ანდრეს ფოგ რასმუსენი: საქართველო ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებას მიეკუთვნება
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ცოტა ხნის წინ ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო.
ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ნატო, თავის მხრივ, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობების ერთგული რჩება.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე მხარს ვუჭერთ მის ევრო-ატლანტიკურ მომავალს”, - აცხადებს რასმუსენი.
ნატოს გენერალური მდივანი, პირველი ოქტომბრის არჩევნებს საქართველოს მიერ ჩაბარებულ მნიშვნელოვან გამოცდად მიიჩნევს და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოსთვის შემდეგ მნიშვნელოვან გამოცდად აფასებს.
„ამასობაში, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გააგრძელოს თანამშრომლობა, რათა ხელი შეუწყონ პოლიტიკურ თანაცხოვრებას, გააგრძელონ აუცილებელი რეფორმების გატარება და მიაღწიონ უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციის სრული დაცვით. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს მომავლისთვის, როგორც სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნისათვის ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაში - რომელსაც ის მიეკუთვნება“,-განმარტავს რასმუსენი.