სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების სისტემის ჰუმანიზაციას იწყებს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.
მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემა ყველაზე არასწორად და მძიმედ აწყობილი იყო.
მინისტრის აზრით, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს სისტემის ჰუმანიზაციაა, რომელიც წესრიგთან იქნება ასოცირებული.
სუბარმა სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ პოზიტიურ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გამარტივდება მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან პაემნები, ასევე გამოსწორდება პატიმრების კვებასთან არსებული პრობლემები და ორჯერ გაიზრდება ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხები.
ჟურნალისტებთან საუბრისას, მინისტრი შეეხო ირაკლი ოქრუაშვილისა და კიდევ რამდენიმე პატიმრის მიერ შიმშილობის გამოცხადებას. მისი ინფორმაციით, პატიმრების პოლიტპატიმართა სიიდან მათ ამოღებას აპროტესტებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა განცხადებით, მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების სისტემის გამჭვირვალობა და მასში საზოგადოების ჩართულობა.