დავით უსუფაშვილი: გამოძიება შესაძლოა, მაღალი დონის ჩინოვნიკებამდეც მივიდეს

დავით უსუფაშვილი: გამოძიება შესაძლოა, მაღალი დონის ჩინოვნიკებამდეც მივიდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი მლადენოვს და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს იაცეკ მიხალოვსკის შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა  ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, საპარლამენტო ურთიერთობებზე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე და ქვეყანაში მიმდინარე კოჰაბიტაციის პროცესზე ისაუბრეს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, სტუმრებს დეტალურად გააცნო, თუ რა კეთდება პარლამენტში იმისთვის, რომ ის მართლაც მნიშვნელოვან და სერიოზულ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს.

„ამისთვის ყველა პირობაა პარლამეტში - უმრავლესობა კოალიციურია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობაში არიან პირები, რომლებსაც მდიდარი გამოცდილება დაუგროვდათ როგორც საპარლამენტო, ასევე სახელმწიფო საქმიანობაში. თუ ისინი საპარლამენტო საქმეებში ჩაერთვებიან შესაძლოა, პარლამენტი საქართველოს ისტორიაში ყველაზე უკეთესი მივიღოთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, კოჰაბიტაცია მარტივი პროცესი არ არის, ამისთვის ყველა მხრიდან კეთილი ნება და საკითხების ნორმალურ რეჟიმში  გადაყვანაა საჭირო.

„სტუმრებს კიდევ ერთხელ განვუცხადე, რომ წარსულის კითხვებზე პასუხები აუცილებლად უნდა გავცეთ. ამიტომ ყველა თემა და პრობლემა, იქნება ეს კონკრეტული დანაშაულები თუ სისტემური პრობლემები, რომელიც წინა ხელისუფლებას ახასიათებდა, უნდა გაირკვეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავრჩეთ წარსულში“, - აღნიშნა  უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ცალკეული კონკრეტული საკითხების გამოძიება შესაძლოა, მაღალი დონის ჩინოვნიკებამდეც მივიდეს, ეს კი, ავტომატურად  პოლიტიკურ დევნად არ უნდა იყოს აღქმული.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: