მამუკა არეშიძე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილმა გადაწყვეტილება „ზონდაჟის“ გარეშე მიიღო!
რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელ - ზურაბ აბაშიძეს შორის მოლაპარაკებებით დაიწყო. რუსეთმა მოულოდნელად მზაობა გამოაცხადა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტისა და ავიარესისების აღდგენაზე. რა თქმა უნდა, ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ ეკონომიკურ სფეროს ეხება, მაგრამ ეს ფაქტიც კი საქართველოს დასავლელ მეგობრებში გაღიზიანებას იწვევს. „რუსეთთან პარტნიორობა საქართველოს აშშ-ს მეგობრობის დაკარგვად დაუჯდება“,- განაცხადა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტის ჯიმი კარტერის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკიმ.
„ივანიშვილი ერთგვარ ვა-ბანკზე წავიდა, როცა მან რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების დარგში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა ზურაბ აბაშიძის სახით“, - ეს სიტყვები კი ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს ეკუთვნის.
„ივერიონი“ რუსეთ-საქართველოს შორის განახლებული ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
მისი აზრით, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, კერძოდ კი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.
- ბატონო მამუკა, თქვენ განაცხადეთ, რომ ივანიშვილი ვა-ბანკზე წავიდა, როცა რუსეთთან სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა ზურაბ აბაშიძის სახით. რა იგულისხმეთ კონკრეტულად სიტყვა „ვა-ბანკში“?
- მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილმა წინასწარი მასშტაბური „ზონდაჟის“ გარეშე გადადგა ეს ნაბიჯი.
- თქვენი აზრით, როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველომ, რა არჩევანი აქვს მას?
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას, რომელიც აბაშიძესა და კარასინს შორის შედგა. კონკრეტულად კი, ქვეყნის გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ვგულისხმობ რასმუსენის განცხადებას, რომელმაც ნატოს წევრ ქვეყნებს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდისკენ მოუწოდა. ასევე ვგულისხმობ პუტინის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის არმიას სხვა ტიპის ამოცანები უჩნდება და როგორც საჭიროა, ისე უნდა დაიხარჯოს თანხები რუსეთის არმიის გაძლიერებაზე. ვგულისხმობ ბევრ სხვა გეოპოლიტიკურ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია სირიის, ირანის, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებთან. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოვლენები დინამიურად და მალე ვითარდება. შეიძლება აქედან დასკვნების გაკეთება, თუ როგორი გეოპოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველომ რუსეთთან. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს კონფრონტაციული პოლიტიკა.
- რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგება დასავლელი მეგობრების მხრიდან გაღიზიანებას იწვევს. მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიეთობის დალაგება ამერიკის მეგობრობის ფასად დაუჯდებაო. რა კომენტარს გააკეთებდით ამ საკითხთან დაკავშირებით?
- ბზეჟინსკის ასეთი ტიპის განცხადებას მე არ მივესალმები და რამდენადაც ვიცი, მას ასეთი რამე არ უთქვამს. მან განაცხადა, რომ ეს ფაქტი თავისთავად არ არის სასიამოვნო ამერიკისთვის, რადგან რუსეთ-საქართველოს განსაკუთრებული დაახლოება არ არის დასავლეთისთვის მისასალმებელი. მე მესმის ბზეჟინსკის, ის არის კერძო პირი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ძალიან სერიოზული ექსპერტია და მის სიტყვებს ყურს უგდებენ გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები. მე ამ შემთხვევაში, ყველაზე ნიშანდობლივად და გასაგებად მიმაჩნია ჰილარი კლინტონის განცხადება, რომელმაც პირდაპირ გვაგრძნობინა, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების წინააღმდეგი დასავლეთი არ არის. თუმცა საქართველო არ უნდა შევიდეს რუსეთთან არანაირ ალიანსში, იგულისხმება ევრაზიული სივრცე, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების ნებისმიერი სისტემა. მოკლედ, საქართველო უნდა იყოს რუსეთის არა მოკავშირე, არამედ პარტნიორი. მხოლოდ ასეთ ფორმულას მიიღებს დასავლეთი. დასავლეთს ძალიან დიდი ფული აქვს ჩადებული სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში, მათ შორის, იმ ენერგო სტრუქტურებშიც, რომლებიც სამხრეთ კავკასიაზე გადის.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორ პოლიტიკას ატარებს საქართველო საგარეო ურთიერთობის თვალსაზრისით?
- ხელისუფლებამ პოლიტიკის წარმოება ჯერ სულ რამდენიმე კვირაა რაც დაიწყო. თუმცა უკვე დაშვებულია ერთი სერიოზული შეცდომა - ლობისტიური კომპანიების მუშაობის გაჩერება. თუმცა ნამდვილად აქვს გარკვეული წარმატებები, თუნდაც ის, რომ გარღვევა მოხდა რუსულ-ქართულ ურთიერთობაში.
საგარეო პოლიტიკის ერთი ნაწილია ის, რომ ამდენი დროის გასვლის მიუხედავად, მსოფლიოს მსხვილი პოლიტიკური ფიგურები საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებისგან მაინც თავშეკავებას ამჯობინებენ. ეს არ არის ცუდი. ოღონდ იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცები უარყოფითად არიან განწყობილები. ეს თავისთავად საინტერესო ფაქტია და კარგ სასტარტო მდგომარეობას ქმნის.
სულ სხვა საკითხია, უცხოურ პრესაში გაჩენილი დღევანდელი ხელისუფლების ქმედების წინააღმდეგ უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება. ეს ის შემთხვევაა, როცა ქართული საზოგადოებისა და უცხოელი ექსპერტების აზრი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს ერთი. მეორე, ეს არის შედეგი იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლების ლობისტურმა კომპანიებმა თავის დროზე მუშაობა შეაჩერეს.
ესაუბრა ნინო ახალკაცი