რიჩარდ ნორლანდი: მოწოდებები "საქართველო ქართველებისთვის" შესაძლოა, ძალადობაში გადაიზარდოს

რიჩარდ ნორლანდი: მოწოდებები "საქართველო ქართველებისთვის" შესაძლოა, ძალადობაში გადაიზარდოს

,,მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ნებისმიერი ადამიანის უფლება და თავისუფლება, მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ ცერემონიაში“ , - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა წინწყაროში სტუმრობისას განაცხადა.

რიჩარდ ნორლანდი წინწყაროში არსებულ ვითარებას გაეცნო და  მუსულმან მლოცველებს შეხვდა, რომლებმაც სოფლის ერთ-ერთ სახლში მოწყობილ სამლოცველოში პარასკევის ტრადიციული ლოცვა მშვიდობიანად ჩატაარეს.

 სოფელში რიჩარდ ნორლანდი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა და მას   ”საქართველოს მუსლიმთა კავშირის”  ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე მეგზურობდა. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეთანხმება მუსულმან და არამუსულმან მოსახლეობას შორის მისასალმებელია.

"ამ შეთანხმების შედეგად სოფელში მცხოვრებ მუსულმანთა თემს მიეცემა საშუალება,   პარასკევის ლოცვაში მიიღოს მონაწილეობა. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რელიგიური თავისუფლების თემა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ინციდენტს ჰქონდა ადგილი როგორც წინწყაროში, ასევე სოფელ ნიგვზიანში. ეს ფაქტი შეშფოთებას იწვევს და რადიკალური მოწოდებები "საქართველო ქართველებისთვის" შესაძლოა, გახდეს იმის საფუძველი, რომ ვითარება კონტროლიდან გავიდეს და ძალადობაში გადაიზარდოს. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ნებისმიერი ადამიანის უფლება და თავისუფლება, მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ ცერემონიაში", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე თქმით, ის მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლითაც ხაზი გაესვა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის აუცილებლობას. როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის პრინციპი  რელიგიურ თემატიკას სცდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: