მიხეილ სააკაშვილი: 2013 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება

მიხეილ სააკაშვილი: 2013 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის მერს რონალს რიესს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობა და საერთო ევროპული ფასეულობები იყო.

შეხვედრისას, ქალაქის მერმა სტრასბურგში წინასაახალწლოდ მიმდინარე საქართველოს დღეების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ფრანგი ხალხი დიდ პატივს სცემს ქართულ კულტურას და შესაბამისად, საკმაოდ დიდია ინტერესი ყველა იმ კულტურული ღონისძიებების მიმართ, რომლებსაც ამ დღეებში სტრასბურგი მასპინძლობს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ქალაქის მერთან სტრასბურგის საახალწლო ბაზრობასაც ეწვია, სადაც წელს ქართული პროდუქციაა გამოფენილი.

საახალწლო ბაზრობის დათვალიერების  შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა სტრასბურგში საქართველოს კულტურის დღეების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა და იმ ისტორიულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიულად გამართული არჩევნების შედეგად, მომავალ წელს ევროინტეგრაციის მხრივ ეძლევა.

„2013 წელი საქართველოსთვის ისტორიული იქნება, თუ მოცემულ შესაძლებლობას სწორად გამოვიყენებთ, თუ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში გარკვეულ კორექტირებას  მოვახდენთ. პრაქტიკულად, ყველაფერი მზად იყო და არჩევნების გამართვის მეთოდმა ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი სტრასბურგში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დონეზე და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: