რატომ გამირბიან ლექსმწერები და როგორ შევამციროთ „მაკულატურა“?!

რატომ გამირბიან ლექსმწერები და როგორ შევამციროთ „მაკულატურა“?!

 

დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში, კონკრეტულ ფაქტზე დაყრდნობით, ლექსიპარიებზე და ქართულ ლიტერატურულ სივრცეში დაგროვილ „ნაგავზე“ ვწერდი, რომელსაც ქართველი მკითხველი დღეს ხარბად ისრუტავს!

 

გულისტკივილით იმაზეც ვამახვილებდი ყურადღებას, თუ როგორ შეიძლება დაასნებოვნოს მკითხველის სული და შესაბამისად, გემოვნება, უნიჭოდ დაწერილმა ლექსმა თუ პროზას დამსგავსებულმა აბრაკადაბრამ!

 

ფეისბუქსტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - თუ ერთნი, მიმტკიცებდნენ, რომ ყველას აქვს წერის უფლება და ცუდსა და კარგს დრო გამოაჩენს, მეორენი, საპირისპირო აზრს ავითარებდნენ - უნიჭოები დროზე უნდა ვამხილოთ, რომ მათ საზოგადოების სულიერი შრე არ დააზიანონ!

 

განსაკუთრებით მწვავე და მიზანმიმართული იყო ნიჭიერი პოეტის და ასევე პროფესიონალი ლიტერატორის, ქალბატონ ნონა ფიფიას „ბრალდება“ - მისი აზრით, ყველაფერი გამომცემლობების ბრალია: მათ არ უნდა აუნთონ „მწვანე შუქი“ მდაბიო ლიტერატურას და „ორ კაპიკს“ არ უნდა დახარბდნენ!

 

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ ნონას განცხადება ჩემთვის, როგორც პროფესიონალი გამომცემლისთვის, ფინანსურად წამგებიანია, ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარდაჭერას იმსახურებს - დიახ, ნაგავი არ უნდა გამოსცე!

 

ლოგიკურად ისმება კითხვა: ვინ დაადგინოს ამა თუ იმ ავტორის, თუ ფსევდოავტორის ნაცოდვილარის ლიტერატურული ხარისხი და ვინ გამოარჩიოს ნამდვილი „ყვავილი“ სარეველებისგან?!

 

დავიწყოთ იქიდან, რომ დღეს ლიტერატურული კრიტიკა, რომელსაც ევალება (ხელეწიფება) გაარჩიოს ნამდვილი ყალბისგან, ფაქტიურად არ არსებობს - მიუხედავად იმისა, რომ არიან ნიჭიერი ლიტერატორები, მათ არ გააჩნიათ მტკიცე ნება - ობიექტური შეფასება მისცენ ლიტერატურულ მიმდინარეობას და მკითხველს „თეთრისა“ და „შავის“ გარჩევაში დაეხმარონ!

 

მე ხშირად დავსწრებივარ ახალგამომცხვარი წიგნების ე.წ. გარჩევებს (პრეზენტაცია სათვალავშიც ჩასაგდები არ არის!), სადაც საკმაოდ სოლიდური რეგალიების ლიტერატორები საუბრობენ მხოლოდ ნაწარმოების „პოზიტივზე“ (ე.წ. ძლიერ მხარეებზე), ხოლო, „ნეგატივზე“ (სუსტ მხარეებზე) საუბრისგან თავს ყველა იკავებს!

 

თუ პროფესიონალურად გავნსჯით (კრიტიკის თვალსაზრისით მივუდგებით) ცალმხრივად შეფასებული წიგნი (ნაწარმოები) შეფასებული არ არის - ავტორმა არ იცის, სად იმალება მისი შემოქმედებითი სისუსტე და რა უნდა გამოასწოროს მომავალში!

 

ახლა კი დავუბრუნდეთ ქალბატონ ნონას პირდაპირ „ბრალდებას“, რომელსაც იგი გამომცემლობებს უყენებს - სუსტი წიგნი არ უნდა იბეჭდებოდეს!

 

მე, როგორც გამომცემელი, ვეთანხმები, რომ არ უნდა იბეჭდებოდეს, მაგრამ, როგორ განსაზღვრონ თანამედროვე გამომცემლობებმა წიგნის სიავკარგე, როცა მათ არც რედაქტორი ჰყავთ შტატში და არც კორექტორი (ერთ-ორ გამონაკლისს არ ვგულისხმობ), რომ თავიდან კორექტურული უზუსტობები მაინც აიცილონ?!

 

მე პირადად, დღეს არც შტატიანი რედაქტორი მყავს გამომცემლობაში და არც კორექტორი, მაგრამ, არც ერთი წიგნი რედაქტირება-კორექტირების გარეშე არ გამიშვია სტამბაში დასაბეჭდად და თქვენ წარმოიდგინეთ, ამისთვის არანაირი დამატებითი ანაზრაურება არ ამიღია! ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ავტორი მზად იყო მაქსიმალური გადაეხადა, ოღონდ, წიგნი ჩემი რედაქტორობით და ჩემი გამომცემლობის გრიფით გამოსულიყო, მაგრამ, ასეთ „ორ კაპიკს“ არასდროს დავხარბებულვარ.

 

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, ჩემი ხელდასხმით შედარებით სუსტი წიგნები არ დაბეჭდილა - რა თქმა უნდა, წიგნს ხელახლა ვერ დაწერ, მაგრამ, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ჩემგან გასული გამოცემები ყოველთვის დაზღვეულია კორექტურული და სტილისტური უზუსტობებისგან!

 

დაკვირვებული ვარ: ბევრი ავტორი ლექსისა თუ პროზისადმი ჩემი პროფესიონალური და ობიექტური დამოკიდებულების გამო, ჩემთან თანამრომლობას ერიდება და წიგნს იქ მიარბენინებს, სადაც მხოლოდ დაბეჭდვიდან მიღებული სარგებელი აინტერესებთ.

 

არადა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უარს ვამბობ ლექსიპარიებისა და ძალადპოეტების ნაცოდვილარის გამოცემაზე, თუ ადამიანი თავმდაბალია და საკუთარი შემოქმედების გაკეთილშობილება სურს, ყოველთვის მხარს ვუჭერ და არც მრცხვენია, რომ ამა თუ იმ წიგნს ჩემი, როგორც რედაქტორის და ჩემივე გამომცემლობის გრიფი ამშვენებს...

 

ხშირია შემთხვევა, როცა წიგნს ჰყავს ფორმალური რედაქტორი, მაგრამ, ეტყობა, რომ წაკითხულიც არა აქვს! ასეთ სიტუაციაში ყოველთვის საკუთარ თავზე ვიღებ რედაქტორის პასუხისმგებლობას და წიგნი „სამშვიდობოს“გამყავს!

 

ჩემი დაკვირვებით: ავტორთა და გამომცემელთა შარლატანობა ხშირად იქამდეც მიდის, რომ წიგნი ვორდის ფაილში პირდაპირ იგზავნება სტამბაში, ყოველგვარი რედაქტირება-კორექტირებისა და დაკაბადონება-დიზაინის გარეშე, რაც ლიტერატურულ სივრცეს მაკულატურით ავსებს. თუმცა, დაახლოებით იგივე შედეგთან გვაქვს საქმე, როცა გამომცემლობა მხოლოდ ბრჭყვიალა დიზაინით შემოიფარგლება და ყოველგვარი ლიტერატურული ჩარევის გარეშე სთავაზობს მკითხველს იგივე მაკულატურას!

 

რას ვიზამთ - დღეს საბაზრო ეკონომიკაა და სტამბა-გამოცემლობებს მხოლოდ მოგება აინტერესებთ, ხოლო, ავტორებს, იაფფასიანი პოპულარობა!

 

რაც შეეხება მკითხველს, მკითხველზე დღეს არავინ ზრუნავს!

 

სად არის გამოსავალი?

 

როგორც ქალბატონი ნონა ბრძანებს, პროფესიონალური კრიტიკის უქონლობის პირობებში პასუხისმგებლობა გამომცემლობებმა უნდა აიღონ - ისინი ვალდებულნი არიან გააკეთონ ლიტერატურული და პროფესიული (ვგულისხმობ, პროფესიულ ლიტერატურას) ექსპერტიზა და მკითხველს მეტ-ნაკლებად „გაშალაშინებული“ (დახვეწილი“) წიგნი მიაწოდონ.

 

ამასთან, ინტენსიურად უნდა დაიწყოს კონკრეტული გამოცემების ლიტერატურული კრიტიკა, სადაც კუთვნილი ადგილი უნდა მივუჩინოთ არა მარტო უპასუხისმგებლო ავტორებს, არამედ, შარლატან (მხოლოდ ფულზე დახარბებულ) გამომცემლებსაც!

 

და ბოლოს: როგორც ყველაფრის ჭამა არ შეიძლება, ისე, ყველაფრის გამოცემა და წაკითხვა არ შეიძლება!!!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: