გახარია წავიდა თუ მოდის?!

გახარია წავიდა თუ მოდის?!

იმდენი იძახეს გახარია მიდისო, იმდენად დააკნინეს მისი, როგორც ქვეყნის პირველი პირის  ღირსება, ადგა და წავიდა!

 

ოღონდ, წავიდა ღირსეულად - ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე აუწყა საზოგადოებას, რომ ივანიშვილმა უდიდესი შეცდომა დაუშვა (იქნებ, არც დაუშვია და ყველაფერი გეგმაზომიერად გააკეთა), როცა მართვის ბერკეტები, ანუ  მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა,  არ გადააბარა მოქმედ პრემიერ-მინისტრს და იგი სრულიად უუფლებო მდგომარეობაში დატოვა!

 

ვერავინ იტყვის, რომ გახარია გაიქცა!

 

მართალია, მისი ნაბიჯი ამ დაძაბულ სიტუაციაში შეიძლება ქვეყნისთვის სასარგებლო არ იყოს, მაგრამ, მან ამით პოლიტიკური იმიჯი და ადამიანური სახეც შერინარჩუნა - გახარია არ გახდა  ჯიბის პრემიერ-მინისტრი,  არ მიიღო  მონაწილეობა ბინძურ შეთქმულებაში, რომელიც მხოლოდ  უფალმა იცის, რას უქადის  საქართველოს!

 

გახარია ზოგ-ზოგიერთებივით არ გაპარულა - მან ობიექტური შეფასება მისცა მოვლენების მთავარი „გმირის“ - ნიკანორ მელიას დესტრუქციულ ქმედებას, თუმცა, ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებას  არსებული ურთულესი გამოწვევების გათვალისწინებით, არ უნდა დაეშვა ვითარების ესკალაცია, რაც ადვილად შესაძლებელია სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი გახდეს მისთვის დამახასიათებელი დამანგრეველი შედეგებით!

 

გახარია არ გამოდგა „სკამის მონა“ - როცა დარწმუნდა, რომ საკმარისი ძალაუფლება არ ჰქონდა მიეღო ერთპიროვნული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამით ფეთქებადსაშიში პერსპექტივა აეცილებინა ქვეყნისთვის, ისე დატოვა თანამდებობა, რომ  ყველაფერს ფარდა ახადა - ანუ, „ქართული ოცნების“ დაღვარჭნილი სახე ბოლომდე გააშიშვლა!

 

არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინ იქნება გახარიას მემკვიდრე-ვინც არ უნდა იყოს „ქართული ოცნებიდან“, გახარიას, როგორც სტაბილური ფსიქიკისა და მოქნილობის პოლიტიკოსს, წელამდეც ვერ მიწვდება!

 

ძნელი სათქმელია, ამით  დაასრულებს თუ არა იგი პოლიტიკურ კარიერას. თუმცა, ლოგიკურად მისთვის ორი გამოსავალი არსებობს: ან წავიდეს საერთოდ საქართველოდან, ან შექმნას ოპოზიციური პარტია და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ერთი მთელისგან შემდგარი ორი ოდიოზური პოლიტიკური წარმონაქმნი - „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ პოლიტიკური სივრციდან განდევნოს!!!

 

დღევანდელი პოლიტიკური ვაკხანალიის პირობებში ამის სერიოზული რესურსი და პერსპექტივაც არსებობს!

 

იქნებ ივანიშვილმაც სწორედ ეს პერსპექტივა დასახა და „ქართული ოცნება“ პოლიტიკური სასაფლაოსთვის გაიმეტა?!

 

რაც შეეხება ხალხს, ამ მარაზმის შემყურე, მას მხარს აუცილებლად დაუჭერს!

 

p.s. აბა გავიხსენოთ რა თქვა მან ორიოდე კვირის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, როცა მას გადადგომაზე კითხვა დაუსვეს?

 

„მე კი არ მივდივარ, მე მოვდივარო!“

 

იქნებდა, სწორედ ამ პერსპექტივას გულისხმობდა?!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: