთში ურევს სამღვდელოთა პროფესიულ, საღვთისმსახურო ლიტერატურას და სულიერ მწერლობას. ამ კუთხით, ანუ თემატურად, ილიას "განდეგილი" მართლაც სულიერი ნაწარმოებია, მაგრამ ისეთივე ცალმხრივი ნაწარმოებია, როგორიცაა: გალაქტიონის "მესაფლავე"... ცალმხრივია, ვინაიდან, ილიამაც არ წარმოადგინა ობიექტური, ანტონიმური სიუჟეტი...
საქმე იმაშია, რომ თითქოს ორივე ნაწარმოები ადამიანთა ფსიქოლოგიას ეხება და ამ ფსიქოლოგიზმის გამო გაიგივებულია სულიერების ასახვასთან, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ გალაკტიონთან მშვინვიერება გაიგივებულია სულიერებასთან, მაშინ, როცა, ილიას ფსიქოლოგიზმი სულიერებიდან გამომდინარეა...
თუმცა, მან თეოლოგიური თემა უარყოფითი კონტექსტისთვის გამოიყენა, რითაც მანაც დაარღვია თეოლოგიური დუალურობის პრინციპი, ანუ ცალმხრივად გამოყვანილ დაცემულ ბერთან ერთად არ გვაჩვენა + სულიერად ამაღლებული ბერი...
თქვენც ხომ ხვდებით მკითხველნო - ვისაც სულიერი მოხელთება გიცდიათ საკუთარი თავისა, თუ რა მრავალწახნაგოვანია სულიერი ცხოვრება და მით უფრო სიტყვიერი გადმოცემა, მართლაც დიდი ხელოვნებაა... ძალიან მიჭირს სიტყვიერად გამოვხატო ის აღმაფრთოვანებელი მუხტი სამშვინველისეული პოეზიისა, რომელიც გვიზიდავს და თავბრუს გვახვევს, აგვიტაცებს და ცას ხელს მიგვაწვდენინებს, მაგრამ ეიფორიიდან გამოდიხარ თუ არა, ხვდები, რომ - არა, ცაში კი არა, ილუზიაში ყოფილხარ, ვინაიდან და რადგანაც - ესაა ამქვეყნიურ-ხორციელი ვნებების პოეტიზირება, გამხატვრულება, გამუსიკება და რომლისგანაც ცა და დედამიწასავით განსხვავდება - სულის გაღვთაებრივება, სულიერი ჭვრეტა, სულიერი თხრობა-გადმოცემა, იმისა, რაც ღმრთის სულითვე შეიცანი და არა ეშმაკის მანქანებით...
ამ კუთხით თუ განვჭვრეტთ, ეშმაკისთვის სულერთია - რით „დაითრევს“ მსხვერპლს: ე. წ. „პარანორმალური მოვლენების“ მედიუმებით თუ მედიტაციური ტრანსებით, რომლებსაც მთისა თუ ბარის „სალოცავების“ ექსტაზურ რიტუალებში ვხვდებით - ტრადიციულად, რომ არაფერი ვთქვათ თანამედროვე, მოდური, ოკულტური იოგით მიღწევად „ხელოვნურ სამოთხეზე“; ეზოთერიკულ, ექსტრასენსულ, ჰიპნოზური ნეიროლინგვისტური პროგრამირებით თუ მასმედიის იდეოლოგიური ზომბირებით; სოციალური გამათხოვრებით თუ საომარი ფსიქოზით; ალკოhოლით, ნარკოტიკით თუ აბსენტით, რითაც შეპყრობილნი შემოქმედობდნენ - ბოდლერი, ვანგოგი, მანე, მოპასანი, უაილდი,პიკასო, რემარკი, დეგა, ედგარპო, თეკერეი და ძველი თუ ახალი დროის გულთამპყრობელნი, რომლებიც თავიანთი „მუზა-ეშმაკის“ ჯადოთი მართავდნენ მასების ცნობიერებას, მსოფლმხედველობას, ფსიქიკას და სულიერი განმტკიცების საწინაღმდეგოდ, უყალიბებდნენ მეტად მყიფე, მოწყვლად,მართვად, ინფანტილურ და ფსიქოლოგიურად პათოლოგიურ ეგზალტირებულ მენტალობას, რომელზე გაბატონება სულ იოლად ძალუძთ ცივსისხლიან „პოლიტიკოსებს“...
ეს არახალია-ძველია, მაგრამ ამაში დიდი ბრალი მშვინვიერ ხელოვნებასაც თუ მიუძღვის, ეს თქვენ განსაჯეთ!
სიტყვას გააჩნია ენერგეტიკული ძალა, რასაც მატერიალურად გამოხატავდნენ პირველყოფილი მოქანდაკენი - ადამიანს პირიდან გადმოდიოდა დიდი მასა...
როცა ჩვენ ღმრთის სიტყვას ვკითხულობთ, რომ - ღმერთმა თიხისგან შექმნა კაცი, მაგრამ სული ჩაჰბერა თვისი და ხორცი მიწას უბრუნდება, ხოლო სული ზეცას და იმქვეყნად, ამქვეყნიური ფორმის სულიერ სხეულად გარდაიქმნება, ამ სწავლებას ჯეროვანი წარმოსახვა თუ არ მიესადაგა, დაზიანდება ჩვენი სულიერი ხედვა...
ასეა - ხელოვნებაშიც და თუ მშვინვიერ-ერეტიული სწავლებების წარმოსახვით იხელმძღვანელებს შემოქმედი და არა ჭეშმარიტი სულიერებით, მაშინ მისი შემოქმედება - „საზრდო“ კი არა, სავნო იქნება; როგორც დედის მუცელში მოწამლული პირმშო იბადება მომაკვდავი სნეული, ასევე - აქ, მწვალებლობით მოწამლული - იბადება ჯოჯოხეთში, ხოლო, აქ, დედაეკლესიის წიაღში სულიერად გაჯანმრთელებული - იბადება ცათა სასუფეველში.
შემოქმედი მაშინაა ხატი და მსგავსი ღმრთისა, როცა მის ეკლესიაში ეუფლება ღმერთის შემეცნებას, რითაც ორსულდება და შობს საღმრთო, მაცხოვნებელ შემოქმედებას. მაცხოვნებელი სწავლებით გაჯერებული შემოქმედი წარმოშობს თავისებურ მხატვრულ შემოქმედებას, რაც იგივე - ქრისტოლოგიაა და ერთობ „დაღეჭილი“ მკითხველი საზოგადოებისთვის.
წინაღმდეგ შემთხვევაში, ანუ ხელოვნება - როგორც ასეთი, თუკი სამყაროს საწყისს - შემოქმედს არ ერწყმის და მისი მადლით არ იკვებება, მაშინ, ის წარმოადგენს ჩვეულებრივ მწვალებლობას, სამწუხაროდ უკვე გათავისებულს საუკუნეობრივად.
მე მესმის, რომ გალაქტიონმა ცხოვრებისეული ალტერნატივის ცალი მხარე გვიჩვენა -ერთის მხრივ და მეორეს მხრივ - სრული ემოციური ოსტატობით მოგვაჯადოვა, მაგრამ ამით, ნებსით თუ უნებლიედ პოპულარიზაცია გაუწია მსუბუქი ყოფაქცევის ცხოვრების წესს, რამეთუ, რამდენადაც - საღმრთოდ "მოაზროვნე სულის"- მიერი ცნობიერების გარდა არსებობს - სულიერებასთან გაიგივებული ამსოფლიური მსოფლმხედველობაც, იგი ისედაც თავისუფალია დოგმებისგან და ხელოვნების ძალით უფრო მიმზიდველ - რომანტიულს ხდის არჩევანის თავისუფლებას.
ეს უკვე არის - ღმერთისგან გასვლა-განაპირება, მაგრამ - ეშმაკისგან არაა თავისუფალი ასეთი "თავისუფლება", რამეთუ ასეთი "ვაკუუმი" - არ არსებობს - ადამიანი ან ღმერთთანაა, ან ეშმაკთან. ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი ღმერთად, ანუ ღმერთს შეუძლია იყოს თავისუფალი, ის არსად არ დაიკარგება, ის არ დაიღუპავს თავს თავისი თავისუფლებით, მაგრამ ადამიანი, ამ მხრივ და ამ გაგებით, შეზღუდულია, და მისივე ინტერესებშია ისე იცხოვროს, რომ სხეულის არტახებს თავი დააღწიოს და გააღწიოს სულიერ სამყაროში.
საამისოდ მართებს მას სულიერი აზროვნება და სულიერი ხელოვნება... მგელმა რომ შეჭამა, იმ დედის წინ მოხტუნავე კვიცივით გამოეყო „შემოქმედი“ შემოქმედ ღმერთს და მისგან ბოძებულ ტალანტს ეშმაკის ცნობიერების წისქვილზე ვინც ფქვავს, ის პროდუქცია მარგებელია სულისთვის თუ არა, ისევე არ უწყის, როგორც ქრისტემტყუვარმა ერეტიკოსმა არ იცის, რომ ამახინჯებს ქრისტიანობას და ამით მის მიმდევართა სულებს!...
გალაქტიონს, რომც გაეთვალისწინებინა მეორე მხარე - მორალურ-ზნეობრივი და ასკეტური ერთგულება მეწყვილისა, არ გამოუვიდოდა ის პოეტური ექსტაზი, რაც შექმნა. ე. ი., მან შეგნებულად იცალმხრივა და პოეტურად "მოიგო", მაგრამ სულიერად - წააგო! ამიტომ არაა ეს - საღმრთო ნაწარმოები.
მე ვეცადე განმესხვავებინა ერთურთისაგან - სულიერი და მშვინვიერი ხელოვნება და იმავდროულად, გამეანალიზებინა, ერთის მხრივ - ნეგატიურობა უალტერნატივო მოცემულობის ცალმხრივობისა და მეორე მხრივ - არასულიერი ცალმხრივობა ხელოვნებისა, რაც გარდა იმისა, რომ საანალიზო ლექსის ვნებით-ემოციური მუხტის გამო არ მიეკუთვნება სულიერებას, მეორეს მხრივ - არაობიექტურია და მიუღებელი სრულიად არაქრისტიანი, მაგრამ ბუნებითი სჯულით ზნეობრივი და ასევე - ბუნებითი სჯულით მორალურად ერთგული ადამიანებისთვის, მითუფრო, რომ იგივე კრიტერიუმით გამოირჩევიან თვით ცხოველთა სამყაროს ზოგიერთ წარმომადგენელნიც, მაგ. მგლები...
წმინდანთა ცხოვრების ამსახველ პატერიკებში ილიას განდეგილის დაცემის მსგავსი შემთხვევების გვერდით ასახულია - სულიერ ბრძოლაში გამარჯვებული მოღვაწენიც, რაც ბუნებრივია და რის გამოც (ობიექტური რეალობის გამო), მოვალე ხარ ასახო ერთი მოცემულობაც და მისი მომიჯნავეც, ოღონდ, საპირისპირო, ანუ - სადაც დაცემულ განდეგილს გამოიყვან, ასევე უნდა აჩვენო (თუ მიკერძოებული არა ხარ, რაც თავის მხრივ, ხაზს უსვამს - მორწმუნეობას, ურწმუნოებას, ან ცრუმორწმუნეობას - და, ამ შემთხვევაში, მისგან გარდმომდინარე ცნობიერება - ხელოვნებას) გამარჯვებული განდეგილიც და მაგალითის ძალით განპირობებული არჩევანი მკითხველს მიანდო, ვინაიდან, შენ შენი ვალი მოიხადე;
ღმერთმა ადამიანებს შექმნისთანავე გააცნო ერთი მოცემულობა-სასიკეთო და მეორეც-საბედისწერო, გააცნობიერა და მერე მიუშვა არჩევანზე.
შესაბამისად, როგორც პატერიკებიდან და გადმოცემებიდან ვიცით, ანუ როგორც ობიექტური რეალობაა - არსებობს დაცემულიც და გაბრწყინებული ბერებიც! ასევე - ცხოვრებაშიც არსებობს, გალაქტიონისეული "მიჯნურობაც" და მისი ანტიპოდური ვარიანტიც (ქვევით წარმოდგენილი ნიმუში უცნობი ავტორისა)...
კაცობრიობის მეხსიერება იცნობს ორ ცხოვრებისეულ საზრისს - ღმრთაებრივს და სატანურს, კარგს და ცუდს, სიცოცხლეს და სიკვდილს... ადამიანის უკვდავ სულს, თავისუფალ ნებას და მოაზროვნე სულს აქვს არჩევანი მათ შორის და თავისი არჩევანის სხვებზე განვრცობის, ანუ კეთილი თუ ბოროტი ზემოქმედების უნარი - იქნება ეს გადმოცემული ესთეტიკურად, ეთიკურად, თუ საზოგადოებრივი შეგნებისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ფორმებით - მაგალითად, კულტურით ან რელიგიებით...
