მიკ ჯაგერის წერილები აუქციონზე გაიტანეს
„როლინგ სტოუნის“ სოლისტის მიკ ჯაგერის წერილები, რომლებიც მან ამერიკელ მომღერალ მარშა ჰანტს მისწერა, „Sotheby“-ის აუქციონზე გაიყიდა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ლონდონში 12 დეკემბერს გამართულ აუქციონზე სულ 10 წერილი გაიყიდა. აუქციონის სრული შემოსავალი 300 ათას დოლარზე მეტს აღწევს.
წერილები, რომლებიც 1969 წლის ივლის-აგვისტოშია დაწერილი, აუქციონზე თავად მარშა ჰანტმა გაიტანა. მომღერალმა თავისი ნაბიჯის მიზეზი მძიმე ფინანსური მდგომარეობით ახსნა. მისივე თქმით, წერილებიდან შემოსული თანხა მას ვალების გადასახდელად სჭირდება.
აუქციონის მსვლელობისას ჰანტმა განაცხადა, რომ ასეთი წერილები აუქციონზე უნდა გამოიფინოს, რადგან ისინი საკმაოდ სოლიდურ კოლექციურ ღირებულებას წარმოადგენენ.
მარშა ჰანტი და მიკ ჯაგერი ერთმანეთს რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, თუმცა ისინი ამ ურთიერთობას საიდუმლოდ ინახავდნენ. 1970 წელს მათ ქალიშვილი კარისი შეეძინათ.