სოზარ სუბარი: საქართველოს უმთავრესი პრობლემა გადატვირთული ციხეებია

სოზარ სუბარი: საქართველოს უმთავრესი პრობლემა გადატვირთული ციხეებია

სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი შემადგენლობით  შეიკრიბა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ხოლო თანათავმჯდომარე  სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარია.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობა სახალხო დამცველმა, სხვადასხვა უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

თეა წულუკიანის განცხადებით, ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ, აღნიშნული საბჭოს მუშაობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ ომბუდსმენი საკოორდინაციო საბჭოს სრულუფლებიანი წევრი  გახდა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფებში  აქტიურად  იქნებიან  ჩართულები ადვოკატთა ასოციაციის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„მუშაობას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით განვახორციელებთ. მათ შორის, შევინარჩუნებთ და გარდავქმნით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, მოხდება საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გარდაქმნა, შევცვლით დაზარალებულის როლს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და სხვა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, საქართველოში სისხლის სამართლის რეფორმირება რეალურად მოახდინოს და ის ევროპულ სტანდარტებს გაუთანაბროს,  რაც წინა ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ იყო.

თავის მხრივ, სოზარ სუბარმა იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომელსაც აღნიშნული საბჭო მისი უწყების მიმართულებით შეიმუშავებს.

„საქართველოს უმთავრესი პრობლემა გადატვირთული ციხეებია, თუმცა ამას შეკრებითობის  წესის შეცვლა, სასამართლო სისტემის რეფორმირება და პირობით ვადამდე გათავისუფლება თავისთავად მოხსნის. პენიტენციალურ სისტემაში ყველაზე სწრაფად მისახედი თემა ჯანდაცვაა და ამ საბჭოს ფარგლებში ამაზეც ვიმუშავებ“, - აღნიშნა სუბარმა.

სამუშაო ჯგუფი საბჭოს ფარგლებში არსებული ორგანოა, რომელიც შეხვედრებს რეგულარულად მართავს. საბჭოს მორიგი შეკრება მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: