ეგვიპტეში ისევ აქციებია
კონსტიტუციის პროექტის შესახებ რეფერენდუმის დაწყების წინ ეგვიპტეში ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები დემონსტრაციებს აწყობენ.
რეფერენდუმისთვის ხმის მიცემის პროცესი კაიროში შაბათს დაიწყება. კანონპროექტისთვის ხმის მიცემა ალექსანდრიის კიდევ რვა პროვინციაში იქნება შესაძლებელი. ქვეყნის მეორე ნახევარი კი კონსტიტუციას ერთი კვირის შემდეგ უყრის კენჭს.
რეფერენდუმის წინ ათი ათასობით პოლიციელი და სამხედროა მობილიზებული. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც პრეზიდენტ მუჰამედ მურსის მოკავშირეები უჭერენ მხარს, ზედმეტად ისლამისტურია.
მთავარი ოპოზიციური ძალა „ეროვნული გადარჩენის ფრონტი“ ამომრჩეველს მოუწოდებს, რეფერენდუმზე კონსტიტუცია უარყოს, თუმცა ბოიკოტის გამოცხადებისგან თავს იკავებს.
ამ საკითხზე უთანხმოებას ეგვიპტეში ბოლო სამი კვირის განმავლობაში თან სდევს ძალადობა, პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. დაიღუპა სულ მცირე რვა ადამიანი.
პრეზიდენტი მუჰამედ მურსი, ოპოზიციასთან კომპრომისზე წავიდა და გააუქმა ნოემბერში მიღებული ბრძანება, რომელიც მას მნიშვნელოვნად უზრდიდა უფლებამოსილების მასშტაბს.