სტრასბურგში ქართული ფილმების კვირეული გაიხსნება
სტრასბურგში, 16 დეკემბერს ქართული ფილმების კვირეული გაიხსნება. საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში აცხადებენ, რომ 2012 წლის 16-22 დეკემბერს ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, კვირეული სტრასბურგის კინოთეატრ "ოდისეაში” გაიმართება.
პროგრამის ფარგლებში, კინომოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ საქართველოს მიერ წარმოებული თანამედროვე ფილმები, ასევე ქართული კინოკლასიკა.
კვირეული 16 დეკემბერს, 18:00 საათზე ოთარ იოსელიანის ფილმით გაიხსნება. გახსნაზე აუდიტორიის წინაშე სიტყვით ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი გამოვა.
ოთარ იოსელიანის "გიორგობის თვის" გარდა კვირეულში რეჟისორ ელდარ შენგელაიას - "ცისფერი მთები", გიორგი ოვაშვილის - "გაღმა ნაპირი" , კოტე მიქაბერიძის - "ჩემი ბებია" და სხვები მიიღებენ მონაწილეობას.
კინოთეატრი "ოდისეა" XX საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული. მისი პროგრამა დღემდე შედგენილია ფილმებისგან, რომლებიც მაღალი მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა.