ზაურ ნაჭყებია: რატომ ეშინია ხელისუფლებას ბრინჯაოში გამოქანდაკებული დავით აღმაშენებლის?!
დაბეჯითებით ვერავინ მეტყვის, კოკელმა დავით ნარმანიამ უფრო მეტი სარგებლობა მოუტანა დედაქალაქს, თუ სამტრედიელმა კახა კალაძემ. თუ პირველს პროვინციელობას (განსაკუთრებით, რბილ „ლ“-ს) უწუნებდნენ, კალაძის შემთხვევაში თბილისელებს მსგავსი პრეტენზია არ ჰქონიათ. პირიქით, ბევრს მიაჩნდა, რომ ერთ დროს წარმატებული ფეხბურთელი დედაქალაქის წარმატებული მერიც იქნებოდა. მითუმეტეს, კალაძე ნარმანიასგან განსხვავებით, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველ ორგანოში სოლიდურ თანამდებობას იკავებდა, „მეფის“ კარზე მიღებულ პერსონად ითვლებოდა, რომელსაც თამამი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლო.
ივანიშვილის ფავორიტებს (ნარმანია-კალაძეს), გარდა პროვინციელობისა (ამ შემთხვევაში დაბადების ადგილს არ ვგულისხმობ), თითქმის არაფერი აერთიანებთ - თუ ნარმანიას სახით საქმე გვქონდა კომუნიკაბელურ, მეტ-ნაკლებად თავმდაბალ ჩინოვნიკთან, რომელიც ყველაფერს შეგპირდებოდა და თითქმის არაფერს გაგიკეთებდა, კალაძე საერთოდ მოუხელთებელი გახდა დედაქალაქის მოსახლეობისთვის - როგორც ამბობენ, მასთან შეხვედრა ბევრისთვის აუხდენელ ოცნებად იქცა!
შეიძლება თამამად ითქვას, რომ იგი (კალაძე), როგორც მინდორზე, პოლიტიკაშიც მოთამაშეა - თანამედროვე ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, კარგად აქვს ათვისებული PR ტექნოლოგიები და საზოგადოების გაუთვითცნობიერებელ ნაწილზე ხელოვნური ეფექტის მოხდენა შეუძლია! სინამდვილეში თუ როგორი მერია იგი, თბილისელებმა განსაჯონ...
თბილისის მერის წინასაარჩევნო პერიოდში, ძალიან ბევრი, მათ შორის, ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამტკიცებდა, რომ კალაძე საუკეთესო მერი იქნებოდა.
მახსოვს, ცნობილი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, გაზეთ „თბილისის“ რედაქტორი პროფესორი სოსო (იოსებ) ჭუმბურიძე მიმტკიცებდა, რომ კალაძე თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში დედაქალაქის ტრადიციულ გაზეთს აუცილებლად აღადგენდა, რაც პირადად მე, არარეალურად მეჩვენებოდა. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი გამართლდა. რამდენადაც ვიცი, არა თუ გაზეთი აღადგინა, რედაქციის წარმომადგენლებს თბილისის მერთან შეხვედრის საშუალებაც არ მიეცათ! არადა, აქ იმდენად არა დაფინანსების პრობლემაზე შეიძლება იყოს საუბარი, რამდენადაც პოლიტიკური ნების არქონაზე - კალაძეს ზედმეტი თავის ტკივილი არ სჭირდება, მით უმეტეს, მისთვის გაზეთი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს.
თუმცა, გაზეთის აღდგენის პრობლემა უმნიშვნელოა იმ მოლოდინთან შედარებით (ოდნავადაც არ ვაკნინებ ტრადიციული, ჭეშმარიტად პროფესიონალური გაზეთის მნიშვნელობას), რასაც წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის ისტორიულ ადგილზე დაბრუნება ჰქვია - ყველას ეგონა, რომ კალაძე გამოიყენებდა საკუთარ უპირატესობას ნარმანიასთან შედარებით და ამ ნაბიჯით (ძეგლის რუსთაველზე დაბრუნებით) თბილისელების გულს ადვილად მოიგებდა!
როგორც ამბობენ, თურმე იგივე მოლოდინი ჰქონდა ქანდაკების ავტორს, „ქართველ მიქელანჯელოდ“ წოდებულ მერაბ ბერძენიშვილსაც, რომელმაც აღმაშენებლის ძეგლის რუსთაველზე დაბრუნების დაუოკებელი სურვილი საფლავში ჩაიტანა.
ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ აითვალწუნა მიხეილ სააკაშვილმა ძლევამოსილი ქართველი მეფის ძეგლი და რატომ გადაიტანა იგი ქურდულად მისთვის შეუფერებელ ადგილას? ამაზე პასუხის გაცემა არც თუ ისე რთულია.
ყველას გვახსოვს, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ტრიუმფით არჩეულმა მესამე პრეზიდენტმა როგორ მოიწადინა ფიცის დადება გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავზე, რითაც მიგვანიშნა, რომ ძლევამოსილ ქართველ მეფეს ბაძავდა! თუმცა, მალევე მიხვდა, რომ მას გვერდით არ ჰყავდა გიორგი ჭყონდიდელი, რომელიც შეცდომებს არ დააშვებინებდა და არც თვითონ იყო აღმაშენებლის პროტოტიპი, ხალხისთვის ღირსება დაებრუნებინა (ისტორია გვამცნობს, რომ როცა აღმაშენებელი სამეფო ტახტზე ავიდა, თავის მასწავლებელს გიორგი ჭყონდიდელს ჰკითხა, როგორ უნდა დაეწყო სახელმწიფოს მართვა, რაზეც გენიალური პასუხი მიიღო: პირველ რიგში ხალხს ღირსების გრძნობა დაუბრუნეო) - პირიქით, მან მთელი ძალისხმევა ერისთვის ღირსების წართმევას მოახმარა და უფრო შორსაც წავიდა - იმდენად გათავხედდა, ცინიკურად გვიმტკიცებდა: საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყებაო.
სწორედ სააკაშვილის ზეობის პერიოდში დაიწყო ქვეყანაში ავტორიტეტების მსხვრევის კამპანია - ძლევამოსილი ქართველი მეფე დავით აღმაშენებელი ის შეუვალი ავტორიტეტი იყო, რომელიც პატივმოყვარე პრეზიდენტს ნერვებს უშლიდა და ყელშიც გაეჩხირა!
თუ ქუთაისში ადვილად შეძლო ძეგლის დემონტაჟი და ფაქტიურად „ნაგავზე“ მოისროლა, თბილისში ამდენი ვერ გაბედა და აღმაშენებლის ძეგლი მისთვის შეუფერებელ ადგილას - დიღმის სატრანსპორტო ტრასაზე გადაიტანა - თან, როგორც ზემოთ ვთქვი, ქურდულად - ძეგლის ავტორთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე!
ყველა დამეთანხმება, რომ უგულავას არავინ ეკითხებოდა ძეგლის დიღომში გადატანას. საკამათო არ უნდა იყოს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებშიც ეს საკითხი მერების დონეზე არ წყდება - ქვეყანაში პოლიტიკური ნება არ არსებობს აღმაშენებლის ძეგლი ისტორიულ ადგილს დაუბრუნდეს!
ასეთი ცინიკური, ნიჰილისტური დამოკიდებულება მარტო აღმაშენებლის ძეგლის მიმართ რომ იყოს, კიდევ რა გვიჭირდა. ზოგადად, ყოველგვარ ეროვნულ ფასეულობას ებრძვიან - ებრძვიან ავტორიტეტებს, გვავიწყებენ ერის ღიორსეულ ისტორიას, სურთ თანდათან მოსპონ ეროვნული საგანძური, რაც მრავალჭირგადანახად ერს დღემდე მოუტანია!
რა ტესტი უნდა ჩააბაროს ლადო კახაძემ?!
მწერალთა სახლში გამართულ სახელდახელო შეკრებაზე, რომელიც სახელოვანი (ღვაწლმოსილი) ადამიანების მონაწილეობით ჩატარდა, კიდევ ერთხელ იყო საუბარი აღმაშენებლის ძეგლის ისტორიულ ადგილზე გადატანის აუცილებლობაზე.
ლეგენდარული მერაბ ბერძენიშვილის უერთგულესმა მეგობარმა და აღმაშენებლის ძეგლის არქიტექტორმა, მსოფლიოში აღიარებულმა ხუროთმოძღვარმა, ბ-მა ვახტანგ დავითაიამ (რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს ბერძენიშვილის ანდერძი აღასრულოს) შეკრებილებს დეტალურად გვამცნო ამ ძეგლის გარშემო არსებული ისტორია. გულწრფელად (დაწვრილებით) ისაუბრა იმ გულგრილობაზე და ცინიზმზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა და დღესაც აქვს დედაქალაქის მერია-საკრებულოში. შეკრებაზე გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე, ჯერ კიდევ სულმნათი მერაბ ბერძენიშვილის სიცოცხლეში, ატალახებული ჰქონდათ თბილისის მუნიციპალიტეტის კარები, სისტემატურად იწერებოდა ღია მიმართვები საქართველოს პრემიერ-მინისტრების სახელზე, ასევე, ღვაწლმოსილი ადამიანები პერმანენტულად გამოდიოდნენ პრესითა და ტელევიზიით, ხვდებოდნენ მერიის მაღალჩინოსნებს. მიუხედავად იმისა, რომ იყო დაპირებებიც, პრობლემა მკვდარი წერტილიდან დღემდე არ დაძრულა.
თუ დავით ნარმანიასთან კომუნიკაციის პრობლემა არ ყოფილა, როგორც ზემოთ ვწერდი, კახა კალაძესთან შეხვედრა ბატონმა ვახტანგმა ამ ორი წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ მოახერხა. თუმცა, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია - კატეგორიულ უარსაც არ ეუბნებიან, მაგრამ, არც არაფერს აკეთებენ! მერიის აპარატი კი იმდენად გათავხედებულია, რომ ძეგლის გადატანის გაჭიანურებას დედაქალაქში შექმნილ უკიდურეს სიდუხჭირეს უკავშირებს - „იმდენი მშიერი გვყავს ქალაქში, რაღა დროს ძეგლის დაბრუნებაზეა საუბარიო“. თბილისის საკრებულოში კი ამ საკითხით დაინტერესებულ ერთ-ერთ პიროვნებას, თამაზ ათანელს ცინიკურად განუცხადეს, რომ ძეგლი მიხეილ სააკაშვილმა გადაიტანა და სადაც ახლა არის, იქ უნდა დარჩესო!
სამწუხაროდ, არავინ ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება მათ პრეროგატივას აღემატება, რადგან ქვეყანაში ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, არ უნდა გვიკვირდეს, რომ თბილისის საპატიო მოქალაქეების ღია მიმართვას თბილისის მერისადმი, მესამე თვეა ოფიციალურად არავინ გამოხმაურებია. დიახ, არც საზოგადო მოღვაწეთა ხმა აღწევს დედაქალაქის ჩინოვნიკთა ყურამდე, რაც გვაფიქრებინებს, რომ ისინი ან უძლურნი არიან მიიღონ გადაწყვეტილება, ან ასეთი ცინიზმი და გულგრილობა ზოგადად დღევანდელი ხელისუფლების ხელწერაა!
სხვათაშორის, დარბაზში სახელოვან ადამიანებს შორის იყო დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის რაიონში „ქართული ოცნებიდან“, ბ-ნო ლადო კახაძეც. მან აიღო ვალდებულება, რომ ამ თემას მიიტანდა სადაც ჯერ არს და თავის საარჩევნო კამპანიას სწორედ ამით დაიწყებდა, რასაც ჩემი კოლეგის, ბატონ სოსო ჭუმბურიძის იუმორით გაჯერებული რეპლიკა მოჰყვა: მოდით, ჯერ გაიაროს ტესტირება ბატონმა ლადომ, რამდენად მოახერხებს ამ პრობლემის მკვდარი წერტილიდან დაძვრას და დეპუტატად მერე ავირჩიოთო! სად და ვისთან უნდა მიიტანოს ეს დავალება, გასაგებია, მაგრამ, როგორ მოუსმენენ და რამდენად გადაწყვეტენ დადებითად, ჯერჯერობით ამის თქმა ძნელია!
უნამუსოებს ნამუსზე ვერ ავაგდებთ!
შეკრებაზე ძალიან ბევრი გამომსვლელი იყო, რომლებიც თითქმის ერთსა და იგივეს იმეორებდნენ, მაგრამ, გამოსავალს ვერ ხედავდნენ. თუ ბატონი ვალერი ასათიანი „კარგად თქმისკენ“ და სატელევიზიო ეთერის ეფექტურად (მიზანმიმართულად) გამოყენებისკენ მოგვიწოდებდა, კინოდოკუმენტალისტი გოგი (გიორგი) თორაძე, რომელიც დოკუმენტურ ფილმს იღებს დავით აღმაშენებელზე, გამოსავალს შუა აზიის ერთ-ერთი სოფლიდან ყივჩაღთა შთამომავლების ჩამოყვანაში ხედავს (არ ვხუმრობ)! მისი აზრით, იქნებ მათმა თხოვნამ მაინც გაჭრას და ხელისუფლებამ ძეგლი ისტორიულ ადგილზე, I რესპუბლიკის მოედანზე დააბრუნოს (გაჭირვება კაცი რას არ მოგაფიქრებინებს!). ბატონები ანზორ ერქომაიშვილი, გიგა ბათიაშვილი, თემო გოცაძე, ვაჟა აზარაშვილი და სხვები და სხვები დაბეჯითებით აცხადებდნენ: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მერაბ ბერძენიშვილის ანდერძი აღსრულდეს, თუმცა, მათ ომახიან გამოსვლებში ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი მაინცდამაინც არ იგრძნობოდა.
ყველაზე ორიგინალური მაინც საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე იყო, რომელმაც ხელისუფლების „დანამუსების“ მიზნით, აღმაშენებლის ძეგლის დაბრუნების ფონდის დაფუძნების იდეა შემოგვთავაზა. წინადადება საფუძველს მოკლებული არ იქნებოდა, ძეგლის გადმოტანის რეალური მიზეზი ფინანსური პრობლემები რომ ყოფილიყო. რამდენადაც ვიცი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთხელაც არ უხსენებიათ, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტას ფინანსური რესურსების უქონლობა უშლიდა ხელს. დიახ, საკითხი წმინდა პოლიტიკურია და გვინდა არ გვინდა, ჩვენც სხვა გზას უნდა დავადგეთ, სხვა ხერხი უნდა მოვიფიქროთ!
რა შუაშია ივანიშვილი?
ბატონმა სოსო ჭუმბურიძემ და სხვა გამომსვლელებმაც ღიად დააფიქსირეს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა ივანიშვილის კეთილი ნების გარეშე შეუძლებელია. შეიძლება ვიღაცას სჯერა, რომ აღმაშენებლის ძეგლის „ჭირისუფლების“ ტკივილიანი ხმა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემოქმედის - ბიძინა ივანიშვილის ყურამდე არ მისულა და თუ ჩვენ შევძლებთ მასთან კომუნიკაციას, პრობლემა ადვილად მოგვარდება!
დარბაზში ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: რა შუაშია ძეგლის გადატანასთან ივანიშვილი? რა ოფიციალური თანამდებობა უკავია მას დღეს საქართველოში, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტაში ერეოდეს? მერე რა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. მითუმეტეს, როგორი მმართველი პარტიაა „ქართული ოცნება“, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმაც გამოააშკარავა.
ასეთი მიდგომა (ანუ, ეს მხოლოდ ივანიშვილს ხელეწიფება), კომუნისტური ეპოქის ნოსტალგიის ასოციაციას იწვევს _ იმ ეპოქის, როცა ყველაფერს კომპარტია წყვეტდა, ოღონდ, ასეთი იდეოლოგიურად საჩოთირო საკითხები პოლიტბიუროზე ან ადგილობრივი ცკ-ის ბიუროზე იხილებოდა. დღეს კი არა მგონია, ივანიშვილს საკუთარი ნების სადემონსტრაციოდ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსთან შეთანხმება დასჭირდეს!!!
კიდევ ვიმეორებ: ვერავინ დამარწმუნებს, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ძეგლის ადრინდელ ადგილზე, რუსთაველზე დაბრუნების თაობაზე ატეხილ აჟიოტაჟზე არაფერი იცოდეს, მაგრამ, საეჭვოდ დუმს!
პირადად ჩემთვის მიუღებელია ასეთი მონური დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან - თუ მას შეუძლია, თუ მხოლოდ მასზეა დამოკიდებული ამ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა და არ აკეთებს, კი არ უნდა ვთხოვოთ, არამედ, მოვთხოვოთ! რა მნიშვნელობა აქვს, პირადად მივმართეთ თუ არა მას ამის თაობაზე - ივანიშვილმა ასეთ გახმაურებული თემები კი არა, სად რა გაიფაჩუნებს (სუსის წყალობით), ისიც კი იცის. იმაშიც დარწმუნებულია, რომ „ბოლო სიტყვა“ ყოველთვის მას ეკუთვნის!!!
რადგან ასეა, მიკვირს, როგორ ვერ მოახერხეს ამ 7 წლის მანძილზე ივანიშვილთან დაახლოებულმა ადამიანებმა ხმა მიეწვდინათ საქართველოს „უგვირგვინო მეფისთვის“ და დაერწმუნებინათ, რომ ძეგლის დაბრუნება აუცილებელია - დაერწმუნებინათ იმაშიც, რომ ამით იგი ქართველი ინტელიგენციის გულს მოიგებდა და მნიშვნელოვან ქულასაც ჩაიწერდა!
როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მისია ამჯერად მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდის რაიონში, ბატონმა ლადო კახაძემ იკისრა - სწორედ ის გადასცემს ივანიშვილს პეტიციას, რომელიც სახელდახელო შეკრების მონაწილეებმა შეიმუშავეს.
არ ვიცი, მოიქნევს თუ არა „ჯადოსნურ კვერთხს“ საქართველოს დღევანდელი „მბრძანებელი“, მაგრამ, რომც მოიქნიოს და პრობლემა დადებითად გადაწყდეს, მე ერთი კაცის ნებაზე დარჩენილი საქართველო ძალიან მეცოდება!
P.S. გულდასმით გავეცანი მიმართვის ტექსტს, რომელსაც ერის ინტელექტუალური ნაღები აწერს ხელს. მიმართვაში იგრძნობა, რომ ივანიშვილი ბოლო იმედია და მხოლოდ მას შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება.
აქსიომაა: თხოვნა კომუნიკაციის ცივილური ფორმაა, თუ რა თქმა უნდა, შენს თხოვნას ითვალისწინებენ, მაგრამ, როცა ეს არ ჭრის, მაშინ, უნდა მოსთხოვო!
დაველოდოთ, იქნებ ამჯერად მაინც გაგვიღიმოს ფორტუნამ, თუ არადა, არსებობს სხვა ფორმაც - საპროტესტო აქცია დედაქალაქის ინტელიგენციის მონაწილეობით, რომელიც კიდევ ერთხელ გააშიშვლებს დღევანდელი ხელისუფლების ნამდვილ სახეს და აიძულებს მას წავიდეს დათმობაზე!
P.S.S. ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ ახალგაზრდა თაობას, ვსაყვედურობთ, რომ მათ პატრიოტული მუხტი არ გააჩნიათ, რაც სიცრუეა - ჩვენი ინერტულობით და ხელისუფლებისადმი მონური მორჩილებით თვითონ ვაძლევთ მათ ცუდ მაგალითს. აბა დავუძახოთ და მხარდაჭერა ვთხოვოთ, თუნდაც ამ ძეგლის გადატანისთვის აუცილებელ საპროტესტო აქციაში. დარწმუნებული ვარ, გვერდში დაგვიდგებიან და თავიანთი ომახიანი შეძახილებით ქვეყანასაც შეაზანზარებენ.
ღმერთმა ქნას არ დაგვჭირდეს!