მიხეილ სააკაშვილი: ევროპასთან შეერთების სურვილს წინ ვერაფერი აღუდგება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში თვითმმართველობის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, განსაკუთრებულ მადლობას სტრასბურგის მერს როლანდ რიესს უხდის, რომელმაც საქართველოს ევროპის უძველესი და ყველაზე პრესტიჟული საშობაო ბაზრობის მასპინძლობა შესთავაზა.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რადგან ამით ქართველებს თავისი კულტურის სხვისთვის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.
„ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჩვენსავით სჯერა ევროპის პროექტის, სტრასბურგი უფრო მეტია, ვიდრე საფრანგეთის მნიშვნელოვანი ქალაქი. სტრასბურგი ამ პროექტის გული და სიმბოლოა და კრიზისის მიუხედავად, ის დიდი პოლიტიკური ცვლილებების ქალაქია“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ყველა რეფორმა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები მიესალმებოდნენ, კორუმპირებული და ავტორიტარული პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკის, დინამიკურ და ევროპული ტიპის ღია სახელმწიფოდ გარდაქმნას ისახავდა მიზნად.
სააკაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, საქართველოს ევროპასთან შეერთების სურვილს წინ ვერაფერი აღუდგება.
„მსურს, საქართველოში მოგიწვიოთ, რათა ჩვენი ქვეყანა ნახოთ და დარწმუნდეთ, თუ რაოდენ დიდია ევროპის იდეალი დღეს, როგორ აერთიანებს ევროპის პროექტი იმ ხალხთა ოცნებებსა და ენერგიას, რომლებიც ცხოვრობენ ევროკავშირის გარშემო. მსოფლიოში დღეს ვერ ვხედავ ვერც ერთ სხვა პროექტს, რომელსაც ასეთი მიზიდულობის ძალა ექნებოდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მისიონერების დროიდან მოყოლებული, საფრანგეთი ჩვენი ქვეყნის დიდი მოძმე ქვეყანაა.
პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთი ამას ყოველდღიურად ამტკიცებს, როდესაც საქართველოს ევრო და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს.
„საფრანგეთში არ არსებობს ჩვენთვის უფრო სიმბოლური და გულთბილი ადგილი, ვიდრე სტრასბურგია. ეს არის ქალაქი, რომელმაც უამრავი სისხლისმღვრელი ბრძოლა გადაიტანა, ვიდრე ჩვენი კონტინენტის მშვიდობისა და თავისუფლების სიმბოლო გახდებოდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ჩვენ, როგორც ევროპული სახელმწიფო, სტრასბურგში ისე ვგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ სახლში.