წალკის გამგეობასთან აქცია უშედეგოდ დასრულდა
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან საპროტესო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. დღეს დილიდან წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავდა.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, თანამდებობა დაეტოვებინა წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით მაჩიტიძეს და ასევე, საკრებულოს სხვა წევრებსაც.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეები გამგეობის შენობაში შევიდნენ და საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტიც დაიკავეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ შენობას მანამდე არ დატოვებდნენ, სანამ საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები თანამდებობებს არ დატოვებდნენ. მოგვიანებით კი, აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა დატოვეს. ამ დროისთვის წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან სიმშვიდეა.
დღესვე, ჩაიშალა სხდომა, რომელიც 14:00 საათზე იყო დაგეგმილი. სხდომაზე საკრებულოს უნდა დაეკმაყოფილებინა წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარის, მიხეილ ცქიტიშვილის განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.