მიხეილ სააკაშვილი: ახალი მთავრობის ქმედება ევროპაში შეშფოთებას იწვევს!
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის ქმედება - დაპატიმრებები და მედიასაშუალებებზე ზემოქმედება, ევროპაში შეშფოთებას იწვევს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სახალხო პარტიის სამიტზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სამიტზე საქართველოში შექმნილ საგანგაშო სიტუაციაზე იმსჯელეს.
„წინა მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესსაც მიაღწია. ამას გარდა, შესაძლებელი გახდა საპარლამენტო არჩევნების პროცესის სამართლიანად და სწორად წარმართვა. თუმცა ახალი მთავრობის ქმედება - დაპატიმრებები და მედიასაშუალებებზე ზემოქმედება - ევროპაში შეშფოთებას იწვევს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტი ახალ მთავრობას მოუწოდებს, მსგავს ქმედებებზე ხელი აიღოს და დემოკრატიული სახელმწიფოს ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა მედიის თავისუფლება და ადამიანის ძირითადი უფლებები, პატივი სცეს.
მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის პირადი მიწვევით, ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრო. სამიტის მთავარი თემები ის საერთო ფასეულობები და მისწრაფებებია, რომლებიც ევროპელ ლიდერებს აერთიანებს.
სხდომის დასრულების შემდეგ, ვილფრედ მარტენსმა საქართველოს ახალ მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ამ მხრივ მიღწეული პროგრესი შეინარჩუნოს. მან კიდევ ერთხელ შეაფასა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა.
სამიტის მუშაობაში ევროკავშირის წევრი და სხვა ევროპული სახელმწიფოს ლიდერები, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროპული კომისიისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.