ჯონდი ბაღათურია: ნაახალწლევს სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ უნდა იყოს
"ჩვენ არ უნდა დავუშვათ, "ქართული ოცნებისგან" ჩამოვაყალიბოთ ახალი "ნაციონალური მოძრაობა", ამ განცხადებას "ქარული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აკეთებს.
მისი განმარტებით, "ქართულ დასს" დაუგროვდა სერიოზული გამოცდილება, რომელიც სურს, გამოიყენოს. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, როგორც ბაღათურია ამბობს, შენიშვნები პარლამენტის მიმართაც დაუგროვდათ. "ობიექტურ კრიტიკას იწვევს ბევრი საკითხი. მაგალითად, პარლამენტმა უნდა დააჩქაროს სასამართლო რეფორმა და საკადრო ცვლილებები სასამართლოში. ასევე წინა პლანზე უნდა წამოწიოს საპენსიო რეფორმა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით გამოითქვა ვერსია, რომ პენსიის გაზრდა გამოიწვევს ქვეყანაში ინფლაციას, რასაც არ ვეთანხმებით. გამოდის, დანარჩენ მსოფლიოს ქართველების დასახმარებლად უნდა მივმართოთ, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა", _ აცხადებს ბაღათურია.
"არც თუ ისე დიდი ხნის წინ, პროკურატურაში შევიტანეთ მტკიცებულებების 187-გვერდიანი პაკეტი მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. პრეზიდენტი ნაახალწლევს უნდა იყოს გადამდგარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ აქციებს მოთხოვნით, პრეზიდენტის გადადგომის შესახებ", _ ამბობს "ქართული დასის" ლიდერი.