ცხადია, ადამიანის ნორმალურ გონს, რომლის არჩევანი მიმართულია კარგისკენ, უჯობს ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებდეს, რათა ცხოვრება გაისრულყოფილოს, გაიიოლოს და გაიუმჯობესოს, როგორც თავისთვის, ასევე შთამომავლობისთვის; სამოთხეში გაჩენილი და ღმრთისგან აღზრდილი ადამიანების შეცდენაც კი შეძლო უარყოფითმა ძალამ და ამქვეყნიურ საცდურებში უფრო გაიოლებულია, ცხადია და ამიტომ, როგორც დედის წინ გაქცეული კვიცი შეჭამა მგელმა, ისე ემართება ჭეშმარიტი შემოქმედი ღმერთისგან გამოყოფილ და მოკუნტრუშე ხელოვნებით გატაცებულებს...
P.S. "ქრისტეანულს" ვამბობ "სულიერის" სინონიმად, რადგან მას მერე, რაც სეკულარისტულმა სულმა თანდათანობით მოწყვიტა ხელოვნება ბიბლიურ - ქრისტეანულ ცნობიერების სულს, დაზუსტებას მოითხოვს "საერო" და "სასულიერო" ტერმინოლოგიაც და ხელოვნების რაობა - ვინაობაც, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ - - როგორც "სავიზიტო ბარათი", ისე უნდა ქადაგებდეს ქრისტეანული ხელოვნება თავისი რელიგიის ცნობიერება - სულიერებას, რაც ერთი და იგივეა - საეროსთვისაც და სასულიეროსთვისაც.
შესაბამისად, დღეს რაც "საეროში" იგულისხმება, მას უნდა ერქვას "წარმართული", ან სინონიმი - „მშვინვიერი“, თორემ ისე გამოდის, რომ "საეროს" განსხვავებული ცხოვრების წესი და ცნობიერება - ხელოვნება ჰქონია, რაღაცნაირი, სხვანაირი "ქრისტიანული", ხოლო, "სასულიეროთ" - ჩვეულებრივი ქრისტეანული?
ანუ, ორნაირი ქრისტეანობა არსებობს, თურმე, ორმაგ სტანდარტიანი?!... ქრისტეანული ხელოვნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ჰიმნოგრაფიით და აგიოგრაფიით - ანუ, აფხაზეთში რომ მღვდელი და მორჩილი მოკლეს მოწამეობრივად, შეიძლება აგიოგრაფიულად ჩამოაყალიბო დღეს(აც) და შეიძლება შეგიძლია სხვა თემა გაამხატვრულო - მართლმადიდებლური სულიერება - ცნობიერებით...
არ ვგულისხმობ - "აღორძინების" "რენესანსი"-ს მსგავს გაუცხოებას ქრისტეანობისგან, რამაც წარმოშვა მშვინვიერი ხელოვნება, რაც სინამდვილეში - ნეოწარმართულია, შეცდომით რომ არქმევენ "დემოკრატიულს" და "ზერელიგიურს", იმიტომ, რომ სამყაროში არ არსებობს არაფერი ისეთი, რასაც რელიგიასთან და მის კერპთან, ან ღმერთთან არ ქონდეს კავშირი, თვით ათეიზმიც კი...
და ბოლოს: ყველას არ ეხება, რაც აქ წერია... მთავარია, გამგებამდე მიაღწიოს და მადლობელი დავშთები თუკი თვალსაჩინოა - მართლქრისტეანობის აპოლოგიას ვეწევი, თუ - ხელოვნების მოთვინიერება-გაქრისტიანებას!
გალაქტიონს პასუხი
გალაქტიონს პასუხი ერთ ერთი პატიმრისგან რომელმაც დაწერა ეს ლექსი ნაკლებად ცნობილია და ძალიან კარგი ლექსია. ეს არის მესაფლავეზე პასუხი გენიოსო, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება იმ წუთშივე მის...
NEWQUTAISI.WORDPRESS.COM
გენიოსო, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება!
მე მაოცებს რად იგონებ ყველა ტრფობის მლანძღავ ზღაპარს,
რომ მუდმივი ტრფობის გლოვა აღარავის არ უნახავს,
რომ ივიწყებს ყველა ხსოვნას,ვისაც სატრფო მოუკვდება,
რომ სუყველას გლოვის შემდეგ სხვა ტრფიალი მოუნდება
რომ თითქოსდა აღარავის აღარ ჰქონდეს წრფელი სული,
რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული!
რაღად გინდა ეგ ცინიზმი რომ მღერიხარ დიდო გონო
ან ვის გინდა ცოდვიანი სტრიქონები გააგონო?!
მილიონში რომ ერთია ვიცი ჩემი ლექსის ქება,
მაგრამ სწორედ იმ ერთშია ტრფიალების უკვდავება!
სკოლის მერხთან მუდამ ერთად იჯდა ლაღი გოგო-ბიჭი,
და უბოძა მათ უფალმა ერთმანეთის ტრფობის ნიჭი
უბოძა და გაიხარა ორმა ნორჩმა,წრფელმა გულმა
და ამაყად იწყო წინსვლა ამ უბადლო სიყვარულმა
ზეიმობდა და ხარობდა სილამაზით ორი გონი
ტრფობის ცაზე ნავარდობდა უკვდავების ფაეტონი
მაგრამ ბედმა ვარდის კოკრებს გადაფურჩქვნა არ აცალა
მოუვლინა მიწიერი უკვდავების გამოცანა,
სამუდამოდ შეაჩერა ვაჟის გულში სისხლი ცხელი
ქალიშვილს კი მიუსაჯა ურთულესი განსაცდელი
დაითუთქა მწუხარებით თოთხმეტი წლის გოგოს გული
მიაცილა სამარემდე უკოცნელი სიყვარული
დაიტირა შავი ძაძით მოუსველა გულზე მიწა
უწრფელესი ცრემლთა ღვარით შეაძრწუნა დედამიწა
ვაჟის დედას ეახლა და უთხრა თქვენი ვარო რძალი
და მიიღო დედამთილმა ქალიშვილი პატარძალი!
გენიოსო კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?!
და მის მერე სატრფოს საფლავს არ სცილდება გოგო_ქალი
მიწიერი მწუხარების ,მგლოვიარე დედოფალი
ზეციური სილამაზის სახეს ადებს ვაჟის გულზე
აღარც ფიქრობს ამ უზომო მწუხარების დასასრულზე
თმას გაიშლის დაემხობა საცოდავად ტირის,კვნესის
მის ცრემლების სიკამკამეს ვეღარ იტევს ჩემი ლექსი
განა მისთვის არ უნდოდათ მიერთმიათ ნორჩი ვარდი?!
და მწუხარედ ეჩურჩულათ შემიყვარდი, შემიყვარდი?!
მაგრამ როგორ კადრებ ტრფობას როცა გიდგას თვალწინ ქალი
ღვთისმშობელი მარიამის თვალებიდან მომზირალი!
ვაჟის დედაც დასტრიალებს უბადლო რძალს მუდამ თავზე
არავინ ჰყავს მისი ფასი გამოცდათა პლანეტაზე
მოხიბლულა მისი ქცევით დედის გული მგრძნობიარე
სიგიჟემდე უყვარს რძალი უკვდავების მოტრფიალე!
ამოწურა მიწიერი წლების რიცხვი დედა_ქალმა
ღირსეულად დაიტირა დედამთილი ქვრივმა რძალმა!
გენიოსო არ გეცვლება ხედვა შენი დიდი ნიჭის?!
ნუთუ არ გშურს სიმდიდრისა გარდაცვლილი ლაღი ბიჭის?!
და მის მერეც წლების რისხვას ქალიშვილი ებრძვის მარტო,
რაღათ უნდა ამ სრულყოფას სხვა სიტყვები მივუმატო
ვაჟის ხსოვნა,წმინდა გრძნობა ააცურა მაღლა ცაზე
ამაყად და ღირსეულად დააბიჯებს ქვეყანაზე
კვლავ ერთგული არის ხსოვნის კვლავ ერთგული არის ღვთისა
როგორ გინდა არ იწამო ამ განგების რჩეულისა!
მიილია მისი წლებიც მიწიერი გამოცდისა
წლეულს გახდა მშვენიერი ქალიშვილი სამოცისა!
შენკი ამბობ არ არსებობს უკვდავება დაგიკარგავს
ჩემულობდი მაგრამ ნუთუ არასოდეს არ გინახავს?!
ან გმირები მოღალატე,უერთგულო როცა ნახე
მაშინ ერთი ღირსეული ქართველი ვერ გამონახე
გამაგონე გენიოსო ამ ღალატით რის თქმა გსურდა
რომ თქვენს დროში ერთგულება აღარავის არ ძალუძდა
როგორ ამბობ სულ ერთგული რომ არავინ იყო უწინ,
და თუ იყო რატომ გახდი მისთვის ასე სიტყვაძუნწი”!
რატომ ცდილობ უკვდავ ტრფობას გაუჩინო შავი ბზარი
მილიონში იმ ერთისთვის ვერ გამოყავ ერთი ბწკარი?!
აღარ იყო?ვერ გიცვნია არ გცოდნია ტრფობის ფასი,
ნუთუ აღარ დაგიცლია უკვდავების თავად თასი
ნუთუ თავად არ ძალგიძდა ერთგულება მარად მწვანე,
ნუთუ მერის რომ ეტრფოდი სხვა ტრფიალზე გადაცვალე,
ნუთუ ის სხვა მოგიკვდა და ვერ შეძელი გლოვა მისი,
ნუთუ ისე გაბოროტდი რომ შეგძულდა გლოვა სხვისი,
ღირსეულს რომ ყვარებოდი არ ყოფილხართ თურმე ღირსი
მერისთანაც გახდებოდი მოტრფიალე ალბათ სხვისი
ვხედავ ვეღარ შეგიცვნია ჭეშმარიტი უფლის მრწამსი
რომ ღალატი მრავლობს მიტომ ერთგულებას ჰქონდეს ფასი
განკითხვამდე უსაზღვროა ცდუნებების რიგთა წყება
ერთგულების ღირსება კი არასოდეს იფარგლება
მაგრამ, ვხედავ გენიოსი ამ სიწმინდეს ვეღარ მისწვდა
და ვაი შენ რომ სიკვდილი სიცოცხლეშივ დაგავიწყდა!
დაგავიწყდა რადგან ასე მსჯელობს შენი დიდი გონი
გსურს უფრსკულში გადაჩეხო უკვდავების ფაეტონი
სხვა რად მინდა ჩემი გითხრა ერთგულების სიმფონია
რა სატრფო ვარ გარდაცვლილი სატრფო თუ ვერ მიგლოვია
დამიფაროს ღმერთმა მაგრამ თუ წამერთვა სატრფოს სული
მის საფლავზე მიჯაჭვული მეყოლება სიყვარული
მიჯაჭვული მეყოლება სანამ სუნთქვის მექნა ნება
ასე მესმის გენიოსო მიწიერი მე ცხოვრება
ვუერთგულებ სატრფოს საფლავს ვუერთგულებ უფლის ნებას
ვუერთგულებ ღირსებას და ტრფიალების უკვდავებას?!
ზარსა სცემენ იმ ქალს ვინაც დაამარცხა ბედი მწარე
მოწიწებით სულ უბრალო კუბოში შჭედს მესაფლავე
შჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე ეხლა კი არ იღიმება
სტირის ჩვენი მესაფლავე ასე უნდა ეგრეც ხდება
ეახლება ქალი ედემს თუ მიგიწვდა მასთან სული
უპასუხე გენიოსო რად ატკინე ოქროს გული
უპასუხე რად უარყავ არ გინდოდა მხელა რისი
უპასუხე რად არიყავ სიყვარულის თავად ღირსი
და უთხარი რომ შეიცან ჭეშმარიტი უფლის მრწამსი
რომ არსებობს რომ არსებობს ერთგულება ქვეყნად მსგავსი
რომ გრცხვენია რომ გრცხვენია მოიფიქრე კიდევ რამე
რომ აკლია “მესაფლავეს” სიყვარულის სიკამკამე
თავად ხედავ აღარა გაქვს ნება რაც თქვი კვლავ იგი თქვა
ვერასოდეს შეიწირავს წმინდა ტრფობას სამარის ქვა
მეკი გეტყვი განა გჯიბრობ და გიცხადებ ლექსით მტრობას
გედავები მარადიულ უერთგულეს გრძნობის გმობას
გიღიარებ გატოლება ლექსით შენთან არის ძნელი
მაგრამ, გკითხავ რად ირგუნე უკვდავების სავარძელი?!
წამოდექი სავარძლიდან ჩამომართვი ხელზე_ხელი
არ მელოდი გენიოსო? უკვდავება გეახელი!!!!