პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის მოქალაქე დააკავეს
დუშეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 1975 წელს დაბადებული არკადი ხ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, არკადი ხ. პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ავტომანქანით გაქცევა სცადა, რის შედეგადაც, ქვეითად მოსიარულე პოლიციელს დაეჯახა.
სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის დაკავებისას გაირკვა, რომ მას მართვის მოწმობა ჰქონდა ჩამორთმეული. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კი, დადგინდა, რომ არკადი. ხ. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება სსსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 381-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს შსს-ს დუშეთის რაიონული სამმართველო იძიებს.