ირაკლი ოქრუაშვილი: სააკაშვილის დროინდელ საქართველოში დავბრუნდი?!

ირაკლი ოქრუაშვილი: სააკაშვილის დროინდელ საქართველოში დავბრუნდი?!

"უბრალოდ, სახლში დაბრუნება მსურდა და მეტი არაფერი. ქართველებს ნოსტალგია განსაკუთრებული დოზით გვაწუხებს და თანაც, აკრძალული ხილი გაცილებით სასურველია ადამიანისთვის", - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


ოქრუაშვილის თქმით, მან წინასწარვე იცოდა, რომ მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებაზე ვაჭრობა გაიმართებოდა და ამაზე იმედებს არც ამყარებდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამუდმებით იმას აცახდებს, რომ საქართველოში დაბრუნების ერთადერთი მიზეზი ქვეყნის სიყვარული და ნოსტალგია იყო, გარდა ამისა, პირად საკითხებზეც საუბრობს და ინტერვიუში საინტერესო დეტალებსაც ამხელს:


"ჩემი შვილი უკვე 5 წლის არის, საფრანგეთში დაიბადა და საქართველო თვალით არ უნახავს. ბოლო დროს, ქართული საუბარი უკვე ფრანგული აქცენტით დაიწყო და ეს ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. გარდა ამისა, გაზაფხულზე ოჯახში მატებას ველოდებით და გადავწყვიტე, რომ რაც მალე დავბრუნდებოდი საქართველოში და პრობლემებს მოვაგვარებდი, მით უფრო მალე შეძლებდა ჩემი ოჯახიც სამშობლოში დაბრუნებას", - ამბობს ოქრუაშვილი.


ის ასევე საუბრობს მის მოლოდინებზე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და იმ სიტუაციაზე, რაც რეალურად დახვდა.


"როდესაც დაბრუნების გადაწყვეტილებას ვიღებდი, გაცილებით ოპტიმისტური დამოკიდებულება მქონდა, რაც გავლენას იქონიებდა ჩემი და ჩემი მეგობრების საქმის განხილვაზე. დაბრუნების შემდეგ შეხება მქონდა პოლიციასთან, მოსამართლეებთან და საპარლამენტო კომიტეტის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც პოლიტპატიმართა სიას განიხილავდნენ. თუ აეროპორტში სამართალდამცავებთან და სასჯელაღსრულების თანამშრომლებთან ურთიერთობას არ ჩავთვლი, რაც აშკარად გამოსწორებულია, შთაბეჭდილება მრჩება, რომ სააკაშვილის დროინდელ საქართველოში დავბრუნდი", - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.


ოქრუაშვილი ეკა ბესელიას მიერ პოლიტპატიმართა სიიდან მისი და მისი მეგობრების ამოღებას ცინიზმად აფასებს. ის პროკურატურაში არსებულ მდგომარეობას სამწუხაროს უწოდებს, რადგან, მისი თქმით, იქ არც არაფერია ამ დრომდე შეცვლილი, ყოველ შემთხვევაში, მათ საქმეებთან დაკავშირებით.


ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნებისთანავე, გავრცელდა მოსაზრებები, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი "ოქროს მოწმეა" რობაქიძის, ზურაბ ჟვანიას, ბადრი პატარკაციშვილისა და სხვათა გაუხსნელ საქმეებში, მაგრამ ოქრუაშვილი აცხადებს, რომ არც ერთ საქმეზე ღიად საუბარს არ აპირებს. სჯობია, ყველა ამ საქმეზე პროკურატურამ იმუშაოს და თუ მას პროკურატურაში რამეს ჰკითხავენ, აუცილებლად უპასუხებს.


ირაკლი ოქრუაშვილი მომავალში არ აპირებს ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რადგან მიაჩნია, რომ ივანიშვილის მთავრობას მასთან თანამშრომლობის აუცილებლობა არ გააჩნია და ამასთან დასძენს:


"ჩემთვის წინა ხელისუფლება სრულიად მიუღებელი იყო და შესაბამისად, ნებისმიერი ახალი მისაღებია. ბევრ სფეროში სიტუაციის შესაცვლელად ცოტა დრო აქვთ, არა იმის გამო, რომ სააკაშვილის რევანშია მოსალოდნელი, არამედ იმიტომ რომ, ჩვენი ხალხი მალე ივიწყებს ყოველ მონაპოვარს და ახალს და ახალს გვთხოვს ყოველ ექვსთვიან თუ ერთწლიან ციკლში.  ამ სიტუაციაში მე "შოკური თერაპიის" მომხრე ვარ, მაგრამ ვნახოთ, რამდენად ეფექტური იქნება მათი განსხვავებული მიდგომა", _ ამბობს ექს-დავდაცვის მინისტრი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: