აურზაური თვითმმართველობებში და შეშფოთებული მსოფლიო
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ხმამაღლა აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესები "ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციურია". იგი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მთავრობამ ამაზე დროული რეაგირება უნდა მოახდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა შეიძლება ჩიხში შევიდეს!
პოლიტოლოგის აზრით, ამ პროცესებს დასავლეთი უკვე ნეგატიურ შეფასებას აძლევს, რაც საბოლოო ასახვას ქვეყნის იმიჯზეც ჰპოვებს.
ის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებმა არანორმალური ხასიათი მიიღო, მტკიცებას არ საჭიროებს _ არ შეიძლება სხვას ძალადობის დემონსტრირებაზე უკიჟინო და თვითონ იგივე გაიმეორო.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ადგილებზე არსებული დაპირისპირება უფრო "ქართული ოცნების" ადგილობრივი აქტივისტების პრეტენზიებითაა გამოწვეული _ ისინი კოალიციის მხადაჭერის სანაცვლოდ სამუშაოს ითხოვენ _ აქედან ზოგი გამგებლობას უმიზნებს, ზოგი საკრებულოს თავმჯდომარეობას, ზოგი რას და ზოგი რას. ისინი მიიჩნევენ, რომ რადგან წინასაარჩევნოდ ივანიშვილის მხარდაჭერით სასწორზე დებდნენ თავიანთი და თავიანთი ოჯახების მომავალს _ ახალი ხელისუფლება ვალდებულია მათი მოთხოვნები გაითვალისწინოს და დაასაქმოს. რაც შეეხება "ნაციონალების" მხარდამჭერ საჯარო მოხელეებს, "ოცნების" აქტივისტთა აზრით, "მათი ადგილი იქ არ არის, რადგან ახალი ხელისუფლება მოვიდა"!
პრობლემას რამდენიმე კუთხით უნდა შევხედოთ:
პირველი: ადგილობრივი თვითმმართველობები გარკვეული დროით (2014 წლამდე) არიან არჩეულები და დემოკრატიული პრინციპებიდან (ამასთან, კონსტიტუციის მოთხოვნებიდან) გამომდინარე, მათ თავიანთი ვადა უნდა დაასრულონ.
მეორე: ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი სტრუქტურები მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტიის სამსახურში იდგნენ და მათ ნებისმიერ მოთხოვნას უსიტყვოდ ასრულებდნენ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის გადამწყვეტი იყო ადგილობრივი თვითმმართველობების როლი ნებისმიერი არჩევნების გაყალბებაში _ რა თქმა უნდა, "ნაციონალების" სასარგებლოდ. ამასთან, როგორც ცენტრში, ასევე ადგილობრივ (რეგიონალურ) დონეზე საჯარო სამსახურებში "მწვანე შუქი" მხოლოდ "ნაციონალების" აქტივისტებს (მხარდამჭერებს) ჰქონდათ ანთებული და მავანის და მავანის პროფესიონალიზმი და გამოცდილება არავის აინტერესებდა.
აქედან გამომდინარე, მათ, ვინც "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში კუთხეში იყო მიყენებული, ამბიცია გაუჩნდათ, ახალმა ხელისუფლებამ დააფასოს მათი დამსახურება "რევოლუციურ" ცვლილებაში და ახლა თავად დაიკავონ ის ადგილები.
მესამე: მართალია, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება, ანუ რეგიონები ისევ პრეზიდენტის განკარგულებაში დარჩა, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის ახალ უმრავლესობას კოორდინირებული მართვის თვალსაზრისით _ პრემიერი დღემდე ვერ აკონტროლებს რეგიონებს, რაც არ გამორიცხავს ადგილებზე წინასწარ ჩადებული "ნაღმის" მოულოდნელად აფეთქებას!
მეოთხე: ადგილებზე სიტუაციას ართულებს ისიც, რომ საკრებულოში უმრავლესობას ისევ "ნაციონალები" შეადგენენ და რაც არ უნდა ამტკიცოს "ქართულმა ოცნებამ", რომ ზეწოლას ადგილი არა აქვს, მაინც არავინ დაიჯერებს, მით უმეტეს აშკარა დაპირისპირების ფაქტები რამდენიმე რაიონში უკვე დაფიქსირდა. მართალია, არიან ისეთებიც, რომლებმაც "გაცისფრება" მოინდომეს, მაგრამ ამას, ჯერჯერობით, მასშტაბური ხასიათი არა აქვს.
წესით და კანონით, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა თავიანთი ვადა უნდა დაასრულონ. ამით კონსტიტუციის ელემენტარული ნორმა იქნება დაცული. ამასვე ითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც ადგილებზე ზეწოლას ქვეყნის დემოკრატიული კურსიდან გადახვევად ნათლავენ _ ისინი მიიჩნევენ, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით მოსულმა ხელისუფლებამ მართვის ავტორიტარული მეთოდები არ უნდა დაუშვას და პრობლემები არც თვითმმართველობებს უნდა შეექმნათ.
"ნაციონალები" ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ზეწოლის მეთოდებად გამოყენებულია მუქარა _ თუ გამგებლები ვადაზე ადრე თანამდებობებს არ დატოვებენ, იქ სახელმწიფო აუდიტი შევა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. შეიძლება არც უმაგისობა იყოს, მაგრამ სხვა რა გამოსავალი რჩება ახალ უმრავლესობას, რომელმაც სახელმწიფოს მართვაზე პასუხისმგებლობა აიღო?!
რაც უნდა უსიამოვნოდ მოსასმენი იყოს, ორხელისუფლებიანობის რეციდივებს საქართველო ვერ ასცდა და მით უფრო დამანგრეველი იქნება შედეგები, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება იგი.
მიხეილ სააკაშვილი იანვარში გადადგომას რომ არ აპირებს, ცხადია. "ივერიონი" უკვე წერდა, რომ კულუარული ინფორმაციით, მისი პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენა შეთანხმებულია საერთაშორისო დონეზე. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაც რომ იყოს, არაფრით არ უნდა დავუშვათ, რომ მას ადგილობრივ თვითმმართველობებზე კონტროლი დარჩეს!
ერთი რამ უდავოა, ახალ უმრავლესობას ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საჯაროდ უნდა დაეფიქსირებინა: მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილება 2014 წლამდე გრძელდებოდა, მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები უნდა შეცვლილიყვნენ. თუ კონსტიტუციის მოთხოვნაზე იქნებოდა აპელირება, "ქართულ ოცნებას" ჰქონდა კოზირი განეცხადებინა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ანტიკონსტიტუციური იყო და იგი მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებზე იყო მორგებული. ამასთან, უნდა გაცხადებულიყო ისიც, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების გაგრძელება 2013 წლის ოქტომბრამდე (მას 2013 წლის იანვარში უსრულდება საკონსტიტუციო ვადა), ავტომატურად არ ნიშნავდა იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებიც მის განკარგულებაში დარჩენილიყო. კიდევ ერთი კოზირია ისიც, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთმმართველობის პერიოდში ყველა დონის არჩევნები ტოტალური გაყალბებითა და აშკარად ძალისმიერი მეთოდებით მიმდინარეობდა და იგი არ გამოხატავდა ამომრჩევლის ინტერესებს.
უნდა გაცხადებულიყო ისიც, რომ თუ პრეზიდენტი და დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიცია, ანუ "ნაცმოძრაობა" აღნიშნულ მოთხოვნას _ გამგებლების და საკრებულოს თავმჯდომარეების უპირობო გადადგომას მხარს არ დაუჭერდა. უნდა დაენიშნა ვადამდელი თვითმმართველობის არჩევნები.
რაც არ უნდა გვიკიჟინონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დასავლელმა ბოსებმა, რომ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ექმნება, რომელ დემოკრატიაზე და კონსტიტუციის დარღვევაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ახალ უმრავლესობას ხელ-ფეხი შეკრული აქვს ადგილებზე სიტუაციის გასაკონტროლებლად?
აქვე უნდა გავიხსენოთ "ნაციონალების" ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურის განცხადება, რომ რადგან რეგიონებში გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების შეცვლის პროცესი დაიწყო, პასუხისმგებლობა ყველაფერზე "ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს. დიახ, ყველა მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობა ისედაც ივანიშვილის მთავრობას ეკისრება და ის ვალდებულია, მართვის ყველა ბერკეტი ჩაიგდოს ხელში, რაც არ უნდა დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდეს იგი. ეს უნდა მოხდეს არა დაშინებისა და ხელის გადაგრეხვის პოლიტიკით, არამედ გაცხადდეს ხმამაღლა, ოფიციალურად. იგივე უნდა ავუხსნათ ჩვენს დასავლელ მეგობრებსაც, რომლებიც ახალ ხელისუფლებას ოპოზიციის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ. აქედან გამომდინარე, თავის მართლების რეჟიმში კი არ უნდა გადავიდეთ, არამედ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ორხელისუფლებიანობის პირობებში, მით უმეტეს, ცენტრისა და რეგიონის შეთანხმებული თანაარსებობის გარეშე, ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება შეუძლებელია. თუ ესეც არ იქნება საკმარისი, მაშინ მათი კრიტიკა საშინაო საქმეებში ჩარევად უნდა დაკვალიფიცირდეს!
თუმცა, გააჩნია, რა უნდა ახალ ხელისუფლებას, ვის დაკვეთებსა თუ დავალებებს ასრულებს იგი _ საკუთარი ხალხის (საკუთარი ამომრჩევლის), თუ იმ საერთაშორისო ძალების, რომლებმაც მას ხელი არ შეუშალეს არჩევნებში გამარჯვებაში?
ობიექტურობა მოითხოვს ითქვას ისიც, რომ საკრებულოს თავმჯდომარეებისა და გამგებლების გადაყენების დღევანდელი პრაქტიკა მიუღებელია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის _ კატა-თაგვობანას თამაშს სჯობს, ახალმა ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური ნება ოფიციალურად გამოხატოს და თვითმმართველობების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა სახელმწიფოებრივი ინტერესით გაამართლოს!
აქვე ცნობილი მწერლისა და პუბლიცისტის, აწ განსვენებულ ვლადიმერ ალფენიძის სიტყვების "არ მაინტერესებს, რას იტყვის ბუტროს-ბუტროს გალი, მთავარია, რა დღეში მყავს ჩემი ოჩამჩირე" პერიფრაზით დავამთავრებ: ნუ მივაქცევთ ყურადღებას თითიდან გამოწოვილ კრიტიკას, თუ იგი საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს!
ზაურ ნაჭყებია