ლევან გახელაძე ჭანტურიას გადადგომის მიზეზს არ ამხელს
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ გადადგომის შესახებ განცხადებით სამეურვეო საბჭოს უკვე მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
ამ წუთებში სამეურვეო საბჭო ჭანტურიას განცხადებას იხილავს, რომელიც საბჭოს სახელზე დღეს შევიდა.
„საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე ჭანტურიას გადაწყვეტილების მიზეზს არ აკონკრეტებს.
„მოგვიანებით გეტყვით მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია გენერალური დირექტორის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება და ამასთან დაკავშირებით, სამეურვეო საბჭოს პოზიციასაც მოგახსენებთ“, - განაცხადა გახელაძემ.
მისივე თქმით, პროცედურის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კი სამეურვეო საბჭო გია ჭანტურიას განცხადებას დააკმაყოფილებს, ახალი დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება.
„ახალი დირექტორის დანიშვნა კონკურისს საფუძველზე, მისი გამოცხადებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა უნდა მოხდეს“, - აღნიშნა გახელაძემ.
გია ჭანტურიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, რომლის დადასტურება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.